1. ობსტრუქცია
  2. საყლაპავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ობსტრუქცია

საყლაპავი შეიძლება შევიწროვდეს ან მთლიანად დაიხშოს. იშვიათ შემთხვევებში მიზეზი გენეტიკურია (მაგალითად, თანდაყოლილი რგოლები), უმეტესწილად კი – საყლაპავის დაზიანების პროგრესირება ან სიმსივნური ზრდა. საკვებმა და უცხო სხეულმაც შეიძლება დაახშოს საყლაპავი. დაზიანება, რომელიც პროგრესირებს და ობსტრუქციად ტრანსფორმირდება, უხშირესად ვითარდება წლების განმავლობაში კუჭის შიგთავსის განმეორებითი უკუდინების (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) შედეგად. დაზიანება შეიძლება განვითარდეს აბების სახით წამლების მიღებით გამოწვეული დაზიანებისას ან კოროზიული ნივთიერებების მიღების შემდეგ. გარდა ამისა, შევიწროება საყლაპავზე გარედან ზეწოლის შედეგიც შეიძლება იყოს. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, სახელდობრ: მარცხენა წინაგულის გაფართოებამ, აორტის ანევრიზმამ, პათოლოგიურად ტრანსფორმირებულმა სისხლძარღვმა (ამოუცნობი დისფაგია) ან გადიდებულმა ფარისებრმა ჯირკვალმა, ხერხემლის ძვლოვანმა გამონაზარდმა, ან სიმსივნემ – ყველაზე ხშირად ფილტვის კიბომ. შევიწროების სხვა სერიოზული მიზეზებია საყლაპავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები.

ვინაიდან ყველა ეს მდგომარეობა იწვევს საყლაპავის დიამეტრის შემცირებას, პაციენტებს, როგორც წესი, უჭირთ მყარი საკვების, სახელდობრ, ხორცისა და პურის ყლაპვა. თხევადი საკვების ყლაპვის გაძნელება ბევრად უფრო გვიან იწყება, თუკი საერთოდ განვითარდა.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის მიღების შემდეგ ტარდება შევიწროების და ობსტრუქციის მიზეზის და ადგილმდებარეობის დასადგენად. მკურნალობა და გამოსავალი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ამოუცნობი დისფაგია

ამოუცნობი დისფაგია არის დაბადებისთანავე არსებული, ანომალიურად ფორმირებული სისხლძარღვის საყლაპავზე კომპრესიით გამოწვეული ყლაპვის გაძნელება.

დისფაგია – ეს სახე თანდაყოლილი ნაკლის შედეგია. ყლაპვის გაძნელება ვლინდება მხოლოდ ბავშვობის ასაკში ან უფრო გვიან, მას შემდეგ, რაც პათოლოგიურად ფორმირებულ სისხლძარღვში დეგენერაციული ცვლილებები განვითარდება. ბარიუმით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას კომპრესია თვალსაჩინოა, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად ანგიოგრაფიაა საჭირო (რენტგენოლოგიური გამოკვლევა სისხლძარღვში კონტრასტის შეყვანის შემდეგ). პაციენტების უმრავლესობას მკურნალობა არ ესაჭიროება, მაგრამ ზოგჯერ ოპერაცია ხდება საჭირო.

საყლაპავის ტიხრები

საყლაპავის ტიხრები (აგრეთვე მოიხსენიება როგორც პლამერ-ვინსონის სინდრომი, პეტერსონ-კელის სინდრომი ან სიდეროპენიული დისფაგია) არის თხელი ნაკეცები, რომლებიც გარდიგარდმოდ იზრდება საყლაპავის ზედა მესამედის მფარავი ლოწროვანი ზედაპირიდან.

იშვიათი დაავადებაა. უმეტესწილად ვითარდება მკვეთრად გამოხატული, არანამკურნალები რკინადეფიციტური ანემიის დროს. არ არის ცნობილი, როგორ იწვევს ანემია ტიხრების განვითარებას. საყლაპავის ზედა ნაწილში ეს ტიხრები აფერხებს საკვების გადაადგილებას. დიაგნოზის დასადგენად საუკეთესო პროცედურაა რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის შემდეგ ტიხრები, ჩვეულებრივ, სწრაფად ქრება. შესაძლებელია მათი მთლიანობის დარღვევა დილატატორის ან ენდოსკოპის გამოყენებით.

საყლაპავის ქვედა რგოლი

საყლაპავის ქვედა რგოლი (აგრეთვე, მოიხსენიება, როგორც შატცკის რგოლი ან "ბ" რგოლი) ავიწროებს საყლაპავის ქვედა ნაწილს, მისი არსებობა უმეტესწილად დაბადებისთანავე აღინიშნება.

ნორმაში საყლაპავის ქვედა ნაწილის დიამეტრი დაახლოებით 3.5-5 სანტიმეტრია. მკვრივმა ქსოვილოვანმა რგოლმა დიამეტრი შეიძლება შეამციროს 1.25 სანტიმეტრამდე, რაც მყარი საკვების გადაადგილებას აძნელებს. სიმპტომები, როგორც წესი, 25 წელზე მეტი ასაკის პირებს შორის ვლინდება. ყლაპვის გაძნელება ეპიზოდურია – ხან ჩნდება და ხან ქრება, იმატებს ხორცისა და მშრალი პურის მიღებისას. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით.

საკვების გულდასმით დაღეჭვა და წყლის მიყოლება ყლუპებით სიმპტომებს შეამსუბუქებს ხოლმე. ექიმმა შეიძლება შევიწროების დასადგენად ენდოსკოპი (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) შეიყვანოს საყლაპავში პირის და ხახის გავლით ან გამოიყენოს გამაფართოებელი (ბუჟი) საკვების გამტარი გზის გასაგანიერებლად. იშვიათ შემთხვევებში შევიწროებული რგოლის გასახსნელად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.