მსხვილი ნაწლავი | მკურნალი.გე
  1. მსხვილი ნაწლავი
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
მსხვილი ნაწლავი

მსხვილი ნაწლავის ნაწილებია: ბრმა ნაწლავი, ასწვრივი (მარჯვენა) კოლინჯი, განივი კოლინჯი, დასწვრივი (მარცხენა) კოლინჯი და სიგმოიდური კოლინჯი. ეს უკანასკნელი სწორ ნაწლავს უკავშირდება. ბრმა ნაწლავი, რომელიც ასწვრივი კოლინჯის დასაწყისია, წვრილი ნაწლავის მსხვილ ნაწლავში გადასვლის ადგილია. ბრმა ნაწლავიდან გამოდის ჭიანაწლავი (დანამატი), რომლიც თითის ფორმის პატარა მილია გაურკვეველი ფუნქციით. მსხვილი ნაწლავი გამოყოფს ლორწოს, აქვე ხდება განავლიდან წყლის შეწოვა.

ნაწლავის შიგთავსი თხევადია, როცა ის აღწევს მსხვილ ნაწლავს, მაგრამ სწორ ნაწლავში ის უმეტესწილად მყარია. მსხვილი ნაწლავის ბინადარი ბევრი ბაქტერია გადაამუშავებს სხვადასხვა ნივთიერებას, რის შედეგადაც აირები წარმოიქმნება. გარდა ამისა, ბაქტერიები მსხვილ ნაწლავში ხელს უწყობს ზოგიერთი ნივთიერების, მაგალითად, K ვიტამინის წარმოშობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში. ეს ბაქტერიები აუცილებელია ნაწლავების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გამოყენებისას ირღვევა ბალანსი მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს შორის, რის შედეგადაც ნაწლავი ღიზიანდება, მის სანათურში ლორწოსა და წყლის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა, რაც ფაღარათს იწვევს.