1. იშემიური ჰეპატიტი
  2. ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
იშემიური ჰეპატიტი

იშემიური ჰეპატიტი არის სისხლის ან ჟანგბადის არაადეკვატური მიწოდების შედეგად განვითარებული ღვიძლის დაზიანება.

  • გულის ან სუნთქვის უკმარისობამ შეიძლება შეამციროს ღვიძლის სისხლით ან ჟანგბადით მომარაგება.
  • ადამიანებს აქვთ გულისრევა და ღებინება, ღვიძლი შეიძლება გადიდდეს და მტკივნეული გახდეს.

იშემიური ჰეპატიტის დროს ღვიძლის უჯრედები ზიანდება ან იღუპება, რადგან ღვიძლი არ იღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს ან ჟანგბადს.

იშემიური ჰეპატიტი განსხვავდება ჰეპატიტის სხვა ფორმებისაგან. ჩვეულებრივ, ჰეპატიტი გულისხმობს ღვიძლის ანთებას, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს, ყველაზე ხშირი მიზეზი კი ჰეპატიტის ვირუსია (როგორც A ან B-ჰეპატიტის დროს). იშემიური ჰეპატიტის დროს ღვიძლის ანთება არ ვითარდება. ამ დროს ღვიძლის უჯრედები კვდება (ვითარდება ნეკროზი). მას ჰეპატიტს იმიტომ უწოდებენ, რომ, ვირუსული და სხვა ტიპის ჰეპატიტების მსგავსად, ღვიძლის ფერმენტები (ამინოტრანსფერაზები) ღვიძლის დაზიანებული უჯრედებიდან სისხლში ხვდება.

მიზეზები

იმისათვის, რომ იშემიური ჰეპატიტი განვითარდეს, ღვიძლი ადეკვატურად არ უნდა მარაგდებოდეს ან სისხლით, ან ჟანგბადით, ან ორივეთი. ღვიძლის არაადეკვატურ მომარაგებას ყველაზე ხშირად განაპირობებს სისხლის დინების დაქვეითება მთელ სხეულში. მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:

  • გულის უკმარისობა;

  • სუნთქვის უკმარისობა;

  • შოკი;

  • მასიური სისხლდენა;

  • მწვავე დეჰიდრატაცია.

მძიმე ინფექციამ, რომელიც მთელ სხეულს ან მის უმეტეს ნაწილს მოიცავს (მაგალითად, სეფსისი), შესაძლოა გაზარდოს ღვიძლის მოთხოვნილება ჟანგბადზე და ამით ხელი შეუწყოს იშემიური ჰეპატიტის განვითარებას.

იმის გამო, რომ ღვიძლს სისხლი ღვიძლის არტერიიდან და პორტული ვენიდან მიეწოდება, ერთ-ერთი მათგანის შევიწროება ან დახშობა, ჩვეულებრივ, არ იწვევს იშემიურ ჰეპატიტს. დარღვევად ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლის დინება ორივე სისხლძარღვშია შემცირებული ან ორივე სისხლძარღვი დახშულია. სისხლძარღვის დახშობის ყველაზე ხშირი მიზეზია თრომბი. თრომბით სისხლძარღვის დახშობას თრომბოზი ეწოდება. ღვიძლის არტერიაში თრომბის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • სისხლძარღვების დაზიანება (მაგალითად, მათი დაზიანება ღვიძლის გადანერგვის დროს);

  • ღვიძლის არტერიის ანევრიზმები;

  • არტერიის ანთება (ვასკულიტი);

  • კოკაინის გამოყენება (იწვევს არტერიის სპაზმს);

  • სიმსივნეები, გარკვეული სამედიცინო პროცედურები ან გულის ინფექციები (ენდოკარდიტები) იწვევენ ემბოლიას. ემბოლია გულისხმობს ზოგიერთი ქსოვილის (მაგალითად, ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილის ან არტერიის კედელზე განვითარებული სისხლის კოლტის) მოწყვეტას, სისხლის მიმოქცევაში გადაადგილებასა და სისხლძარღვში ჩაჭედვას.

დაავადებებმა, რომელთაც სისხლის შედედების გაძლიერება ახასიათებთ (სისხლის შედედების დარღვევები), შეიძლება არტერიების ან ვენების დახშობა გამოიწვიონ. ეს დარღვევები შეიძლება მემკვიდრეობითი ან შეძენილი იყოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა და ღებინება. ღვიძლი შესაძლოა გადიდდეს და მტკივნეული გახდეს.

ექიმებს იშემიურ ჰეპატიტზე ეჭვი მიაქვთ, როდესაც ღვიძლის ბიოქიმიური და სისხლის შედედების ანალიზების შედეგები ნორმიდან არის გადახრილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც ისეთი მდგომარეობები აქვთ, რომლებიც ღვიძლის იშემიურ დაზიანებას უწყობს ხელს. ღვიძლის არტერიის დახშობის დადგენა შესაძლებელია ულტრასონოგრაფიით (ექოსკოპიით), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით ან რენტგენით, რომელიც გადაღებულია რენტგენის სხივების გაუმტარი საღებავის (რომელიც ჩანს რენტგენოგრამაზე) არტერიაში შეყვანის შემდეგ (არტერიოგრაფია).

მკურნალობა

ექიმები ძალისხმევას იმ დაავადების სამკურნალოდ მიმართავენ, რომელიც ღვიძლისაკენ სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს. სისხლის დინების აღდგენის შემთხვევაში, იშემიური ჰეპატიტი, ჩვეულებრივ, ქრება. თუ ადამიანს უკვე ჰქონდა ღვიძლის მძიმე დანაწიბურება (ციროზი), შესაძლებელია ღვიძლის უკმარისობა განვითარდეს.