1. ურეთრიტი
  2. საშარდე გზების ინფექციები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ურეთრიტი

ურეთრიტი შარდსადენის ინფექციაა, მილის, რომლითაც შარდი შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ გამოიდევნება.

  • ურეთრიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიები.

  • სიმპტომები მოიცავს ტკივილს შარდვისას, გახშირებულ შარდვასა და, ზოგჯერ, გამონადენსაც.

  • როგორც წესი, ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება.

მიზეზები

ურეთრიტი შეიძლება ბაქტერიებმა, სოკოებმა ან ვირუსებმა (მაგ. მარტივი ჰერპესის ვირუსმა) გამოიწვიოს. ქალების უმრავლესობაში გამომწვევები ის ბაქტერიებია, რომლებიც ნორმაში ნაწლავების ქვედა ნაწილში ცხოვრობენ. ისინი შარდსადენში ყითადან ხვდებიან. კაცებში ურეთრიტი ბევრად იშვიათად ვითარდება, რადგან მათი შარდსადენის გარეთა ხვრელი დაშორებულია ყითადან და ბაქტერიებს ნაკლებად შეუძლიათ იქამდე მიღწევა. ურეთრიტის მქონე ქალთა უმრავლესობაში შარდის ბუშტის ინფექციაც (ცისტიტი) ვითარდება, რაც მამაკაცებისთვის დამახასიათებელი არ არის.

სქესობრივი გზით გადამდები მიკროორგანიზმები – მაგ.: გონორეის გამომწვევი ნეისერია (Neisseria gonorrhoeae) – შეიძლება შარდსადენში სქესობრივი აქტის დროს მოხვდეს ინფიცირებული პარტნიორისგან. სქესობრივი გზით ხშირად ქლამიდია და მარტივი ჰერპესის ვირუსიც გადაეცემა და შეიძლება ურეთრიტი გამოიწვიოს. როცა ეს დაავადება კაცებში ვითარდება, ძალიან ხშირად იგი გონორეითაა გამოწეული. Neisseria gonorrhoeae-მ ურეთრიტი შეიძლება ქალებშიც გამოიწვიოს, მაგრამ იგი უფრო ხშირად საშოს, საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს, საკვერცხეებსა და კვერცხსავალ მილებს აინფიცირებს. კაცებში შარდსადენის ინფექციისა და ანთების კიდევ ერთი მიზეზია მიკროსკოპული პარაზიტი – ტრიქომონა. ურეთრიტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმა, რომლებიც საშარდე გზების სხვა ნაწილებს აინფიცირებენ, მაგ. ნაწლავის ჩხირმა.

სიმპტომები

ორივე სქესში ხშირად ვლინდება მტკივნეული შარდვა და მოშარდვის ხშირი, დაუძლეველი სურვილი. ზოგ ადამიანს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. კაცებში, როცა გამომწვევი გონორეა ან ქლამიდიაა, როგორც წესი, შარდსადენიდან გამონადენი აღინიშნება. იგი ხშირად მომწვანო-მოყვითალოა, როცა გამომწვევი გონოკოკია და გამჭვირვალეა, როცა ინფექციის მიზეზი სხვა მიკროორგანიზმებია. ქალებში გამონადენი უფრო იშვიათია.

სხვა დაავადებებიდან მტკივნეული შარდვა შეიძლება შარდის ბუშტის ინფექციამ და ვაგინიტმაც გამოიწვიოს. ვაგინიტის დროს მტკივნეული შარდვა იმიტომ ვითარდება, რომ მჟავა რეაქციის შარდი ანთებად ვულვასა და საშოს ამომფენ გარსს აღიზიანებს.

გართულებები: შარდსადენის არანამკურნალებმა ან ცუდად ნამკურნალებმა ინფექციებმა შეიძლება დროთა განმავლობაში მისი შევიწროება – სტრიქტურა გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექციის რისკს. არანამკურნალები გონორეის დროს შესაძლოა შარდსადენის გარშემო ჩირქი დაგროვდეს ანუ აბსცესი წარმოიქმნას. ამან შეიძლება შარდსადენის კედლების ჩანთასავით გამობერვა (ე.წ. დივერტიკული) გამოიწვიოს და მისი ინფექცია განვითარდეს. თუკი აბსცესმა კანი, საშო ან სწორი ნაწლავი გაარღვია, შარდი შეიძლება ამ ახლად ფორმირებულ ხვრელმილში გადავიდეს (შარდსადენის ფისტულა).

დიაგნოზი

ურეთრიტის დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებიდან და გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე ისმება. თუკი გამონადენი არის, მისი ნაცხის აღებაა საჭირო რბილთავიანი ჩხირის შარდსადენის ბოლოში შეყვანით. შემდეგ იგი ლაბორატორიაში იგზავნება ანალიზისთვის, რათა გამომწვევი მიკროორგანიზმი დადგინდეს.

პრევენცია და მკურნალობა

ურეთრიტის გამომწვევი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვა პრეზერვატივით შეიძლება.

მკურნალობა ინფექციის მიზეზზეა დამოკიდებული. თუმცა, მიკროორგანიზმის ზუსტად დადგენას შეიძლება დღეები დასჭირდეს. ექიმები თავდაპირველად ისეთ ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, რომლებიც ყველაზე ხშირი ინფექციებისთვისაა ეფექტური. სქესობრივად აქტიური მამაკაცებისთვის, მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ცეფტრიაქსონის ინფექციებს გონორეისთვის და აზითრომიცინს ან დოქსიციკლინს დასალევად ქლამიდიისთვის. თუკი კვლევებით გამოირიცხება ეს ორი ინფექცია, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი ან ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი (მაგ. ციპროფლოქსაცინი) შეიძლება დაინიშნოს. ქალებში მკურნალობა ისეთივეა, როგორც ცისტიტის დროს. მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციისთვის შესაძლოა ანტივირუსული საშუალება, მაგ. აციკლოვირი გახდეს საჭირო.