ქრონიკული ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომელიც, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში გრძელდება.
ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც მწვავესთან შედარებით ნაკლებად გავრცელებულია, შეიძლება გრძელდებოდეს წლების, ზოგჯერ ათწლეულების, განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანში ის ძალზე მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ღვიძლის მნიშვნელოვან დაზიანებას. თუმცა, სხვა ადამიანებში, გახანგრძლივებული ანთება ნელ-ნელა აზიანებს ღვიძლს და საბოლოოდ ციროზს (ღვიძლის მძიმე დანაწიბურებას), ღვიძლის უკმარისობასა და ზოგჯერ ღვიძლის კიბოს იწვევს.
ქრონიკულ ჰეპატიტს, ჩვეულებრივ, ჰეპატიტის ვირუსებიდან ერთ-ერთი იწვევს (იხ. ცხრილი „ჰეპატიტის ვირუსები“). ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევათა 60-70% C-ჰეპატიტის ვირუსით არის გამოწვეული და მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევების 75% ქრონიკულ ფორმაში გადადის. B-ჰეპატიტის შემთხვევების დაახლოებით 5-7%, ზოგჯერ D-ჰეპატიტის თანდართვით, ქრონიკული ხდება. A და E-ჰეპატიტის ვირუსები არ იწვევენ ქრონიკულ ჰეპატიტს.
ქრონიკული ჰეპატიტი შეიძლება გარკვეულმა წამლებმა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ხანგრძლივად იყენებენ. ასეთ წამლებს მიეკუთვნება იზონიაზიდი, მეთილდოფა, ნიტროფურანტიონი და, იშვიათად, აცეტამინოფენი. ვილსონის დაავადებამ (იშვიათი მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში სპილენძი გროვდება), შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი ბავშვებსა და მოზრდილებში. სხვა მიზეზებს მიეკუთვნება ალკოჰოლური ჰეპატიტი, ღვიძლის გაცხიმოვნება, რომელიც არ არის გამოწვეული ალკოჰოლის მიღებით (არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება) და ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტი (მემკვიდრული დაავადება).
უცნობია, თუ რატომ იწვევს გარკვეული ვირუსი ან წამალი ზოგიერთ ადამიანში ქრონიკულ ჰეპატიტს, ხოლო სხვებში – არა და რატომ არის დაავადების სიმძიმე ასეთი ვარიაბელური. ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ბევრ ადამიანს ვერ უდგენენ ჰეპატიტის გამომწვევ აშკარა მიზეზს. ამ ადამიანებიდან ზოგიერთში ქრონიკული ანთება ემსგავსება ორგანიზმის მიერ საკუთარი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეულ ანთებას (აუტოიმუნური რეაქცია), მაგრამ ეს კავშირი დამტკიცებული არაა. ამ ტიპის ანთებას ეწოდება აუტოიმუნური ჰეპატიტი და ის უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
დაავადებულთა დაახლოებით 2/3-ს ქრონიკული ჰეპატიტი თანდათანობით და უსიმპტომოდ უვითარდება, სანამ არ გამოვლინდება ციროზი. დანარჩენ 1/3-ს ქრონიკული ჰეპატიტი უყალიბდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შეტევის შემდეგ, რომელიც გახანგრძლივებულია ან მეორდება (ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ).
სიმპტომები ხშირად მოიცავს ავადმყოფობის გაურკვეველ შეგრძნებას (დისკომფორტი), უმადობას და დაღლილობას. დაავადებულებს ზოგჯერ აქვთ სუბფებრილური ტემპერატურა და ერთგვარი დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში. სიყვითლე იშვიათია. ღვიძლის ქრონიკული დაავადებისა და ციროზის გართულებები შეიძლება თანდათანობით განვითარდეს. ამ დროს შეიძლება გადიდდეს ელენთა, კანზე გაჩნდეს ობობასმაგვარი სისხლძარღვები, გაწითლდეს ხელისგულები და დაგროვდეს სითხე მუცლის ღრუში (ასციტი). ღვიძლის დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), კერძოდ, პაციენტებში, რომელთაც აქვთ C-ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი.
აუტოიმუნურმა ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება, ფაქტობრივად, ნებისმიერ ორგანოთა სისტემასთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება აკნე, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, სახსრების ტკივილი, ფილტვების დანაწიბურება, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლის ანთება და ანემია.
ბევრ ადამიანში ქრონიკული ჰეპატიტი წლების განმავლობაში არ პროგრესირებს. სხვებში მისი მიმდინარეობა თანდათანობით უარესდება. გამოსავალი ნაწილობრივ გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული:
ექიმმა შესაძლოა C-ჰეპატიტის არსებობაზე ეჭვი მიიტანოს, როდესაც ადამიანს ტიპური სიმპტომები აქვს, ან როდესაც ღვიძლის ფუნქციის შესაფასებელი სისხლის ანალიზი პათოლოგიურია, ან როდესაც ადამიანს უკვე ჰქონდა C-ჰეპატიტი. ტარდება სისხლის ანალიზები და მათი დახმარებით შესაძლებელია დიაგნოზის დადასტურება, მიზეზის გარკვევა და ღვიძლის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრა. ამასთან, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ღვიძლის ბიოფსია. ღვიძლის ბიოფსია ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს დაავადების სიმძიმე, აგრეთვე, დაადგინოს, განვითარდა თუ არა დანაწიბურება (ციროზი). ბიოფსია შესაძლოა ჰეპატიტის მიზეზის დადგენაშიც დაგვეხმაროს. ზოგჯერ, საჭირო ხდება ღვიძლის ერთზე მეტი ბიოფსიის ჩატარება.
