მწვავე ვირუსული ჰეპატიტი | მკურნალი.გე
  1. მწვავე ვირუსული ჰეპატიტი
  2. ჰეპატიტი
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
მწვავე ვირუსული ჰეპატიტი

მწვავე ვირუსული ჰეპატიტი არის ჰეპატიტის 5 ვირუსიდანერთ-ერთის მიერ გამოწვეული ღვიძლის ანთება. ადამიანების უმეტესობაში ანთება უცებ იწყება და მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება.

  • დაავადების მიმდინარეობა განსხვავებულია – სრულად უსიმპტომო მიმდინარეობიდან ძალიან მძიმე სიმპტომებამდე.
  • დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ უმადობა, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში და სიყვითლე.
  • ექიმები ფიზიკურად სინჯავენ პაციენტს და იღებენ სისხლის ნიმუშებს ანალიზების ჩასატარებლად.
  • ვაქცინაციით შესაძლებელია A, B, და E-ჰეპატიტის თავიდან აცილება.
  • ჩვეულებრივ, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის.

მწვავე ვირუსული ჰეპატიტი შეიძლება სხვადასხვა სახის მრავალმა ვირუსმა გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე ხშირია A-ჰეპატიტის, ხოლო შემდეგ B-ჰეპატიტის ვირუსი.

სიმპტომები

მწვავე ვირუსული ჰეპატიტი შეიძლება სრულიად განსხვავებული სახით მიმდინარეობდეს, დაწყებული მსუბუქი გრიპისმაგვარი სიმპტომებით, დამთავრებული ღვიძლის მომაკვდინებელი უკმარისობით. ზოგჯერ სიმპტომები სულაც არ ვლინდება. სიმპტომების სიმწვავე და გამოჯანმრთელების სისწრაფე მეტად ვარიაბელურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ვირუსსა და ინფექციისადმი ადამიანის იმუნურ პასუხზე. A და C-ჰეპატიტი შეიძლება ძალზე მსუბუქ სიმპტომებს იწვევდეს ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი. B და E-ჰეპატიტი უფრო მეტად იწვევს მძიმე სიმპტომებს. B და D-ჰეპატიტის ვირუსებით ერთდროულმა ინფექციამ შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ეს სიმპტომები.

სიმპტომები უცებ იწყება და მოიცავს უმადობას, გულისრევას, ღებინებას. ხშირად ზემოხსენებულს ერთვის ცხელება და ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში (სწორედ აქ მდებარეობს ღვიძლი). მწეველებში ტიპური სიმპტომია სიგარეტის შეზიზღება. პერიოდულად, განსაკუთრებით კი B-ჰეპატიტის დროს, ინფიცირებულ ადამიანებს უვითარდებათ სახსრების ტკივილი და წითელი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია).

ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის შემდეგ, შარდი მუქდება და ვითარდება სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა). ორივე სიმპტომი ბილირუბინის სისხლში დაგროვების გამო აღმოცენდება. ბილირუბინი ნაღვლის მთავარი პიგმენტია. ნაღველი წარმოადგენს ღვიძლის მიერ წარმოქმნილ მომწვანო-მოყვითალო საჭმლის მომნელებელ სითხეს. სიმპტომების უმეტესობა ამ დროს, ჩვეულებრივ, ქრება და ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს; თუმცა, სიყვითლე შეიძლება გაუარესდეს. სიყვითლე პიკს 1-2 კვირაში აღწევს და მომდევნო 2-4 კვირის განმავლობაში ქრება. შეიძლება განვითარდეს ქოლესტაზის (ნაღვლის დინების შემცირება ან შეწყვეტა – ნაღვლის შეგუბება) სიმპტომები, როგორიცაა ღია ფერის განავალი და ქავილი მთელ სხეულზე, განსაკუთრებით A-ჰეპატიტის დროს.

იშვიათად, კერძოდ, B-ჰეპატიტის დროს, სიმპტომები ძალზე მძიმდება (ელვისებური ფორმა). შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობა და ადამიანი გარდაიცვალოს, განსაკუთრებით მოზრდილი.

დიაგნოზი

ექიმებს, ჩვეულებრივ, არსებული სიმპტომების საფუძველზე ეჭვი ვირუსულ ჰეპატიტზე მიაქვთ. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმი ხელით აწვება მუცელს იმ ადგილზე, სადაც ღვიძლი მდებარეობს. ღვიძლი მტკივნეული და რამდენადმე გადიდებულია ვირუსული ჰეპატიტების მქონე ადამიანების დაახლოებით ნახევარში. ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ატარებენ სისხლის ანალიზებს. მათ შეიძლება ღვიძლის ანთება გამოავლინონ და დაეხმარონ ექიმებს ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტის ვირუსულისგან განსხვავებაში. სისხლის ანალიზები ეხმარება ექიმს დაადგინოს, თუ რომელმა ჰეპატიტის ვირუსმა გამოიწვია ინფექცია. ამ ანალიზებს შეუძლიათ გამოავლინონ ვირუსების ნაწილები ან ადამიანის სხეულში გამომუშავებული სპეციფიკური ანტისხეულები, რომელთა მეშვეობით ორგანიზმი ებრძვის ვირუსებს. თუ დიაგნოზი დაუზუსტებელია, ტარდება ბიოფსია: ნემსით იღებენ და შემდეგ იკვლევენ ღვიძლის ქსოვილის ნიმუშს.

