ინფექცია | მკურნალი.გე
  1. ინფექცია
  2. საყლაპავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ინფექცია

საყლაპავის ინფექცია ძირითადად იმათ შორის გვხვდება, ვისაც დაქვეითებული აქვს ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები. უხშირესი გამომწვევებია სოკოვანი ინფექცია, მარტივი ჰერპესვირუსი და ციტომეგალოვირუსი.

რამდენიმე ფაქტორი იცავს საყლაპავს ინფექციისგან, ესენია: ნერწყვი, საყლაპავის კედლის მოძრაობა (მოტორიკა) და იმუნური სისტემა. ინფიცირების რისკი აქვთ პაციენტებს, რომელთაც გადანერგილი აქვთ ესა თუ ის ორგანო ან აქვთ შიდსი, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, მალნუტრიცია, სიმსივნე, ან მოტორიკის დარღვევები. სოკოვანი ინფექცია შეიძლება აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს. მარტივი ჰერპესი ან ციტომეგალოვირუსული ინფექცია ძირითადად გვხვდება მათ შორის, ვისაც აქვს შიდსი ან გადანერგილი ორგანო, იღებს იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს.

დამახასიათებელი სიმპტომია ტკივილი ყლაპვისას (ოდინოფაგია). ზოგი პაციენტი აღნიშნავს ყლაპვის გაძნელებასაც (დისფაგია).

საყლაპავის სოკოვანი ინფექციის მქონე პირებს შორის ზოგჯერ პირის ღრუშიც აღინიშნება იმავე ინფექციის ნიშნები. როგორც წესი, პირის ღრუს დაზიანება არ უვითარდებათ იმათ, ვისაც მარტივი ჰერპესვირუსის ან ციტომეგალოვირუსული ინფექცია აქვთ. საყლაპავის ინფექციის დიაგნოზისთვის, ჩვეულებრივ, ექიმი ათვალიერებს საყლაპავს დრეკადი ზონდის მეშვეობით, რომელსაც ბოლოში კამერა აქვს დამაგრებული (ეზოფაგოსკოპია).

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ფლუკონაზოლი. პრეპარატი ინიშნება დასალევად, თუ ადამიანს უჭირს ყლაპვა – შეჰყავთ ვენაში.

მარტივი ჰერპესვირუსით ან ციტომეგალოვირუსით დაინფიცირებისას გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატების (აციკლოვირი ან განციკლოვირი) ინექცია ვენაში.