1. წინაგულების ციმციმი და თრთოლა
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
წინაგულების ციმციმი და თრთოლა

წინაგულების ციმციმის და თრთოლის დროს წინაგულებში ძალიან სწრაფი ელექტრული განმუხტვებია, რასაც თან ახლავს მათი ასევე სწრაფი შეკუმშვები. ელექტრული იმპულსების გარკვეული რაოდენობა პარკუჭებამდე აღწევს და იწვევს მათ არარეგულარულ, ხშირ და ნაკლებად ეფექტურ შეკუმშვებს.

  • ეს პათოლოგია ხშირია წინაგულების გაფართოებით მიმდინარე დაავადებების დროს;

  • სიმპტომები დამოკიდებულია პარკუჭების შეკუმშვის სიხშირეზე და წარმოდგენილია გულის ფრიალით, სისუსტით, ტკივილით გულმკერდის არეში;

  • დიაგნოზს ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა ადასტურებს;

  • სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტები პარკუჭების შეკუმშვების სიხშირის შესამცირებლად, ზოგჯერ, ნორმალური რიტმის აღსადგენად – ელექტროშოკი (კარდიოვერსია).

წინაგულების თრთოლა და ციმციმი უფრო ხშირია ხანდაზმულებს შორის, ის შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი ან მუდმივი. წინაგულების ციმციმის და თრთოლის დროს შეკუმშვები იმდენად სწრაფია, რომ წინაგულის კედელი, ფაქტობრივად, კი არ იკუმშება, არამედ თრთის და ამიტომ პარკუჭებში სისხლის სათანადო რაოდენობას ვერ გადაისვრის. წინაგულების ციმციმის დროს წინაგულოვანი რიტმი არარეგულარულია, შესაბამისად, პარკუჭოვანი რიტმიც არარეგულარულია. წინაგულების თრთოლისას წინაგულების შეკუმშვები რეგულარულია, ხოლო პარკუჭებისა კი შესაძლოა ან რეგულარული, ან არარეგულარული იყოს. ორივე შემთხვევაში პარკუჭების შეკუმშვები წინაგულებისაზე ნაკლებად ხშირია. ამისი მიზეზია ატრიოვენტრიკულურ კვანძში ელექტრული იმპულსების შეფერხება. კვანძი ვერ ასწრებს პარკუჭებისკენ ყველა იმპულსის გატარებას და მათი ნაწილი იბლოკება. პარკუჭის კედელი შეკუმშვით პასუხობს მხოლოდ მასთან მოღწეულ იმპულსს. შესაბამისად, პარკუჭების შეკუმშვების რიტმი გაცილებით დაბალია, ვიდრე წინაგულებისა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ამისა, პარკუჭოვანი რიტმი მაინც აჩქარებულია და ავსების (დიასტოლის) ფაზის სრულყოფილად დასრულება ვერ ხერხდება, რის გამოც პარკუჭების შეკუმშვები სუსტი და არაეფექტურია, შესაბამისად, შემცირებულია მათ მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა, რაც წნევის დაქვეითებისა და გულის უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მიზეზები: წინაგულების ციმციმი და თრთოლა შესაძლოა განვითარდეს გულის დაავადების არარსებობის პირობებშიც. არითმიის ხშირი მიზეზებია გულის რევმატიული დაავადებები, მაღალი სისხლის წნევა, კორონარული არტერიების დაავადება, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი) ან თანდაყოლილი გულის მანკები. გულის რევმატიული დაავადებები (გულის სარქვლების დაზიანება წარსულში არსებული რევმატიული ცხელების შედეგად) და სისხლის მაღალი წნევა იწვევს წინაგულების გაფართოებას, რაც შემდგომში წინაგულთა ციმციმისა და თრთოლის მიზეზი ხდება.

