1. წყლულოვანი კოლიტი
  2. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ვითარდება მსხვილი ნაწლავის ანთება და დაწყლულება, რაც იწვევს სისხლიან დიარეას, მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილების და ცხელების შეტევებს. სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა შორეულ პერსპექტივაში მაღალია.

  • დაავადების ზუსტი გამომწვევი უცნობია;
  • გამწვავებისას ტიპური სიმპტომებია: მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, დეფეკაციის იმპერატიული სურვილი და დიარეა (ჩვეულებრივ, სისხლიანი);
  • დიაგნოზი ეფუძნება სიგმოიდური კოლინჯის (სიგმოიდოსკოპია) ან მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას (კოლონოსკოპია) დრეკადი დასათვალიერებელი მილით;
  • პაციენტებს, რომელთაც ხანგრძლივად აქვთ წყლულოვანი კოლიტი, შეიძლება განუვითარდეთ მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • მკურნალობის მიზანია ანთების კონტროლი, სიმპტომების შემცირება და დაკარგული სითხისა და საკვები ნივთიერებების ჩანაცვლება.

წყლულოვანი კოლიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად 15-30 წლის ასაკში იწყება. პაციენტების მცირე ნაწილს დაავადების პირველი შეტევა შეიძლება 50-70 წლის ასაკში განუვითარდეს.

წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის კედლის მთელ სისქეს არ აზიანებს და იშვიათად მოიცავს წვრილ ნაწლავს. დაავადება, როგორც წესი, სწორ ნაწლავში ან სწორ ნაწლავსა და სიგმოიდურ კოლინჯში (მსხვილი ნაწლავის ქვედა ბოლო) იწყება, მაგრამ საბოლოოდ, ის, შესაძლოა მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილზე ან მთელ მსხვილ ნაწლავზე გავრცელდეს.

წყლულოვანი პროქტიტი, ანუ წყლულოვანი კოლიტი, რომელიც მხოლოდ სწორ ნაწლავს მოიცავს, წყლულოვანი კოლიტის საკმაოდ ხშირი და შედარებით კეთილთვისებიანი ფორმაა. ზოგ შემთხვევაში დაავადების ადრეულ სტადიაზე მსხვილი ნაწლავის უმეტესი ნაწილი ზიანდება.

წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, წყლულოვანი კოლიტით დაავადმყოფების განმაპირობებელი ფაქტორებია მემკვიდრეობითობა და ნაწლავის ჰიპერაქტიური იმუნური პასუხი. თამბაქოს მოხმარება, რომელიც საზიანოა კრონის დაავადებისთვის, როგორც ჩანს, ამცირებს წყლულოვანი კოლიტით დაავადების რისკს. თუმცა, სიგარეტით გამოწვეული ჯანდაცვის პრობლემებიდან გამომდინარე, სრული უაზრობაა, ვურჩიოთ ადამიანს წყლულოვანი კოლიტის განვითარების რისკის შესამცირებლად თამბაქოს მოხმარების დაწყება.

სიმპტომები

წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები დაავადების გამწვავებისას ვლინდება. გამწვავება შეიძლება დაიწყოს უეცრად, ძლიერი დიარეით (რომელიც როგორც წესი, სისხლიანია), მაღალი ცხელებით, მუცლის ტკივილითა და პერიტონიტით (მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ანთება). ასეთი გამწვავებების დროს პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამწვავება, უფრო ხშირად, თანდათანობით ვითარდება. პაციენტს აქვს ნაწლავების მოქმედების (დეფეკაციის) იმპერატიული სურვილი, მსუბუქი მოვლითი ტკივილები მუცლის ქვედა ნახევარში და განავალში ხილული სისხლი და ლორწო. გამწვავების პერიოდი გრძელდება დღეები და კვირები, შეიძლება ნებისმიერ დროს განმეორდეს.

თუ დაავადება სწორი ნაწლავით და სიგმოიდური კოლინჯით შემოიფარგლება, განავალი შეიძლება იყოს ნორმალური ან მაგარი და მშრალი; თუმცა, ნაწლავთა მოქმედებისას ან მათ შორის ინტერვალში, სწორი ნაწლავიდან გამოიყოფა ლორწოს, დიდი რაოდენობით სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების შემცველი განავალი. ავადმყოფობის ზოგადი სიმპტომი, როგორიცაა ცხელება, ან უმნიშვნელოდ არის გამოხატული, ან საერთოდ არ არის.

