დივერსიული კოლიტი | მკურნალი.გე
  1. დივერსიული კოლიტი
  2. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
დივერსიული კოლიტი

დივერსიული კოლიტი არის ანთება, რომელიც მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში მას მერე ვითარდება, რაც, ქირურგიული ჩარევის შედეგად, ამ ნაწილის ზემოთ განავლის გადაადგილების მიმართულება იცვლება.

ზოგიერთ პაციენტს უკეთდება ილეოსტომია (კავშირი წვრილი ნაწლავის ქვედა ბოლოსა და მუცლის კედელში ქირურგიული ჩარევის გზით შექმნილ ხვრელს შორის) ან კოლოსტომია (კავშირი მსხვილ ნაწლავსა და მუცლის კედელში ქირურგიული ჩარევის გზით შექმნილ ხვრელს შორის). ილეოსტომია და კოლოსტომია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ ტარდება, როგორიცაა კიბო, წყლულოვანი კოლიტი და დივერტიკულიტი ან ტრავმის შედეგად ნაწლავის დაზიანება. ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, სავარაუდოდ, მსხვილი ნაწლავის შემომვლელი გზის ჩამოყალიბება დროებითი საჭიროებაა, იმ ადგილის ქვემოთ, სადაც განავლის დინების მიმართულება ქირურგიულად იცვლება, თავის ადგილზე ტოვებენ მთლიანად მსხვილ ნაწლავს ან მის უმეტეს ნაწილს.

პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედს, რომელთაც ილეოსტომისა ან კოლოსტომის შემდეგ, მსხვილი ნაწლავი მთლიანად ან მისი უმეტესი ნაწილი დატოვებული აქვთ, ქირურგიული ჩარევიდან 1 წლის განმავლობაში უვითარდება დივერსიული კოლიტის სიმპტომები: გამონადენი სწორი ნაწლავიდან – ლორწოს გამოყოფა ან სისხლდენა, ტკივილი. პაციენტთა უმეტესი ნაწილი მკურნალობას არ საჭიროებს სიმპტომების სიმსუბუქის გამო. ნაწლავის განცალკევებული ნაწილების ხელახლა შეერთებისთვის ჩატარებული ქირურგიული ჩარევა და განავლის ნორმალური გადაადგილების აღდგენა, როგორც წესი, ანთების და სიმპტომების უკუგანვითარებას იწვევს.