1. სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები
  2. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები

  • სანაღვლე სადინარებისა ან ნაღვლის ბუშტის კიბო იშვიათია.

  • ულტრასონოგრაფიით შეიძლება სანაღვლე სადინარებში ან ნაღვლის ბუშტში არსებული სიმსივნის დადგენა.

  • ასეთი კიბო, ჩვეულებრივ, სიკვდილს იწვევს, მაგრამ სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია.

სანაღვლე სადინარების კიბო (ქოლანგიოკარცინომა) შეიძლება წარმოიქმნას ბილიარული ტრაქტის ნებისმიერ ადგილას, განსაკუთრებით ღვიძლის გარეთ, სადაც ის შედის წვრილ ნაწლავში. მან შეიძლება გაართულოს პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი.

ნაღვლის ბუშტის კიბო იშვიათია. ნაღვლის ბუშტის კიბოს მქონე თითქმის ყველა ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტის კენჭები. ასეთი კიბოს განვითარების შემდეგ ადამიანები მხოლოდ რამდენიმე თვე ცოცხლობენ.

ნაღვლის ბუშტში შეიძლება განვითარდეს პოლიპები, რომლებიც ქსოვილის კეთილთვისებიანი გამონაზარდებია. ისინი იშვიათად იწვევენ სიმპტომებს და იშვიათად საჭიროებენ მკურნალობას. ულტრასონოგრაფიის დროს გამოკვლეული ადამიანების 5%-ს ნაღვლის ბუშტის პოლიპების არსებობა უდგინდება.

ზოგჯერ სიმსივნე აფერხებს ნაღვლის დინებას, მაგრამ ბლოკადების უმეტესობა გამოწვეულია კენჭებით. უფრო იშვიათად, სიმსივნე სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სტრუქტურებში ან ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში და გამოიწვიოს დახშობა. დახშობა შეიძლება გამოიწვიოს სანაღვლე გზების კეთილთვისებიანმა სიმსივნეებმაც.

სიმპტომები

ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • სიყვითლის გაუარესება (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა);

  • დისკომფორტის შეგრძნება მუცელში;

  • უმადობა;

  • წონაში კლება;

  • ქავილი;

სიმპტომები თანდათანობით უარესდება. მუცლის ტკივილი შესაძლოა ძლიერი და მუდმივი გახდეს, რაც, ჩვეულებრივ, სანაღვლე გზების დახშობით არის გამოწვეული. ადამიანები გრძნობენ დისკომფორტს და დაღლილობას. მათ შეიძლება შეიგრძნონ წარმონაქმნის არსებობა მუცელში.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი მიაქვთ სანაღვლე სადინარის კიბოზე, როდესაც ვერ დგინდება სანაღვლე სადინარის დახშობის სხვა მიზეზი, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი. ულტრასონოგრაფია არის პირველი კვლევა სანაღვლე სადინარებში სიმსივნის დადგენისთვის. მის ნაცვლად შეიძლება ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRCP) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT).

თუ კიბო აღმოჩნდა, ექიმები სიმსივნიდან იღებენ ქსოვილის ნიმუშს თხელი ნემსით, რომელიც კანის გავლით შეჰყავთ ორგანოში. ნემსის შეყვანა კონტროლდება ულტრასონოგრაფიით ან კტ-თი. გამოსახულებისა და ქსოვილის ნიმუშის მოსაპოვებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP), რომლის დროსაც დრეკადი, დასათვალიერებელი მილი პირის ღრუს გავლით წვრილ ნაწლავში შეჰყავთ.

თუ ეჭვი აქვთ ნაღვლის ბუშტის სიმსივნის არსებობაზე, ატარებენ კტ გამოკვლევას. ის ულტრასონოგრაფიაზე მეტად ინფორმაციულია.

მკურნალობა

სანაღვლე სადინარებისა ან ნაღვლის ბუშტის სიმსივნეების უმეტესობა სასიკვდილოა, მაგრამ მკურნალობა გვეხმარება სიმპტომების კონტროლში.

სადინარში ჩადგმული მილები (სტენტები) შესაძლებლობას აძლევენ ნაღველს, გააგრძელოს დახშულ ნაწილში დინება. ეს პროცედურა ხელს უწყობს ტკივილის კონტროლსა და ქავილის შემცირებას. დახშული ნაწილების გახსნა შესაძლებელია ERCP-ს დროს.

შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის ამომკვეთი ოპერაციის ჩატარება, მაგრამ, ჩვეულებრივ, სიმსივნის სრული ამოკვეთა ვერ ხერხდება. ქოლანგიოკარცინომის ქიმიოთერაპიული ან რადიაციული მკურნალობა შესწავლის სტადიაშია. თუ სიმსივნე გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილიდან (მეტასტაზი), ქიმიოთერაპიამ შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება უზრუნველყოს; თუმცა, ის მნიშვნელოვნად არ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ნაღვლის ბუშტის კიბო ძალზე ადრეულ სტადიაში, რომელსაც აღმოაჩენენ ნაღვლის კენჭებზე ოპერაციის დროს, შეიძლება განიკურნოს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთით.