1. ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება
  2. ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადების დროს ღვიძლში ხდება მცირე ზომის (მიკროსკოპული) ვენების დახშობა.

  • შესაძლებელია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, ელენთის გადიდება და ძლიერი სისხლდენა საყლაპავიდან;
  • კანი და თვალის თეთრი ნაწილი შესაძლოა გაყვითლდეს და მუცლის გარშემოწერილობა გაიზარდოს.
  • ექიმები დიაგნოზს სვამენ სიმპტომებსა და ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის შედეგებზე დაყრდნობით.
  • თუ შესაძლებელია, დაავადების გამომწვევი მიზეზი უნდა გამოსწორდეს ან აღმოიფხვრას; სიმპტომები მკურნალობას საჭიროებს.

ვენოოკლუზიური დაავადება ბად-კიარის სინდრომს წააგავს, იმ განსხვავებით, რომ სისხლის დინების დარღვევა ხდება ღვიძლში (და არა მის გარეთ). ამრიგად, ვენოოკლუზიური დაავადების დროს სისხლძარღვის დახშობა არ ეხება ღვიძლის დიდ ვენებსა და ქვემო ღრუ ვენას (დიდი ზომის ვენა, რომელსაც მოაქვს სისხლი ორგანიზმის ქვედა ნაწილებიდან, მათ შორის ღვიძლიდან, გულისკენ).

ვენოოკლუზიური დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის უფრო ხშირია ცუდად ნაკვებ ადამიანებში. იმის გამო, რომ ღვიძლიდან სისხლის გამოდინება შეფერხებულია, სისხლი ღვიძლში გროვდება. სისხლის ასეთი შეგუბება განაპირობებს ღვიძლში შემავალი სისხლის რაოდენობის შემცირებას. სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების (იშემიის) გამო ღვიძლის უჯრედები ზიანდება. შეგუბების გამო ღვიძლი სისხლით გადაივსება და ზომაში მატულობს. შეგუბება, ასევე, იწვევს კარის ვენაში წნევის მატებას (პორტული ჰიპერტენზია). პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავში გაფართოებული, დაკლაკნილი (ვარიკოზული) ვენების გაჩენა (საყლაპავის ვარიკოზები). პორტულ ვენაში მაღალ წნევასა და ღვიძლის შეგუბებას მივყავართ მუცლის ღრუში სითხის დაგროვებამდე – ასციტი. შეიძლება გადიდდეს ელენთაც.

ასეთი შეგუბება ამცირებს ღვიძლში სისხლის მიდინებას. ამის შედეგად ვითარდება ღვიძლის დაზიანება, რასაც ბოლოს მივყავართ მძიმე დანაწიბურებამდე (ციროზი).

მიზეზები

ხშირ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • პიროლიზიდინის ალკალოიდების გადაყლაპვა, რომელსაც შეიცავს მცენარეები კროტალარია და სენეციო (გამოიყენება იამაიკაში მცენარეული ჩაის დამზადებისთვის) და სხვა მცენარეები, როგორიცაა ლაშქარა (Symphytum; იხ. ცხრილი "სამკურნალო მცენარეები და ღვიძლი").

  • გარკვეული წამლების გამოყენება, რომელთაც ზოგჯერ ღვიძლზე ტოქსიკური ეფექტი აქვთ. მათ მიეკუთვნება ციკლოფოსფამიდი და აზათიოპრინი (იმუნური სისტემის დამთრგუნავი საშუალება).

  • რადიაციული თერაპია (რომელსაც მიმართავენ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვამდე იმუნური სისტემის დათრგუნვის მიზნით).

  • რეაქცია ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ ("ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ").

როდესაც ვითარდება რეაქცია "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ", გადანერგილი ქსოვილის სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) თავს ესხმიან მიმღების (რეციპიენტის – ვისაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს) ქსოვილებს. ეს რეაქცია ვითარდება გადანერგვიდან საშუალოდ 3 კვირაში.

სიმპტომები

სიმპტომები შესაძლოა უცბად განვითარდეს. ღვიძლი ზომაში იმატებს და მგრძნობიარე ხდება. შესაძლოა მუცლის შესივება მუცლის ღრუში სითხის დაგროვების გამო. კანი და თვალის თეთრი ნაწილი შეიძლება გაყვითლდეს.

