1. დილატაციური კარდიომიოპათია
  2. კარდიომიოპათია
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
დილატაციური კარდიომიოპათია

დილატაციური (შეგუბებითი) კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებების ჯგუფია, რომლების დამახასიათებელი ნიშანია, პარკუჭების გაგანიერების მიუხედავად, სხეულისთვის საჭირო მოცულობის სისხლის გადატუმბვის უუნარობა და, საბოლოო ჯამში, გულის უკმარისობა.

  • დილატაციური კარდიომიოპათიის ძირითადი მიზეზებია კორონარული არტერიების დაავადება, ვირუსული ინფექციები, ზოგიერთი ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობა;

  • ხშირად პირველი სიმპტომებია ქოშინი და დაღლილობა;

  • დილატაციური კარდიომიოპათიის სადიაგნოზოდ ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია გამოიყენება;

  • კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზის მკურნალობის მცდელობა მხოლოდ წამლების მიცემით შემოიფარგლება.

დილატაციური კარდიომიოპათია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია 20-60 წლის ადამიანებს შორის. კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტთა დაახლოებით 10% 65 წელზე მეტი ასაკისაა. მამაკაცები 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები, შავკანიანები 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე თეთრკანიანები. ყოველწლიურად 100000 ადამიანიდან კარდიომიოპათია დაახლოებით 5-8 ადამიანს უვითარდება.

გამომწვევი მიზეზები

ჩრდილოეთ ამერიკაში დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია გულის მკვებავი სისხლძარღვების დიდი ნაწილის დაზიანებით მიმდინარე კორონარული არტერიების დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთის სისხლით მომარაგება არ არის საკმარისი, რაც მის დაზიანებას და კვდომას იწვევს. ამის შედეგად გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია ქვეითდება. გულის კუნთის დანეკროზებულ უბანს ფიბროზული (ნაწიბუროვანი) ქსოვილი ჩაანაცვლებს, დაუზიანებელი ნაწილი კი იჭიმება და სქელდება (ჰიპერტროფია), შეკუმშვის ძალის დაქვეითების საკომპენსაციოდ. რაც უფრო მეტად არის გულის კუნთი გაჭიმული, მით უფრო ძლიერია მისი შეკუმშვა და მის მიერ გადასროლილი სისხლის რაოდენობა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, რომლის შემდეგაც გაჭიმვა და გასქელება აღარ არის საკმარისი კომპენსაციისთვის და ვითარდება დილატაციური კარდიომიოპათია გულის უკმარისობით.

ზემოხსენებულის გარდა დილატაციური კარდიომიოპათია ვირუსული ინფექციით გამოწვეულმა გულის კუნთის მწვავე ანთებამ – მიოკარდიტმა შეიძლება განაპირობოს (ვირუსული კარდიომიოპათია). ამ უკანასკნელის ხშირი გამომწვევი ჩრდილოეთ ამერიკაში კოქსაკი ვირუსია, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში კი – სხვა ვირუსული ინფექციები. ვირუსი აზიანებს და ასუსტებს გულის კუნთს. კორონარული არტერიების დაავადების დროს მიმდინარე პროცესების მსგავსად, დასუსტებული გულის კედელი კომპენსაციის მცდელობის მიზნით იჭიმება, რასაც გულის უკმარისობით თანხლებული დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარება მოსდევს. იშვიათად, დილატაციური კარდიომიოპათია ბაქტერიული ინფექციის შედეგიც შეიძლება იყოს.

დილატაციური კარდიომიოპათიის სხვა შესაძლო მიზეზებია ქრონიკულ-ენდოკრინული დაავადებები, სახელდობრ, რთული, არაკონტოროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მუდმივად გახშირებული გულისცემა ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. დილატაციური კარდიომიოპათია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნივთიერების, განსაკუთრებით ალკოჰოლის (ჭარბი რაოდენობა არასაკმარისი კვების ფონზე), კოკაინის, ანტიდეპრესანტების და ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატის გამოყენებამ. კარდიომიოპათიის იშვიათი გამომწვევებიდან აღსანიშნავია ორსულობა, შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი. როდესაც კონკრეტული მიზეზის დადგენა არ ხერხდება, დაავადებას უწოდებენ იდიოპათიურ კარდიომიოპათიას.

სიმპტომები

დილატაციური კარდიომიოპათიის პირველი სიმპტომებია ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს და ადვილად დაღლა. მოხსენიებული გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის შესუსტების შედეგია და მას გულის უკმარისობას უწოდებენ. როდესაც კარდიომიოპათიის გამომწვევი ინფექციაა, პირველად შეიძლება უეცარი ცხელება და გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოვლინდეს. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, თუ გული მძიმედ არის დაზიანებული, გულისცემის სიხშირე მომატებულია, სისხლის წნევა ნორმალურია ან დაბალი, ქვედა კიდურები და მუცელი შეშუპებულია, ფილტვებში სითხეა შეგუბებული.

გულის გაგანიერების გამო სარქვლები სათანადოდ ვერ იხურება და შეკუმშვის დროს სისხლს ნორმულის საპირისპირო მიმართულებით ატარებს (სარქვლის უკმარისობა). ყველაზე ხშირად ზიანდება მიტრალური სარქველი, რომელიც მარცხენა წინაგულსა (გულის ზედა საკანი) და მარცხენა პარკუჭს (გულის ქვედა საკანი) შორის მდებარეობს, აგრეთვე სამკარიანი სარქველი, რომელიც მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭს შორის მდებარეობს. სისხლის ნაკადის ნორმულის საპირისპირო მიმართულებით დინება შუილს იწვევს, მისი მოსმენა ექიმს სტეთოსკოპით შეუძლია. გულის კუნთის დაზიანებამ და გაჭიმვამ შეიძლება გულისცემის რიტმის დარღვევა (არითმია) გამოიწვიოს, რომელიც პაციენტის მიერ აღიქმება როგორც გულის ფრიალი ან სიკვდილის მოახლოება. ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში არითმიები ვითარდება. სარქვლების უკმარისობა და არითმია აუარესებს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას.