ქრონიკული B-ჰეპატიტის მქონე პაციენტებს ყოველწლიურად უტარებენ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას და სისხლში ალფა-ფეტოპროტეინის დონეს უსაზღვრავენ. ეს ყველაფერი კეთდება ღვიძლის კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით. ალფა-ფეტოპროტეინის (ცილა, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება ნაყოფის ღვიძლის უმწიფარ უჯრედებში) დონე სისხლში ღვიძლის სიმსივნის არსებობისას მომატებულია. მსგავსად ხდება C-ჰეპატიტის მქონე ადამიანების სკრინინგი, მაგრამ მხოლოდ ციროზის განვითარების შემთხვევაში.
თუ მიზეზი წამალია, წყდება მისი მიღება. თუ მიზეზი სხვა დაავადებაა, იწყება მისი მკურნალობა.
B და C-ჰეპატიტი: ქრონიკული პროგრესირებადი B და C-ჰეპატიტის მქონე პირებს, ჩვეულებრივ, ეძლევათ ანტივირუსული წამლები. B-ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ ენტეკავირს, ადეფოვირს ან ლამივუდინს. ამ წამლებს იღებენ პერორალურად, ისევე როგორც ტელბივუდინს, რომლის შესახებაც ძალზე ცოტა ინფორმაცია არსებობს. მათ ნაცვლად შესაძლებელია ინტერფერონ-ალფას ან პეგილირებული ინტერფერონ-ალფას კანქვეშა ინექციების გაკეთება. B-ჰეპატიტს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ განმეორება (რეციდივები) ახასიათებს, რაც შეიძლება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს. ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტივირუსული წამლის განუსაზღვრელი დროით მიღება.
C-ჰეპატიტის შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია პეგილირებული ინტერფერონ-ალფას და რიბავირინის ერთდროული გამოყენება. ამ კომბინაციამ შეიძლება შეაჩეროს ანთება. ამ წამლების 6 თვიდან 1 წლამდე მიღება შველის ადამიანების 45-75%-ს, ყოველგვარი შემდგომი გართულების გარეშე.
ჩვეულებრივ, ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული ანტივირუსული წამლები ბევრ გვერდით ეფექტს იწვევს. შესაძლებელია, რომ ლამივუდინს შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. გარკვეული მდგომარეობის მქონე ადამიანებმა ეს პრეპარატები არ უნდა მიიღონ, კერძოდ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ:
თუ ქრონიკული B-ჰეპატიტის მქონე ადამიანების ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი პირები აცრილები არ არიან, ისინი უნდა აიცრან. მათ, აგრეთვე, უკეთდებათ B-ჰეპატიტის იმუნოგლობულინი. ასეთი ღონისძიებების გატარება ქრონიკული C-ჰეპატიტის დროს აუცილებელი არ არის.
აუტოიმუნური ჰეპატიტი: ჩვეულებრივ გამოიყენება კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზოლონი) ზოგჯერ აზათიოპრინთან ერთად, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას. ამ წამლებით მკურნალობა აღკვეთს ანთებას, ამსუბუქებს სიმპტომებს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, ღვიძლის დანაწიბურება შეიძლება თანდათანობით გაუარესდეს. ამ წამლების მიღების შეწყვეტას შეიძლება ანთების განმეორება მოჰყვეს. ამის გამო, ადამიანების უმეტესობას უწევს წამლების განუსაზღვრელი დროით მიღება.
გართულებების მკურნალობა: ქრონიკული ჰეპატიტის მიზეზისა ან ტიპის მიუხედავად, გართულებები მკურნალობას საჭიროებს. მაგალითად, ასციტის მკურნალობა გულისხმობს მარილის მიღების შეზღუდვას, წოლით რეჟიმსა და ზოგჯერ წამლების მიღებას. თუ უარესდება ტვინის ფუნქცია, საკვებიდან ცილის მოცილებამ შესაძლოა გააუმჯობესოს მდგომარეობა.
ღვიძლის გადანერგვა: გადანერგვის საჭიროება იმ შემთხვევებში განიხილება, როდესაც ადამიანებს ღვიძლის მწვავე უკმარისობა აქვთ. ამასთან, B- ან C-ჰეპატიტის მქონე ადამიანების ორგანიზმში ვირუსი გადანერგილ ღვიძლსაც აინფიცირებს. B-ჰეპატიტის ვირუსი გადანერგილ ღვიძლს მძიმედ აზიანებს თვეების ან რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ლამივუდინის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს გამოსავალი. C-ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ვირუსი, ფაქტობრივად, ყოველთვის ჩნდება გადანერგილ ღვიძლში, მაგრამ ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქია და ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ.