1. პიელონეფრიტი
  2. საშარდე გზების ინფექციები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი ერთი ან ორივე თირკმლის ბაქტერიული ინფექციაა.

  • ინფექცია შეიძლება საშარდე გზებიდან თირკმლებში გავრცელდეს ან ბაქტერიები ამ ორგანოებში სისხლის ნაკადიდან მოხვდეს.

  • შესაძლოა გამოვლინდეს შემცივნება, ცხელება, წელის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.

  • პიელონეფრიტის სადიაგნოზოდ შარდისა და ზოგჯერ სისხლის ანალიზები გამოიყენება.

  • ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება.

მიზეზები

პიელონეფრიტი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. შემთხვევათა 90%-ში გამომწვევი მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი ბაქტერია, ე.წ. ნაწლავის ჩხირია (იმ ადამიანებში, რომლებიც საავადმყოფოში არ არიან და მოხუცებულთა სახლში არ ცხოვრობენ). ინფექცია ხშირად შარდსადენიდან აღმავალი გზით ვრცელდება შარდის ბუშტში, შარდსაწვეთებსა და თირკმლებში. ჯანმრთელი საშარდე გზების მქონე ადამიანში, როგორც წესი, იგი არ ვითარდება, რადგან ბაქტერიები შარდსაწვეთსა და თირკმლებში გავრცელებას ვერ ახერხებენ. ეს იმით აიხსნება, რომ შარდის ნაკადი ბაქტერიებს გარეთ გამორეცხავს და ასევე, მოშარდვისას შარდსაწვეთების ბოლოები იხშობა და შარდი შარდის ბუშტიდან უკან აღმავალი გზით არ აედინება. თუმცა, შარდის დინების მექანიკურად დახშობა ან მისი უკან, შარდსაწვეთებში ადინება (რეფლუქსი) ზრდის პიელონეფრიტის განვითარების რისკს. დახშობა შეიძლება სტრუქტურული პათოლოგიით, თირკმლის კენჭით ან გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით იყოს გამოწვეული. პიელონეფრიტის რისკი ორსულობის დროსაც იმატებს. ფეხმძიმე ქალებში გადიდებული საშვილოსნო შარდსაწვეთებს აწვება და ნაწილობრივ ახშობს შარდის ნორმალურ, ქვედა მიმართულებით დინებას. ორსულობისას შარდის უკან, შარდსაწვეთებში ადინების რისკიც იზრდება, რადგან ეს მილები ფართოვდება და იმ კუნთთა შეკუმშვებიც სუსტდება, რომლებიც, წესით, შარდს ბუშტისკენ გადადევნიან.

თირკმელში ბაქტერიები შეიძლება ორგანიზმის სხვა ნაწილიდანაც მოხვდეს სისხლის მეშვეობით, მაგალითად, კანის სტაფილოკოკური ინფექციისას.

პიელონეფრიტის რისკი და სიმძიმე იზრდება შაქრიანი დიაბეტის ან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, რადგან ამ დროს ორგანიზმს არ შეუძლია ინფექციებთან ბრძოლა. ამ დაავადებას ძირითადად ბაქტერიები იწვევენ, მაგრამ შესაძლოა მიზეზი ტუბერკულოზი, სოკოები ან ვირუსებიც იყოს.

ზოგ ადამიანს ხანგრძლივი ინფექცია უვითარდება (ქრონიკული პიელონეფრიტი). თითქმის ყველა მათგანს სერიოზული თანმდევი დაავადება აქვს, მაგალითად, საშარდე გზების ობსტრუქცია, თირკმლის დიდი ზომის კენჭების ხანგრძლივი არსებობა ან, უფრო ხშირად, შარდის უკუდინება ბუშტიდან შარდსაწვეთებში (უფრო ხშირია პატარა ბავშვებში). ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ბაქტერიები შეიძლება სისხლში გადავიდეს და მეორე თირკმლის ან სხვა ორგანოების ინფიცირებაც გამოიწვიოს. იშვიათად, ამ დაავადებამ შეიძლება დროთა განმავლობაში მძიმედ დააზიანოს თირკმლები.

ზოგ ადამიანს ქსანტოგრანულომატოზური პიელონეფრიტი უვითარდება, ქრონიკული პიელონეფრიტის ერთ-ერთი სახე, რომელსაც თირკმლის კენჭები იწვევს. ხშირად თირკმელში ჭარბად ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი (და შეუქცევადად აზიანებს მას) ან ჩირქგროვები (რაც ცხელებასა და ძლიერ ტკივილს იწვევს).

სიმპტომები

პიელონეფრიტის სიმპტომები ხშირად უეცრად ვლინდება: შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი წელის არეში, რომელიმე მხარეს, გულისრევა და ღებინება.

ამ დროს ადამიანთა მესამედს ცისტიტის სიმპტომებიც აქვს, მათ შორის ხშირი, მტკივნეული შარდვაც. ერთი ან ორივე თირკმელი შეიძლება გადიდებული და მტკივნეული იყოს. ამასთან, ექიმმა დაზიანებულ მხარეს შეიძლება წელის მიდამოს მტკივნეულობა გამოავლინოს. ზოგჯერ მუცლის კუნთები მჭიდროდ არის შეკუმშული. ინფექციის ან თირკმლის დაძრული კენჭის მიერ შარდსაწვეთის გაღიზიანებამ შეიძლება მისი სპაზმი გამოიწვიოს, რის დროსაც ადამიანს გაუსაძლისი ტკივილი აწუხებს (თირკმლის ჭვალი). ბავშვებში თირკმლის ინფექციის სიმპტომები უფრო მსუბუქია და ძნელად შესამჩნევი. მოხუცებში პიელონეფრიტი შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, რომ საშარდე გზების პრობლემაზე მიიტანონ ეჭვი. ამის ნაცვლად მათ დელირიუმი ან სისხლის ინფიცირება (სეფსისი) უვითარდებათ.

ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ტკივილი შეიძლება მსუბუქი, გაურკვეველი იყოს, ხოლო ცხელება შეიძლება დროგამოშვებით ან საერთოდ არ განვითარდეს.

დიაგნოსტიკა

პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას, ექიმები ორ ანალიზს ნიშნავენ, რათა დადგინდეს თირკმელში ინფექციის არსებობა: შარდის ნიმუშის მიკროსკოპით კვლევა და მისი ბაქტერიული კულტურის დათესვა გამომწვევის დასადგენად. სისხლის ანალიზით შეიძლება თეთრი უჯრედების მომატება ან მასში ბაქტერიების არსებობაც კი დადგინდეს.

დამატებითი კვლევები ინიშნება ადამიანებში, რომელთაც თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელი ძლიერი წელის ტკივილი აქვთ, ანტიბიოტიკებით მკურნალობა 48 საათის განმავლობაში არ არის ეფექტური, კურსის ჩამთავრების შემდეგ სიმპტომები კვლავ იჩენს თავს ან პიელონეფრიტი ხანგრძლივია და განმეორებით ვითარდება. დამატებითი კვლევები საჭიროა მამაკაცებშიც, რადგან მათში ეს დაავადება ძალიან იშვიათია. ამ დროს ულტრასონოგრაფიულად ან კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლოა თირკმლის კენჭების, სტრუქტურული პათოლოგიების ან საშარდე გზების დახშობის სხვა მიზეზის აღმოჩენა მოხერხდეს.