თუ დაავადება მსხვილი ნაწლავის ზემოთ ვრცელდება, განავალი ნაკლებად არის გაფორმებული და პაციენტს შეიძლება ნაწლავების მოქმედება დღეში 10-20-ჯერ ჰქონდეს. ხშირად პაციენტს აქვს მუცლის ძლიერი, მოვლითი ხასიათის ტკივილი, მტკივნეული სპაზმი დეფეკაციის იმპერატიულ სურვილთან ერთად. პაციენტი ღამით შვებას ვერ გრძნობს. განავალი შეიძლება იყოს წყლიანი, შეიცავდეს ჩირქს, სისხლსა და ლორწოს. ხშირად განავალი თითქმის მხოლოდ სისხლისა და ჩირქისგან შედგება. შესაძლოა ცხელება, ცუდი მადა და წონაში კლება.

გართულებები: სისხლდენა ყველაზე ხშირი გართულებაა, ხშირად იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას. წყლულოვანი კოლიტით დაავადებულთა თითქმის 10%-ში სწრაფად პროგრესირებადი პირველი შეტევა ძალიან მწვავეა და მასიური სისხლდენით, პერფორაციით ან გავრცელებული ინფექციით გამოვლინდება.

ტოქსიკური კოლიტის განსაკუთრებით მძიმე გართულება ნაწლავის კედლის მთელ სისქეს აზიანებს. ეს დაზიანება იწვევს ილეუსს – მდგომარეობას, როდესაც ნაწლავის კედლის ტალღისებური შეკუმშვები დროებით წყდება, რის გამოც ნაწლავის შიგთავსი წინ ვეღარ გადაადგილდება. აღინიშნება მუცლის შებერვა. ტოქსიკური კოლიტის დროს მდგომარეობის გაუარესებისას მსხვილი ნაწლავის კუნთის ტონუსი იკარგება და რამდენიმე დღეში, ზოგჯერ კი რამდენიმე საათში, ნაწლავი იწყებს გაფართოებას. მუცლის რენტგენოლოგიური კვლევა ნაწლავის პარალიზებულ მონაკვეთში არსებულ აირებს გამოავლენს.

ტოქსიკური მეგაკოლონის დროსმსხვილი ნაწლავი მკვეთრად ფართოვდება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – შეიძლება მაღალი ცხელება ჰქონდეს, აღინიშნება ტკივილი მუცელში, მუცლის წინა კედლის მგრძნობელობა შეხებისას მომატებულია, სისხლის თეთრი უჯრედები იზრდება. ნაწლავის გაგლეჯის შემთხვევაში სიკვდილის რისკი დიდია. თუმცა, ნაწლავის გაგლეჯამდე სწორი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, პაციენტთა 2%-ზე ნაკლები კვდება.

მსხვილი ნაწლავის კიბო: ყოველწლიურად, ავადმყოფობის ბოლო სტადიაზე, წყლულოვანი კოლიტის 100-200 შემთხვევიდან 1-ში მსხვილი ნაწლავის კიბო ვითარდება. მსხვილი ნაწლავის კიბოს ალბათობა ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც მთელი მსხვილი ნაწლავია დაზიანებული და პაციენტს წყლულოვანი კოლიტის 8 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ყოველთვის დაავადება კლინიკურად აქტიური. მათ, ვისაც წყლულოვანი კოლიტის სულ მცირე 8-წლიანი ისტორია აქვს, მიზანშეწონილია ყოველ 1-2 წელში ჩაუტარდეთ კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი მილით). კოლონოსკოპიის დროს მსხვილი ნაწლავიდან აღებული ქსოვილის ნიმუშები (ბიოფსია) მიკროსკოპიულად შეისწავლება კიბოს ადრეული ნიშნების (დისპლაზია) აღმოსაჩენად. დისპლაზიის ან თუნდაც კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას და მსხვილი ნაწლავის ნაწილის დროული ამოკვეთისას პაციენტების უმეტესობა გადარჩება.

წყლულოვანი კოლიტის დროს, ისევე, როგორც კრონის დაავადების შემთხვევაში, სხვა გართულებებიც შეიძლება შეგვხვდეს. წყლულოვანი კოლიტის შედეგად, კუჭ-ნაწლავის სიმპტომების გამწვავების დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნოს სახსრების ანთება (ართრიტი), თვალის კაკლის თეთრი გარსის ანთება (ეპისკლერიტი), კანზე ანთებითი კვანძები (კვანძოვანი ერითემა) და კანის მოლურჯო-მოწითალო ჩირქოვანი წყლულები (განგრენული პიოდერმა). განგრენული პიოდერმა, ხერხემლის (მაანკილოზებელი სპონდილიტი), მენჯის სახსრების (საკროილიიტი) და თვალშიდა ანთება (უვეიტი) პაციენტს მაშინაც შეიძლება განუვითარდეს, როდესაც წყლულოვანი კოლიტი არ იწვევს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომებს. იშვიათად ვენებში სისხლის კოლტები წარმოიქმნება.

წყლულოვანი კოლიტით დაავადებულებს, როგორც წესი, ღვიძლი ნაკლებად უზიანდებათ. თუმცა, ავადმყოფთა 1-3%-ს უვითარდება ღვიძლის დაავადება, მსუბუქად ან მძიმედ მიმდინარე ფორმა. ღვიძლის მძიმედ დაზიანებისას სახეზეა ღვიძლის ანთება (ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი), სანაღვლე გზების ანთება (პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი), ზოგჯერ შევიწროება და დახშობა, ნაწიბუროვანი ქსოვილით ღვიძლის ფუნქციური ქსოვილის ჩანაცვლება (ციროზი). სანაღვლე გზების ანთება შეიძლება გამოვლინდეს მრავალი წლით ადრე, ვიდრე წყლულოვანი კოლიტის ნაწლავისმხრივი სიმპტომები. ანთება ძალიან ზრდის სანაღვლე გზების კიბოს განვითარების რისკს და, სავარაუდოდ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკსაც.

დიაგნოზი

წყლულოვანი კოლიტისდიაგნოზი სიმპტომებსა და განავლის გამოკვლევის შედეგებს ეფუძნება. სიგმოიდოსკოპია (სიგმოიდური კოლინჯის გამოკვლევა, დრეკადი დასათვალიერებელი მილით) ადასტურებს დიაგნოზს და ექიმს ანთებითი პროცესის სიმძიმის შეფასების საშუალებას აძლევს. სიმპტომებისგან თავისუფალი დროის შუალედშიც კი, ნაწლავი იშვიათად არის სავსებით ნორმალური, მიკროსკოპიული კვლევისთვის აღებული ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევით, როგორც წესი, ქრონიკული ანთება დასტურდება. სისხლის ანალიზი არ ადასტურებს დიაგნოზს, თუმცა აღინიშნება ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების გაზრდილი რაოდენობა, ცილა ალბუმინის დაბალი დონე და ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) მომატება, რაც აქტიურ ანთებაზე მიუთითებს.

მუცლის ღრუს რენტგენით კვლევის შედეგები დაავადების სიმძიმესა და გავრცელებას გვიჩვენებს. ბარიუმის ოყნის შემდეგ რენტგენით კვლევა და კოლონოსკოპია, როგორც წესი, არ ტარდება დაავადების აქტიურ სტადიაზე. თუმცა, ზოგჯერ კოლონოსკოპია გამოიყენება მსხვილ ნაწლავში დაავადების გავრცელების ხარისხის შესაფასებლად.

პროგნოზი და მკურნალობა

წყლულოვანი კოლიტი, როგორც წესი, ქრონიკულია და გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. პაციენტთა დაახლოებით 10%-ში სწრაფად პროგრესირებადი საწყისი შეტევები სერიოზულ გართულებებს იწვევს. მხოლოდ ერთი შეტევის შემდეგ შემთხვევათა 10%-ში შესაძლებელია სრული გამოჯანსაღება. თუმცა, ვისაც მხოლოდ ერთი შეტევა ჰქონია, სავარაუდოდ, არადიაგნოსტირებული ინფექცია ჰქონდა და არა ჭეშმარიტი წყლულოვანი კოლიტი.

წყლულოვანი პროქტიტით დაავადებულ პაციენტებს უკეთესი პროგნოზი აქვთ. იშვიათია მძიმე გართულებები; თუმცა, დაახლოებით 10-30%-ში დაავადება მსხვილ ნაწლავზეც ვრცელდება (წყლულოვან კოლიტში გადადის).