საყლაპავის ვარიკოზული ვენები შესაძლოა გასკდეს და დაიწყოს სისხლდენა, ზოგჯერ უწყვეტი, რაც იწვევს სისხლით ღებინებას და პაციენტი შეიძლება შოკურ მდგომარეობაში გადავიდეს. თუ სისხლი გადავა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, განავალი გახდება შავი, კუპრისებრი და ცუდი სუნის მქონე (მელენა). როდესაც სისხლდენა ძლიერია, ვითარდება შოკი. ადამიანების მცირე რაოდენობას უვითარდება ღვიძლის უკმარისობა ტვინის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), რაც იწვევს ცნობიერების დათრგუნვას და კომას.

დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, თვეების განმავლობაში, ზოგიერთ ადამიანს ციროზი უვითარდება. ციროზის განვითარება დამოკიდებულია მიზეზსა და ტოქსიკურ აგენტებთან განმეორებით კონტაქტზე.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი მიაქვთ ვენოოკლუზიური დაავადების არსებობაზე შესაბამის სიმპტომებსა და სისხლის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიანიშნებენ. დაავადების განვითარება სავარაუდოა იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაყლაპეს ზემოხსენებული ნივთიერებები ან იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომლებმაც შეიძლება ვენოოკლუზიური დაავადება გამოიწვიონ (განსაკუთრებით ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ). სისხლის ანალიზების საფუძველზე აფასებენ ღვიძლის მდგომარეობასა და სისხლის შედედებას.

ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ადასტურებს დიაგნოზს. ზოგჯერ შეიძლება ინვაზიური გამოკვლევები გახდეს საჭირო. იშვიათად საჭიროა ღვიძლის ბიოფსია ან წნევის გაზომვა ღვიძლის ვენებსა და პორტულ ვენაში. ასეთი გაზომვა ტარდება კათეტერით, რომელიც კისრის ვენის (საუღლე ვენა) გავლით ღვიძლის ვენებში შეჰყავთ. პროცედურის დროს შესაძლებელია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარებაც.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია დაზიანება და გრძელდება თუ არა მისი გამომწვევი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, აგრძელებს თუ არა ადამიანი სენეციოს ჩაის მიღებას.

ვენოოკლუზიური დაავადების მქონე ადამიანების ერთი მეოთხედი იღუპება ღვიძლის ან სხვა ორგანოს უკმარისობით 3 თვის განმავლობაში. როდესაც დაავადების მიზეზია რეაქცია "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ" (ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ განვითარებული დარღვევა), ვენოოკლუზიური დაავადება თავისით უკუგანვითარდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. რეაქციის "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ" შესუსტებას და დაავადების უკუგანვითარებას ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამლების დოზის გაზრდა. თუ მიზეზია ზემოხსენებული ნივთიერებების გამოყენება, მისი მიღების შეწყვეტა შეზღუდავს ღვიძლის დაზიანების შემდგომ განვითარებას.

მკურნალობა

არ არსებობს დახშული ვენების სპეციფიკური მკურნალობა. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს მიზეზის მოშორება. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განვითარებული ვენოოკლუზიური დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია ურსოდეოქსიქოლის მჟავას დახმარებით.

საჭიროა სისხლძარღვების დახშობის შედეგად განვითარებული გართულებების მკურნალობა. მაგალითად, მარილის შემზღუდველი დიეტა და შარდმდენები ადამიანს იცავს მუცლის ღრუში სითხის დაგროვებისგან.

შესაძლებელია სისხლის დინების ალტერნატიული გზის შექმნა ღვიძლის გვერდის ავლით, რომელიც გულისხმობს პორტული (კარის) ვენის ქვედა ღრუ ვენასთან პირდაპირ დაკავშირებას. კისრის ვენაში (საუღლე ვენა) შეჰყავთ კათეტერი, რომელსაც გადააადგილებენ კარის ვენაში, რომ შექმნან ზემოხსენებული კავშირი (შუნტი). ამის შემდეგ ხდება ბადისებრი მილის (სტენტის) შეყვანა, რომ შუნტი ღია დარჩეს. ასეთი შუნტების ეფექტურობა უცნობია.

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ღვიძლის გადანერგვა გახდეს საჭირო.