შარდის შეუკავებლობა ბავშვებში | მკურნალი.გე
  1. შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
  2. შარდის შეუკავებლობა (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

  • შარდის შეუკავებლობის თავისებურება ეხმარება ექიმს, განსაზღვროს სავარაუდო მიზეზი;

  • ბავშვის სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის, ანალიზებისა და გამოსახულებითი კვლევების შედეგები ექიმს სპეციფიკური მიზეზის დადგენის საშუალებას აძლევს;

  • მკურნალობა მოიცავს ქცევისა და დიეტის შეცვლას, ზოგჯერ მედიკამენტებსაც.

ბავშვებში შარდის შეუკავებლობას მოზრდილთაგან განსხვავებული მიზეზები და მკურნალობა აქვს. იგი შეიძლება განვითარდეს ღამით (ჩასველება ანუ ღამის ენურეზი). ღამის ენურეზი უფრო ხშირია ბიჭებში და, როგორც წესი, 9 წლის ასაკისთვის ეს პრობლემა გამოსწორდება. დღისით შარდის შეუკავებლობას დღის ენურეზი ეწოდება. იგი უფრო ხშირი გოგონებშია და რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი აქვს ხოლმე.

მიზეზები

შარდის შეუკავებლობის თავისებურება ეხმარება ექიმს სავარაუდო მიზეზის განსაზღვრაში. თუკი ბავშვს დღისითაც მუდმივად აღენიშნება უნებლიე შარდვა, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა რაიმე თანდაყოლილი, ანატომიური დეფექტი ან განსაკუთრებული ქცევა იყოს. ხერხემლის დეფექტის, ზურგის ტვინის თიაქრის დროს შეიძლება შარდის ბუშტის ნერვები დაზიანდეს, რაც შეუკავებლობას გამოიწვევს. ასეთი დეფექტის არსებობა ადვილად დგინდება. ზოგ ახალშობილს შარდის ბუშტის ან შარდსადენის განვითარების დარღვევა აქვს, რაც შარდის მუდმივ გამოყოფას იწვევს (სრული შეუკავებლობა). ზოგ შემთხვევაში, თანდაყოლილი დეფექტის გამო შარდსაწვეთი შარდის ბუშტის გარეთ ბოლოვდება და შეუკავებლობა ვითარდება. ზოგ ბავშვს ზედმეტად აქტიური ბუშტი აქვს, რომლის სპაზმიც იოლად ვითარდება ან იგი ძნელად იცლება.

დღისით შარდის შეუკავებლობას ზოგი სპეციფიკური ქცევაც იწვევს, განსაკუთრებით გოგონებში. მათ შორისაა: იშვიათად მოშარდვა და არასწორ პოზაში მოშარდვა, რის დროსაც შარდი საშოში იჟონება და ფეხზე ადგომის მერე წვეთებად გამოდის. ზოგ გოგონას სიცილის დროს შარდის ბუშტის სპაზმი უვითარდება, ე.წ. შეუკავებლობა კისკისის დროს.

თუკი შეუკავებლობა ახალგანვითარებულია და ბავშვს მანამდე პრობლემა არ ჰქონია, ექიმი ივარაუდებს, რომ რაიმე დროებითი მდგომარეობა იწვევს ამას. შესაძლო მიზეზებია: შეკრულობა, დიეტა, ემოციური სტრესი, ინფექციები, სექსუალური ძალადობა. საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები და შარდის ბუშტის გამაღიზიანებელი ვირუსული ინფექციები (ვირუსული ცისტიტი) ხშირადაა პრობლემის მიზეზი. შარდის გამოჟონვის თავიდან ასაცილებლად ბევრი ბავშვი ფეხს ფეხზე იდებს ან სხვა პოზას იღებს, რაც საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკს ზრდის. სქესობრივად აქტიურ მოზარდებს ეს პრობლემა შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამო ჰქონდეთ. კოფეინის შემცველი და მჟავე სასმელები, როგორიცაა ფორთხოლის ან პომიდვრის წვენი, აღიზიანებს შარდის ბუშტს და შარდის გამოჟონვას იწვევს. შეუკავებლობა შეიძლება შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის მქონე ბავშვებში განვითარდეს, რადგან ამ დაავადებების დროს დიდი რაოდენობით შარდი წარმოიქმნება.

დიაგნოსტიკა

ზოგჯერ პრობლემის მიზეზის მიგნება სიმპტომებითა და გასინჯვის შედეგების მიხედვით შეიძლება. ინფექციის დასადგენად შარდის ანალიზი კეთდება და ზოგჯერ შარდის კულტურაც ითესება. შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის სადიაგნოსტიკოდ სისხლის, შარდის ანალიზები კეთდება შაქრისა და ელექტროლიტების დონის განსასაზღვრად. თუკი თანდაყოლილი დეფექტის არსებობაა საეჭვო, თირკმლებისა და შარდის ბუშტის ულტრასონოგრაფია და ხერხემლის რენტგენოგრაფია შეიძლება გახდეს საჭირო. ზოგჯერ, ასევე ინიშნება თირკმლებისა და შარდის ბუშტის სპეციალური რენტგენოგრაფიული კვლევა, ე.წ. მოშარდვის ცისტოურეთროგრამა. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება კათეტერით შეჰყავთ შარდის ბუშტში, რაც საშუალებას იძლევა საშარდე გზების აგებულებისა და შარდის დინების მიმართულების გამოსახულება მივიღოთ.

მკურნალობა

მკურნალობა შარდის შეუკავებლობის ფორმის მიხედვით ინიშნება. ინფექციის საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება. შესაძლოა ეფექტური იყოს შეკრულობის მოხსნა და მისი თავიდან აცილება, 2-3-საათიანი ინტერვალებით მოშარდვა, ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის დროს – ბიოუკუკავშირი და ქცევების ცვლილებები, გამომწვევი მიზეზის მიხედვით. სასურველია საკვების სწორად შერჩევა და შარდის ბუშტის გამაღიზიანებლების შეზღუდვა. თუკი ქცევის ცვლილებები არ არის საკმარისი, შარდის ბუშტის სპაზმის საწინააღმდეგოდ ზოგი მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს, მაგალითად, ოქსიბუტინინი. თანდაყოლილი, ანატომიური დეფექტების მქონე ბავშვებს შეიძლება ოპერაციული ჩარევა, მედიკამენტები, ან ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია დასჭირდეთ.