მკურნალობის მიზანია ანთების კონტროლი, სიმპტომების შემცირება და დაკარგული სითხეებისა და საკვები ნივთიერებების ჩანაცვლება.

კვებითი აკრძალვები: რკინის დანამატებს შეუძლიათ ანემიის კომპენსირება, რომელიც განავალთან ერთად სისხლის დაკარგვით არის გამოწვეული. უმი ხილის და ბოსტნეულის მიღება უნდა შეიზღუდოს მსხვილი ნაწლავის ანთებითი ამომფენი შრის დაზიანების შესამცირებლად. რძის პროდუქტების დიეტიდან გამორიცხვამ შეიძლება შეამციროს სიმპტომები და, ამდენად, რეკომენდებულია, თუმცა არაეფექტურობისას არ არის მისი გაგრძელების საჭიროება.

ანტიდიარეული წამლები: შედარებით მსუბუქი დიარეის დროს გამოიყენება წამლები ანტიქოლინერგული ეფექტით (როგორიცაა ბევრი ანტიჰისტამინური საშუალება და ზოგიერთი ანტიდეპრესანტი) ან ლოპერამიდის, ან დიფენოქსილატის მცირე დოზები. უფრო ინტენსიური დიარეის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დიფენოქსილატის ან ოპიუმის ნაყენი, ლოპერამიდის ან კოდეინის უფრო დიდი დოზები. აღსანიშნავია, რომ მძიმე შემთხვევებში ამ ანტიდიარეული წამლების მიღებისას, ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გულდასმით მეთვალყურეობა.

ანთების საწინააღმდეგო წამლები: წყლულოვანი კოლიტის დროს ანთების შესამცირებლად და სიმპტომების გამწვავების პრევენციისთვის გამოიყენება ისეთი წამლები, როგორიცაა სულფასალაზინი, ოლსალაზინი, მესალამინი და ბალსალაზიდი. ეს წამლები ძირითადად დასალევია (ორალური), მაგრამ მესალამინის გამოყენება შესაძლებელია ასევე ოყნით ან სანთლის ფორმით (რექტალურად). განურჩევლად იმისა, თუ რა გზით მიიღება წამალი – ორალურად თუ რექტალურად, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადების დროს ისინი საუკეთესო, ზომიერად გამოხატულ ეფექტურობას ავლენენ, თუმცა უფრო ეფექტურია რემისიის შესანარჩუნებლად და კოლორექტული კიბოს შორეული რისკის შესამცირებლად.

კროტიკოსტეროიდებს, მაგალითად, პრედნიზონს, იღებენ ის პაციენტები, რომელთაც საშუალო სიმძიმის დაავადება აქვთ და საწოლს არ არიან მიჯაჭვული. საკმაოდ მაღალი დოზით გამოყენებული პრედნიზონი ხშირად მყარ რემისიას იწვევს. მას შემდეგ რაც პრედნიზონი ანთებით პროცესს დაარეგულირებს, გაუმჯობესების შესანარჩუნებლად ხშირად იყენებენ სულფასალაზინს, ოლსალაზინს ან მესალამინს. პრედნიზონის დოზა თანდათანობით მცირდება და ბოლოს იხსნება. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა თითქმის ყოველთვის იწვევს გვერდით მოვლენებს. როდესაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის წყლულოვანი კოლიტი შემოფარგლულია მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნაწილით (დასწვრივი კოლინჯი) და სწორი ნაწლავით, კორტიკოსტეროიდებთან ან მესალამინთან ერთად შეიძლება ეფექტური გამოდგეს ოყნის ან სანთლის გამოყენება.

თუ დაავადების მიმდინარეობა მძიმდება, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენურად სითხისა და კორტიკოსტეროიდების მიწოდება. ძლიერი რექტალური სისხლდენის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სისხლის გადასხმა.

იმუნომოდულაციური წამლები: წყლულოვანი კოლიტის დროს იმ პირებში, ვისაც რემისიის შესანარჩუნებლად კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია სჭირდებათ, გამოიყენება აზათიოპრინი და მერკაპტოპურინი. ეს წამლები აინჰიბირებს T უჯრედების ფუნქციას, რომელიც იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ ეს წამლები ნელა იწყებს მოქმედებას და მათი ეფექტი მხოლოდ 1-4 თვის შემდეგ ვლინდება. ამავე დროს, მათ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რაც ექიმის გულდასმით მეთვალყურეობას საჭიროებს.

ციკლოსპორინი ეძლევა პაციენტებს, რომელთაც აქვთ მძიმე გამწვავებები და არ ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით თერაპიას. ამ პაციენტების უმეტესობა დასაწყისში ექვემდებარება ციკლოსპორინით მკურნალობას, მაგრამ საბოლოოდ, ზოგი მათგანი ქირურგიულ ჩარევას მაინც საჭიროებს.

ინფლიქსიმაბი, რომელიც მონოკლონური ანტისხეულებიდან იწარმოება და ინტრავენურად მიიღება, ეფექტურია წყლულოვანი კოლიტის მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. წამალი გამოიყენება მაშინ, როცა დაავადება არ ექვემდებარება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ან თუ კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას კვლავ ვლინდება სიმპტომები, სხვა იმუნომოდულაციური წამლების მიღების მიუხედავად.

ქირურგია: ნაწლავის დიდ მონაკვეთზე გავრცელებული წყლულოვანი კოლიტის დროს დაახლოებით 30%-ში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა შესაძლოა აუცილებელი გახდეს მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში გამწვავების დროს, რაც ვლინდება მასიური სისხლდენით, პერფორაციით, ტოქსიკური მეგაკოლონით ან სისხლის შედედებით. გეგმური ქირურგიული ჩარევის საჭიროება იმ შემთხვევაში დგება, თუ ქრონიკული დაავადება შეუპოვრად მიმდინარეობს, რაც პაციენტის მდგომარეობას ამძიმებს ან აუცილებელი ხდება კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზის გამოყენება.

გეგმური ქირურგიული ჩარევა ტარდება მაშინაც, როდესაც დაისმება მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ან ნაწლავში აღმოჩნდება დისპლაზიური უბანი. გეგმიური ჩარევა ზოგჯერ უტარდება ბავშვებსაც, რომელთაც გამოხატული აქვთ მსხვილი ნაწლავის შევიწროება ან სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის მთლიანი ამოკვეთა საბოლოოდ კურნავს წყლულოვან კოლიტს. მუდმივად ილეოსტომით და ილესტომიური პარკით ცხოვრება (ქირურგიული გზით წვრილი ნაწლავის ყველაზე ქვედა ნაწილსა და მუცლის კედელში შექმნილ ხვრელს შორის კავშირი) ამ მეთოდის გამოყენების საფასურია. ამჟამად ხელმისაწვდომია სხვა ალტერნატიული პროცედურებიც, მათ შორის ყველაზე ხშირია ილეოანალური ანასტომოზი. ამ პროცედურის დროს ამოიკვეთება მსხვილი ნაწლავი და სწორი ნაწლავის უმეტესი ნაწილი, წვრილი ნაწლავისგან იქმნება მცირე რეზერვუარი და მას აკავშირებენ სწორი ნაწლავის დარჩენილ ნაწილთან ანუსის ზემოთ. ეს პროცედურა ინარჩუნებს ნაწლავის შიგთავსის შეკავების უნარს, თუმცა შესაძლოა გართულდეს რეზერვუარის ანთებით.

წყლულოვანი პროქტიტით დაავადებულებს ქირურგიული ჩარევა იშვიათად სჭირდებათ და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მკურნალობის მიმართ განსაკუთრებულად რეზისტენტულია.

ტოქსიკური მეგაკოლონი ის გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. როგორც კი ექიმი დაადგენს დიაგნოზს ან ეჭვს მიიტანს ტოქსიკური მეგაკოლონის არსებობაზე, ყველა ფაღარათის საწინააღმდეგო წამალი იხსნება. პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები, ცხვირიდან მილს უყენებენ კუჭში ან წვრილ ნაწლავში. სითხის, საკვები ნივთიერებების და წამლების პერიოდული მიწოდება ხდება ინტრავენურად. პაციენტი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა, რომ არ გაიპაროს პერიტონიტი ან პერფორაცია. თუ დრო და პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ზოგჯერ ციკლოსპორინით ან ინფლიქსიმაბით მკურნალობა ტარდება. თუ ეს არ აღმოჩნდა ეფექტური, მაშინ გადაუდებლად არის საჭირო ქირურგიული ჩარევა. უნდა ამოიკვეთოს მსხვილი ნაწლავი მთლიანად ან მისი უმეტესი ნაწილი.