ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები | მკურნალი.გე
  1. ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები

ღვიძლიდან ნაღველი გამოედინება ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარებით, რომლების შეერთებით იქმნება ღვიძლის საერთო სადინარი. ეს უკანასკნელი უერთდება ნაღვლის ბუშტიდან გამომავალ სადინარს – ნაღვლის ბუშტის სადინარს. ამ შეერთების შედეგად იქმნება ნაღვლის საერთო სადინარი. პანკრეასის სადინარი უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს ამ უკანასკნელის თორმეტგოჯა ნაწლავთან მიერთების ადგილზე, ოდის სფიქტერთან ახლოს.

საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში ნაღველი გროვდება ნაღვლის ბუშტში, ნაწლავებში მისი მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩაედინება. საკვების თორმეტგოჯაში მოხვედრა დასაბამს აძლევს ჰორმონულ და ნერვულ სიგნალებს, რაც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და, ამის შედეგად, ნაღვლის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლას იწვევს, სადაც ის საკვებს შეერევა.

ნაღველს აქვს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია, სახელდობრ, ცხიმების მონელება და შეწოვისთვის ხელშეწყობა; ორგანიზმიდან ზოგიერთი ნარჩენი პროდუქტის, განსაკუთრებით, ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოშობილი ჰემოგლობინის და ქოლესტეროლის ჭარბი რაოდენობის გამოყოფა. გარდა ამისა:

  • ნაღვლის მჟავების მარილები ზრდის ქოლესტერინის, ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ხსნადობას და ხელს უწყობს მათ შეწოვას;

  • ნაღვლის მჟავების მარილები ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის მიერ წყლის სეკრეციას, რაც ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას;

  • ბილირუბინი (ნაღვლის მთავარი პიგმენტი) გამოიყოფა ნაღველში როგორც ერითროციტების დაშლის ნარჩენი პროდუქტი და განავლის მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობას განაპირობებს;

  • წამლები, სხვა ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ გამოიდევნება ორგანიზმიდან;

  • ნაღველში გამოიყოფა სხვადასხვა ცილა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაღვლის შეწოვითი ფუნქციის განხორციელებაში;

ნაღვლის მჟავების მარილები ხელახლა შეიწოვება წვრილი ნაწლავის ბოლოში, გამოიყოფა ღვიძლიდან და ხელმეორედ გადადის ნაღველში. ამ პროცესს ენეტეროჰეპატური ცირკულაცია ეწოდება. ნაღვლის მჟავების მარილები სხეულში დღე-ღამეში 10-12-ჯერ ცირკულირებს. ამ პროცესში მარილების მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც ბაქტერიების ზემოქმედებით სხვადასხვა კომპონენტად იშლება. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი ისევ შეიწოვება, დანარჩენი კი განავალთან ერთად გამოიყოფა.