პროგნოზი

ადამიანთა უმრავლესობა სრულიად გამოჯანმრთელდება. დაავადების მიმდინარეობის გახანგრძლივება და გართულებები უფრო ხშირია, თუკი ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, აქვს თირკმლის კენჭი ან გამომწვევი მიკროორგანიზმი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულია. ეს ასევე მოსალოდნელია ზოგიერთი სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტის ან შიდსის გამო დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

პრევენცია და მკურნალობა

ანტიბიოტიკებით მკურნალობა პიელონეფრიტზე ეჭვის მიტანისა და ანალიზებისთვის ნიმუშების აღებისთანავე იწყება. ლაბორატორიული კვლევების შედეგების (მათ შორის შარდის კულტურის) მიხედვით შესაძლოა მედიკამენტი ან მისი დოზა შეიცვალოს. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ავადაა ადამიანი და ინფექცია საავადმყოფოში ყოფნისას განვითარდა თუ არა. საავადმყოფოში არსებული ბაქტერიები რეზისტენტულები არიან ანტიბიოტიკების მიმართ, ანუ მათზე ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს ეს მედიკამენტები. სახლის პირობებში მკურნალობა და ანტიბიოტიკების დასალევი ფორმით მიღება ხშირად ეფექტურია, თუ:

  • ადამიანს არ აქვს გულისრევა ან ღებინება;

  • გაუწყლოვნების ნიშნები არ არის;

  • იმუნური სისტემის დამასუსტებელი დაავადებები არ აღინიშნება (მაგ. ზოგი სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი, შიდსი).

  • არ ვითარდება მძიმედ მიმდინარე ინფექციის ნიშნები, მაგ. დაბალი არტერიული წნევა ან ცნობიერების მოშლა.

  • დასალევი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ეფექტურია.

სხვა შემთხვევაში, მკურნალობა დასაწყისში საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს. თუკი ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკოთერაპია საჭირო გახდა, პირველი 1-2 დღე ანტიბიოტიკი ვენაში გადასხმით კეთდება, შემდეგ კი – დასალევად ეძლევა ადამიანს.

პიელონეფრიტის დროს ანტიბიოტიკები 14 დღის განმავლობაში ინიშნება, რათა ინფექცია ხელახლა არ განვითარდეს. თუმცა, მამაკაცებში, რომლებშიც ინფექცია პროსტატიტის გამო ვითარდება, კურსი შესაძლოა 6 კვირამდეც გახანგრძლივდეს, რადგან ინფექციის სრულად აღმოფხვრა უფრო ძნელია. ანტიბიოტიკების შეწყვეტიდან ცოტა ხანში შარდის საბოლოო ანალიზი ტარდება, რათა დადასტურდეს, რომ ინფექცია განკურნებულია.

თუკი კვლევებით სხვა, მანამდე არსებული დაავადება დადგინდა, მაგ., საშარდე გზების დახშობა, სტრუქტურული პათოლოგია ან კენჭი, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. ქსანტოგრანულომატოზური პიელონეფრიტის დროს, ხშირად ინფიცირებული თირკმლის ამოკვეთაა აუცილებელი, რადგან ინფექციები მრავალჯერ შეიძლება განმეორდეს. ეს ოპერაცია კეთდება ქრონიკული პიელონეფრიტის მქონე ადამიანებშიც, რომლებსაც მალე თირკმელი უნდა გადაენერგოთ. გადანერგილ ორგანოზე ინფექციის გავრცელება ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს ადამიანები იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს იღებენ. ეს აუცილებელია, რათა ორგანიზმმა გადანერგილი თირკმელი არ მოიშოროს, მაგრამ, მეორე მხრივ, აქვეითებს ინფექციებთან ბრძოლის უნარსაც.

როცა პიელონეფრიტი ხშირად ხელახლა ვითარდება ან ანტიბიოტიკოთერაპიის ჩამთავრების მერე კვლავ იჩენს თავს, ექიმმა შესაძლოა ამ მედიკამენტების მცირე დოზა დანიშნოს ყოველდღე მისაღებად. ამ პრევენციული მკურნალობის იდეალური ხანგრძლივობა უცნობია, მაგრამ, ხშირად იგი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. თუკი ინფექცია მაინც განმეორდა, ანტიბიოტიკების მიღება შეიძლება განუსაზღვრელი დროით გახდეს საჭირო. თუკი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალი იღებს ამ მედიკამენტებს, სასურველია ორსულობის თავიდან აცილება და ექიმთან გასაუბრება, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ანტიბიოტიკების მიღება ფეხმძიმობის დროსაც.