სისხლი გაგანიერებულ გულში გროვდება, იზრდება გულის საკნების კედლებზე თრომბის ჩამოყალიბების ალბათობა, რომელიც შეიძლება მცირე ნაწილებად – ემბოლებად დანაწევრდეს. ეს უკანასკნელი სისხლის ნაკადმა შეიძლება სხეულის რომელიმე ნაწილში მიიტანოს, ემბოლმა შესაძლოა დაახშოს სისხლძარღვი, რომელიც სისხლით ამარაგებს ამა თუ იმ ორგანოს, რაც ამ უკანასკნელის დაზიანებას გამოიწვევს. სისხლძარღვის დახშობა, რომელიც ტვინს ამარაგებს სისხლით, ინსულტს გამოიწვევს.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს. ელექტროკარდიოგრაფიამ (ეკგ) შეიძლება გამოავლინოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი დიაგნოზისთვის. ექოკარდიოგრაფია, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით იძლევა ორგანოს გამოსახულების მიღების შესაძლებლობას, ყველაზე ეფექტური მეთოდია გულის ზომების, ფორმის და შეკუმშვის ძალის შესაფასებლად. დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) გამოყენება.

თუ დიაგნოზი საეჭვოა, გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის შესაფასებლად გულის კათეტერიზაცია ტარდება. ეს ინვაზიური პროცედურაა, რომლის დროსაც, გულის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გულში კათეტერი შეჰყავთ. კათეტერიზაციის პროცესში შესაძლებელია გაიზომოს წნევა გულის საკნებში და განისაზღვროს კორონარული არტერიების დაავადების სიმძიმე, აღებული იქნეს გულის ქსოვილის ნიმუში მიკროსკოპით შესწავლის მიზნით (ბიოფსია). ბიოფსია ზოგჯერ, დამახასიათებელი მიკროსკოპიული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში, კარდიომიოპათიის გამომწვევი დაავადების განსაზღვრისა (მაგალითად ვირუსული ინფექციისა, რომელიც ახლად არის განვითარებული) და დიაგნოზის დაზუსტების შესაძლებლობას იძლევა. ამავე დროს, ისიც ხაზგასასმელია, რომ ბიოფსიით მიღებული მასალის კვლევის შედეგები დიაგნოზის დასადასტურებლად იშვიათად არის საკმარისი.

პროგნოზი

პაციენტების დაახლოებით 70% სიმპტომების პირველად გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში კვდება. პროგნოზი უარესდება გულის გაგანიერების და ფუნქციის დარღვევის პარალელურად. არითმიები არაკეთილსაიმედო პროგნოზის მაუწყებელია. მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალების იმავე მაჩვენებლის ნახევარს შეადგენს, ისევე, როგორც შავკანიანებისა – თეთრკანიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ნახევარს. შემთხვევების დაახლოებით 50% უეცარი სიკვდილით სრულდება, რაც, სავარაუდოდ, არითმიის შედეგია.

მკურნალობა

თუ შესაძლებელია, გამომწვევი დაავადების მკურნალობაა საჭირო.

ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები მოიცავს: სტრესისთვის თავის არიდებას, საკვებში მარილის შეზღუდვას, ფიზიკური დატვირთვის შემცირებას, რაც, ნაწილობრივ, ამცირებს გულის დაძაბვას, როდესაც კარდიომიოპათია მწვავეა ან მძიმედ მიმდინარეობს. გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის გასაუმჯობესებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზი II-ის რეცეპტორების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები, სპირონოლაქტონი ან ეპლერენონი, მცირე დოზით – დიგოქსინი. შარდმდენი საშუალებები იხმარება ფილტვებიდან სითხის ჭარბი რაოდენობის ევაკუაციისთვის, შეშუპების შესამცირებლად, თუმცა მათი გამოყენება სიცოცხლეს არ ახანგრძლივებს.

ანტიარითმიული პრეპარატები შესაძლოა დაინიშნოს არითმიის პრევენციისთვის. ამ წამლების უმრავლესობა მცირე დოზებით ინიშნება. დოზა ეტაპობრივად იზრდება, რომ თავიდან იქნეს არიდებული არითმიის გაუარესება, მისი უარყოფითი გავლენა გულის მიერ სისხლის გადატუმბვის შესაძლებლობაზე. ზოგჯერ ქვეითდება ელექტრული იპულსის გამტარი გზების ფუნქცია. ასეთ შემთხვევებში რიტმის ხელოვნური წამყვანი გამოიყენება. პაციენტებისთვის, რომელთაც მკვეთრად აქვთ დაქვეითებული გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია და უეცარი სიკვდილის მაღალი ალბათობა აქვთ, ნაჩვენებია დეფიბრილატორ-რიტმის წამყვანის იმპლანტაცია.

კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, შეკუმშვის ძალის დაქვეითებისას გაფართოებული საკნების კედლებზე თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ანტიკოაგულანტები გამოიყენება, მაგალითად, ვარფარინი.

თუ დილატაციური კარდიომიოპათიის გამომწვევის მკურნალობა შეუძლებელია, გულის უკმარისობა ხშირად ფატალურია. არაკეთილსაიმედო პროგნოზის გამო, ჩვეულებრივ, დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებული პაციენტებისთვის გულის ტრანსპლანტაცია არის ნაჩვენები. წარმატებული ტრანსპლანტაცია კურნავს დაავადებას, მაგრამ თავად ტრანსპლანტაციას ახლავს შეზღუდვები და გართულებები.