პრევენცია

A-, B-, და E-ჰეპატიტის თავიდან ასაცილებლად ვაქცინებს იყენებენ, რომელთა ინექცია ხდება კუნთში. A-ჰეპატიტის აცრა რეკომენდებულია ყველა ბავშვისა და მოზრდილისთვის, რომელთაც შესაძლოა შეხება ჰქონდეთ ვირუსთან. B-ჰეპატიტის ვაქცინა რეკომენდებულია ყველასთვის. E-ჰეპატიტის ვაქცინა ახალია და მას, სავარაუდოდ, ენდემურ კერებში გამოიყენებენ. როგორც ეს ზოგადად ვაქცინაციის დროს ხდება, ორგანიზმის ინფექციისგან დასაცავად საჭიროა, რომ აცრის დღიდან რამდენიმე კვირა გავიდეს და ვაქცინამ თავის ეფექტს მიაღწიოს. აღნიშნული დროის განმავლობაში იმუნური სისტემა თანდათან წარმოქმნის ანტისხეულებს კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ.

აუცრელ ადამიანებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ A-ჰეპატიტთან, შეუძლიათ თავი დაიცვან მზა ანტისხეულების ინექციით, რომელსაც სტანდარტული იმუნოგლობულინი ეწოდება. იმუნოგლობულინი ადამიანს თავიდან აცილებს ინფექციას ან ამცირებს დაავადების სიმწვავეს. ამასთან, დაცვის შედეგი ცვალებადი და დროებითია.

თუ აუცრელ ხალხს შეხება აქვს B-ჰეპატიტთან, მათ ერთდროულად უკეთებენ B-ჰეპატიტის იმუნოგლობულინს და ვაქცინას. B-ჰეპატიტის იმუნოგლობულინი შეიცავს B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციის დამარცხებაში ეხმარება. ასეთი ღონისძიება ადამიანს თავიდან აცილებს სიმპტომებს ან ამცირებს მათ სიმწვავეს; თუმცა, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ მან ინფექციის თავიდან აცილება შეძლოს. ზოგიერთ ადამიანს ესაჭიროება ვაქცინის დამატებითი დოზა.

C- და D-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს D-ჰეპატიტის განვითარების რისკს.

ჰეპატიტის ვირუსების თავიდან აცილების სხვა ღონისძიებებს მიეკუთვნება:

  • საკვების მოხმარებამდე ხელების დაბანა;

  • მედიკამენტების/ნარკოტიკების შეყვანის დროს საზიარო ნემსების გამოყენებაზე უარის თქმა;

  • საერთო კბილის ჯაგრისების, სამართებლების ან სხვა ისეთი ნივთების გამოუყენებლობა, რომელზეც შეიძლება სისხლი მოხვდეს;

  • უსაფრთხო სექსი, მაგალითად, ბარიერული თავდაცვის საშუალების – კონდომის (პრეზერვატივის) გამოყენებით;

  • სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შეზღუდვა.

ნაკლებად არის მოსალოდნელი გადასხმისათვის მომზადებული სისხლის დაბინძურება, რადგან ხდება მისი შემოწმება. მიუხედავად ამისა, ექიმები ჰეპატიტით დაინფიცირების რისკის შემცირებას ცდილობენ და სისხლის გადასხმას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ნიშნავენ. ადამიანებს, რომლებიც ოპერაციას საჭიროებენ, შეუძლიათ თავი აარიდონ უცნობი დონორისაგან სისხლის გადასხმას და თავად გასცენ სისხლი ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე.

მკურნალობა და პროგნოზი

ადამიანების უმეტესობა სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, აუცილებელი იყოს იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომელთაც უჩვეულოდ მწვავე ჰეპატიტი აქვთ. პირველი რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანებს მადა უბრუნდებათ და წოლითი რეჟიმი აღარ ესაჭიროებათ. კვების რაციონის ან ფიზიკური მოძრაობის მკაცრი შეზღუდვა, აგრეთვე, ვიტამინების მიცემა აუცილებლობას არ წარმოადგენს. სიყვითლის გაქრობის შემდეგ ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ დაუბრუნდეს სამსახურს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღვიძლის ფუნქციური ანალიზები სრულ ნორმაში არ არის.

ჰეპატიტის მქონე პირებმა სრულ გამოჯანმრთელებამდე ალკოჰოლი არ უნდა მიიღონ. იმის გამო, რომ დაინფიცირებულ ღვიძლს არ შეუძლია ზოგიერთი წამლის (მაგ., ვარფარინის ან თეოფილინის) გადამუშავება (მეტაბოლიზება), ექიმი იძულებულია, შეაწყვეტინოს პაციენტს მათი მიღება ან შეამციროს მათი დოზა, რათა არ მოხდეს ამ წამლების საზიანო ოდენობით ორგანიზმში დაგროვება. ამიტომ პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს მის მიერ მიღებული ყველა წამლის (როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემი წამლების, აგრეთვე, სამკურნალო მცენარეების) შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს დოზის მისადაგება.

მწვავე ვირუსული ჰეპატიტის მქონე ადამიანები გამოჯანმრთელდებიან 4-8 კვირის განმავლობაში, მკურნალობის გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, C-ჰეპატიტით და, შედარებით ნაკლებად, B-ჰეპატიტით დაინფიცირებული პირები შეიძლება ვირუსმატარებლები გახდნენ. ვირუსმატარებლებს შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები, მაგრამ ისინი მაინც ინფიცირებულნი არიან და დაავადება შეიძლება სხვებს გადასცენ. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება არ ვლინდებოდეს, მატარებელს შესაძლოა განუვითარდეს ქრონიკული ჰეპატიტი. საბოლოოდ ვირუსმატარებელს შეიძლება ციროზი (ღვიძლის მძიმე დანაწიბურება) ან კიბო განუვითარდეს. ღვიძლის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი B-ჰეპატიტის ვირუსის მატარებლებს აქვთ.