1. ჰიდრონეფროზი
  2. საშარდე გზების დახშობა
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავსება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შარდის დინების დარღვევით და თირკმლებში წნევის გაზრდით არის გამოწვეული.

  • თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.

  • როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).

  • როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.

  • საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.

  • მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა დამოკიდებული.

ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბალი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახშობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თანდათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირკმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზების ინფექციები და კენჭების ფორმირების რისკიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.

თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმული შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გავლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდსაწვეთების კედელში ნორმალური კუნთოვანი ქსოვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.

მიზეზები

ჰიდრონეფროზს, როგორც წესი, შარდსაწვეთისა და თირკმლის მენჯის შეერთების ადგილას არსებული ობსტრუქცია იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სტრუქტურული დარღვევები – მაგალითად, თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც შარდსაწვეთი თირკმლის მენჯს მაღლა უერთდება ან მისი კუნთები არასაკმარისადაა განვითარებული (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის თანდაყოლილი ობსტრუქცია).

  • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის გადაღუნვა თირკმლის ქვემოთ გადანაცვლების გამო (თირკმლის დაწევა ანუ პტოზი).

  • კენჭები ან სისხლის კოლტი თირკმლის მენჯში.

  • შარდსაწვეთზე ზეწოლა ფიბროზული ქსოვილის, არტერიის ან ვენის უჩვეულო მდებარეობის, სიმსივნის გამო.

ჰიდრონეფროზი შეიძლება, აგრეთვე, მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ქვემოთ არსებულმა ობსტრუქციამ ან შარდის ბუშტიდან შარდის უკუდინებამ (რეფლუქსი) გამოიწვიოს. ასეთი ობსტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კენჭები შარდსაწვეთში;

  • სისხლის კოლტი შარდსაწვეთში;

  • სიმსივნე შარდსაწვეთში ან მასთან ახლოს;

  • შარდსაწვეთის შევიწროება თანდაყოლილი დეფექტის, ტრავმის, ინფექციის, სხივური თერაპიის ან ოპერაციის გამო;

  • შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის ნერვთა და კუნთთა დაავადებები;

  • ფიბროზული ქსოვილის ფორმირება შარდსაწვეთში ან მის გარშემო ოპერაციის, სხივური თერაპიის ან მედიკამენტების (განსაკუთრებით მეთისერგიდის) გამო;

  • შარდსაწვეთის ქვედა ბოლოს შარდის ბუშტში გადანაცვლება და შიგნით გამოდრეკა (ureterocele – შარდსაწვეთის თიაქარი);

  • შარდის ბუშტის, მისი ყელის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები;

  • ობსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის შარდის გადადინებას ბუშტიდან შარდსადენში (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მისი გადიდება, სწორი ნაწლავის ფეკალური მასებით გადავსება);

  • შარდის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა თანდაყოლილი დეფექტის, ზურგის ტვინის ან ნერვების დაზიანების გამო.

ორივე თირკმლის ჰიდრონეფროზი შეიძლება ორსულობისას განვითარდეს, როცა გადიდებული საშვილოსნო შარდსაწვეთებს აწვება. ამ დროს ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება გააღრმაოს პრობლემა, რადგან შარდის შარდსადენის გავლით გარეთ გამოდევნაში მონაწილე კუნთების შეკუმშვა სუსტდება. ამ მდგომარეობას ორსულობის ჰიდრონეფროზი ეწოდება და მშობიარობის შემდეგ გამოსწორდება. თუმცა, თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთები მეტ-ნაკლებად გაფართოებული შეიძლება შემდგომშიც დარჩეს.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია მიზეზზე, ობსტრუქციის ადგილსა და მის ხანგრძლივობაზე. როცა დახშობა უეცრად ხდება (მწვავე ჰიდრონეფროზი), როგორც წესი, თირკმლის ჭვალი ვითარდება – გაუსაძლისი, შეტევითი ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე) ობსტრუქციის მხარეს. მხოლოდ ერთ მხარეს დახშობა შარდის გამოყოფას არ არღვევს. ეს მაშინ ხდება, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმლის ორივე შარდსაწვეთში ან შარდსადენშია. შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის დახშობამ შეიძლება ტკივილი, ბუშტში წნევის გაზრდა და მისი გაჭიმვა გამოიწვიოს.

როდესაც ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება (ანუ ქრონიკულად), სიმპტომები არ ვლინდება ან ტკივილი ყრუ, მღრღნელი ხასიათისაა და აღინიშნება დაზიანების მხარეს, გვერდში. ზოგჯერ თირკმლის კენჭი დროებით ახშობს შარდსაწვეთს და მტკივნეულ ჰიდრონეფროზს იწვევს, რაც დროგამოშვებით ვითარდება.

ამ მდგომარეობამ შეიძლება ნაწლავების დაავადებისთვის დამახასიათებელი, გაურკვეველი სიმპტომებიც გამოიწვიოს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ხანდახან ასეთი სიმპტომები ბავშვებში ვლინდება, რომელთაც თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის შეერთების ადგილის თანდაყოლილი შევიწროება აქვთ (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქცია).

საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში შეიძლება ჩირქი იყოს, ადამიანს აწუხებდეს მაღალი ტემპერატურა და დისკომფორტის შეგრძნება შარდის ბუშტის ან თირკმლის არეში.

დიაგნოსტიკა

ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ობსტრუქციის მიზეზთა უმრავლესობა გამოსწორებადია, ხოლო, მეორე მხრივ, მკურნალობის დაგვიანების გამო თირკმლები შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს. ექიმს ჰიდრონეფროზზე ეჭვი სიმპტომებიდან და ზოგჯერ გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე მიაქვს. გადიდებული თირკმლის გასინჯვა ზოგჯერ ხელითაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ზომაში ძალიან არის მომატებული და პაციენტი ბავშვი ან გამხდარი მოზრდილია. გადავსებული, გადიდებული შარდის ბუშტის გასინჯვა მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთაა შესაძლებელი.

საბოლოო დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევებია საჭირო. შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (დრეკადი მილის შარდსადენის გავლით შეყვანა) ხშირად პირველი დიაგნოსტიკური პროცედურაა თირკმლის ჭვლის, თირკმლის მენჯში გაზრდილი წნევის ან ორგანოს გადიდების მქონე ადამიანებში. თუკი კათეტერიდან დიდი რაოდენობით შარდი წამოვიდა, ე.ი. ობსტრუქცია შარდის ბუშტის ქვედა ხვრელთან ან შარდსადენში იყო. ბევრი ექიმი ულტრასონოგრაფიულ კვლევას ნიშნავს, რათა კათეტერიზაციამდე დადგინდეს, შარდის ბუშტი გადავსებულია თუ არა.

თუკი ობსტრუქციის ადგილი საეჭვოა, შეიძლება სხვადასხვა გამოსახულებითი კვლევა ჩატარდეს ამ ადგილის ზუსტად დასადგენად ან ზოგადად ობსტრუქციის დასადასტურებლად (მაგალითად, ჰიდრონეფროზის აღმოჩენით). ულტრასონოგრაფია ძალიან გამოსადეგია შემთხვევათა უმრავლესობაში (განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულებში), რადგან იგი საკმაოდ ზუსტია და ადამიანი არ სხივდება. სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია კომპიუტერული ტომოგრაფია. იგი სწრაფი და ძალიან ზუსტია, განსაკუთრებით კენჭების აღმოსაჩენად. თუკი მაინც ვერ დადგინდა ობსტრუქციის ადგილი, შეიძლება სხვა კვლევებიც დაინიშნოს, მაგალითად, ინტრავენური უროგრაფია.

ზოგჯერ დახშობის ადგილის ახლოდან დასათვალიერებლად ენდოსკოპია გამოიყენება (მაგარი ან დრეკადი ტელესკოპი). მისი საშუალებით საშარდე გზების შესწავლაა შესაძლებელი.

საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზების აღებაც. სისხლის ანალიზები, როგორც წესი, ნორმაშია, მაგრამ თუკი ობსტრუქცია ორივე თირკმელს აზიანებს, შეიძლება შარდოვანას, კრეატინინის ან ორივეს მატება გამოვლინდეს. შარდის ანალიზის შედეგებიც ხშირად ნორმაშია. ამასთან, როცა დახშობის მიზეზი კენჭი ან სიმსივნეა, ან იგი ინფექციითაა გართულებული, შარდში სისხლის წითელი (ერითროციტების) და თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა იქნება მომატებული.

პროგნოზი

თირკმლის გამოუსწორებელი დაზიანება ნაკლებად სავარაუდოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმელს მოიცავს და, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. პროგნოზი ნაკლებადაა განსაზღვრული ქრონიკული ჰიდრონეფროზის არსებობისას.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანი, როგორც წესი, ობსტრუქციის მიზეზის გამოსწორებაა. მაგალითად, თუკი შარდსადენია დახშული გადიდებული ან სიმსივნური წინამდებარე ჯირკვლით, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ან შარდსადენის ქირურგიულ გაფართოებას. შარდის დინების შემაფერხებელი კენჭების მოსაშორებლად სხვა მეთოდებია საჭირო, მაგალითად, ლითოტრიფსია და ენდოსკოპიური ქირურგია. თუკი ობსტრუქციის მიზეზის გამოსწორება სწრაფად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, თუ ამას ერთვის ინფექცია, თირკმლის უკმარისობა ან ძლიერი ტკივილი, საშარდე გზები შარდისგან უნდა დაიცალოს. მწვავე ჰიდრონეფროზის დროს, დახშობის ადგილის ზემოთ დაგროვილი შარდის გამოსაღებად რბილი მილი კანის გავლით თირკმელში შეჰყავთ (ნეფროსტომა) ან შარდსაწვეთში დგამენ (სტენტირება). ნეფროსტომის ან შარდსაწვეთის სტენტირების გართულებებია მილის გადაადგილება, ინფექცია და დისკომფორტი.

ქრონიკული ჰიდრონეფროზის სასწრაფოდ გამოსწორება, როგორც წესი, საჭირო არ არის. აუცილებელია ამ მდგომარეობის გართულებების (მაგალითად, საშარდე გზების ინფექციისა და თირკმლის უკმარისობის) დროული მკურნალობა.