1. თირკმლის დაზიანება
  2. საშარდე გზების დაზიანება
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლის დაზიანება

საშარდე გზების ორგანოებს შორის ყველაზე ხშირად თირკმელი ზიანდება. საავტომობილო ავარიის, სიმაღლიდან ვარდნის ან სპორტული შეჯიბრებების დროს მას ბლაგვი ტრავმა აზიანებს. შემავალი ჭრილობა, როგორც წესი, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღითაა მიყენებული. უფრო იშვიათად, დაზიანება ვითარდება დიაგნოსტიკური პროცედურების დროს, მაგ., თირკმლის ბიოფსიის დროს ან მკურნალობის პროცესში მაგ., კენჭების დაშლისას ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსიის მეთოდით. თირკმლის ბლაგვი ტრავმების უმრავლესობა მსუბუქია, თუმცა ზოგჯერ მძიმეც შეიძლება იყოს. თუკი მძიმე, ბლაგვი საგნით მიყენებული ან შემავალი დაზიანების მკურნალობა დროულად არ მოხდა, შეიძლება გართულებები განვითარდეს – თირკმლების უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, მოგვიანებითი სისხლდენა და ინფექცია.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

თირკმლის ბლაგვი ტრავმის სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ან გვერდში (ნეკნებსა და თეძოს შორის), გვერდის დაჟეჟილობა, სისხლიანი შარდვა, თირკმლის საპროექციო არეში უსაფრთხოების ღვედის ზეწოლის კვალი ან ტკივილი ქვედა ნეკნების მოტეხილობის გამო. თირკმლის მძიმე ტრავმის დროს, თუკი ადამიანმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, შესაძლოა არტერიული წნევა დაეცეს (შოკი) ან ანემია განვითარდეს.

თირკმლის დაზიანების დადგენაში ექიმებს ტრავმის განვითარების ისტორია, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები ეხმარება. შარდის ნიმუში ანალიზისთვის იგზავნება, რათა მასში სისხლის არსებობა დადგინდეს. სხეულზე მიღებული ტრავმის შედეგად შარდში სისხლის გამოყოფა თირკმლის დაზიანებაზე მიანიშნებს. სისხლი შეიძლება იმდენი იყოს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდეს (მაკროჰემატურია) ან ისე ცოტა, რომ მხოლოდ მიკროსკოპში გამოჩნდეს (მიკროჰემატურია). შემავალი ჭრილობების დროს მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა (ჭრილობა მუცლის ზედა თუ შუა ნაწილშია, ზურგშია თუ გვერდში) ექიმს ეხმარება იმის დადგენაში, დაზიანებულია თუ არა თირკმელი.

მსუბუქი სიმპტომებისა და შარდში მცირე რაოდენობით სისხლის (რომელიც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს) მქონე ზრდასრულებს, სავარაუდოდ მხოლოდ მცირე დაჟეჟილობა აქვთ, რომელიც თავისითაც აღდგება. დამატებითი კვლევები, როგორც წესი, საჭირო არ არის. ბავშვებში და იმ ზრდასრულებში, რომლებშიც ექიმს უფრო სერიოზული დაზიანების არსებობაზე აქვს ეჭვი, კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით. ზოგჯერ დიაგნოზის დასადასტურებლად სხვა კვლევებიც ხდება საჭირო.

მკურნალობა

თირკმლის მსუბუქი დაზიანებისას ხშირად საკმარისია წოლითი რეჟიმი და სითხის მიღების კონტროლი, რადგან ამ დროს ქსოვილები თავისით აღდგება. უფრო სერიოზული ტრავმების შემთხვევაში საწყის ეტაპზე საჭიროა სისხლის დანაკარგის მაქსიმალურად შემცირება, რათა შოკი არ განვითარდეს. არტერიული წნევის შესანარჩუნებლად და შარდის წარმოქმნის სტიმულირებისთვის ხშირად ადამიანს ვენაში სითხეებისა და სისხლის გადასხმა სჭირდება. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ უმძიმეს შემთხვევებშია საჭირო, მაგ., როცა თირკმლიდან მისი სისხლძარღვები მოიგლიჯება. იშვიათად, დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა ხდება აუცილებელი.

თუკი დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ დაგვიანდა, ადამიანთა უმრავლესობა მძიმე დაზიანების შემდეგაც კი გამოჯანმრთელდება. თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე გახდეს საჭირო. თირკმლის ტრავმის სხვა გართულებებია მაღალი არტერიული წნევა, მოგვიანებითი სისხლდენა და ინფექცია, რომლებსაც ასევე დასჭირდება მკურნალობა.