გართულებები:წინაგულების ფიბრილაციისა და თრთოლისას გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია დაქვეითებულია, რის გამოც წინაგულები პარკუჭების მოსვენების (დიასტოლის) ფაზაში პარკუჭებში სისხლის საჭირო რაოდენობას ვეღარ გადატუმბავს. ამიტომ წინაგულები სისხლისგან მთლიანად არ იცლება, პარკუჭები კი სათანადოდ ვერ ივსება. დროთა განმავლობაში წინაგულებში სისხლის შეგუბებამ შეიძლება სისხლის კოლტების (შენადედის) ფორმირება გამოიწვიოს. ამ კოლტებს ხშირად წყდება მცირე ნაწილაკები, განსაკუთრებით ხანგამოშვებითი წინაგულების ციმციმის დროს, აგრეთვე, მუდმივი ფორმის დროს, ნორმალური რიტმის სპონტანურად ან ჩარევით აღდგენის შემდეგ. კოლტის ნაწილები ხვდება მარცხენა პარკუჭში და შემდგომ სისხლის ნაკადთან ერთად მოძრაობს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში (გადაიქცევა ემბოლებად). სისხლძარღვებში მოძრაობისას ეს ნაწილაკები ახშობენ მცირე დიამეტრის არტერიებს. თუ ეს უკანასკნელი თავის ტვინს კვებავს, ინსულტი განვითარდება. იშვიათად ინსულტი წინაგულთა ციმციმის ან თრთოლის პირველი კლინიკური ნიშანია.

სიმპტომები და დიაგნოზი

წინაგულების ციმციმის ან თრთოლის სიმპტომები ძირითადად დამოკიდებულია პარკუჭების შეკუმშვის სიხშირეზე. ზომიერად მომატებული სიხშირის დროს, არა უმეტეს 120 შეკუმშვისა წუთში, სიმპტომები შესაძლოა არც გამოვლინდეს. რიტმის მკვეთრად გახშირებისას პაციენტები მოციმციმე არითმიით აღნიშნავენ არარეგულარულ და აჩქარებულ გულისცემას, ხოლო თრთოლისას პულსი რეგულარული, მაგრამ სწრაფია.

გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტის, დაღლილობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნებები. ასაკოვან პაციენტებში მოსალოდნელია გულის უკმარისობის ნიშნები, ტკივილი მკერდის ძვლის არეში. ძალიან იშვიათია შოკური მდგომარეობა (სისხლის წნევის მკვეთრად დაქვეითება), ძირითადად იმ პირებში, რომელთაც, არითმიის გარდა, აქვთ გულის მძიმე დაავადება. სიმპტომები მიგვანიშნებს წინაგულთა ფიბრილაციის ან თრთოლის არსებობაზე, დიაგნოზი დასტურდება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით.

მკურნალობა

წინაგულების ფიბრილაციის და თრთოლის მკურნალობის მიზანია პარკუჭოვანი რიტმის მეთვალყურეობა და, შეძლებისდაგვარად, ნორმული რიტმის აღდგენა, აგრეთვე, არითმიის გამომწვევ დაავადებაზე ზემოქმედება, თრომბისა და ემბოლის პრევენცია (ანტიკოაგულანტები ან ასპირინი). გამომწვევი დაავადების მკურნალობა ყოველთვის არ ამსუბუქებს წინაგულოვანი არითმიის მიმდინარეობას. აქვე უნდა აღინიშოს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგება ან სარქვლოვანი პათოლოგიის (რევმატიული დაზიანება, თანდაყოლილი მანკები) ქირურგიული გზით მკურნალობა ხშირად დადებით შედეგს იძლევა.

გულისცემის სიხშირის შემცირება:წინაგულების ფიბრილაციის და თრთოლის მკურნალობის საწყისი საფეხურია პარკუჭების შეკუმშვების სიხშირის შემცირება, რათა თითოეული შეკუმშვა გაძლიერდეს და მაგისტრალურ სისხლძარღვებში სისხლის საკმარისი რაოდენობა გადაიტუმბოს. ხშირად პირველი რიგის მედიკამენტია კალციუმის არხების ბლოკერი, სახელდობრ, დილთიაზემი ან ვერაპამილი.ეს პრეპარატები აფერხებს იმპულსის გავრცელებას პარკუჭებისკენ. გამოიყენება ბეტა-ბლოკერებიც – პროპრანოლოლი ან ატენოლოლი. გულის უკმარისობის მქონე პირებისთვის დიგოქსინის დანიშვნაა მიზანშეწონილი.

რიტმის აღდგენა:წინაგულების ფიბრილაციის და თრთოლის დროს შესაძლოა ნორმალური რიტმი სპონტანურად აღდგეს. მიუხედავად ამისა, მისი არსებობისას აუცილებელია დროული სამედიცინო ჩარევა, რომლის მიზანია ნორმალური რიტმის აღდგენა. ზოგიერთი მედიკამენტის (უფრო ხშირად, ამიოდარონი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი ან სოტალოლი) გამოყენება ეფექტურია ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად, მაგრამ კარდიოვერსია ან დეფიბრილაცია (ელექტრული შოკის გამოყენება) უფრო სასარგებლო მიდგომად ითვლება. ნორმალური რიტმის აღდგენა თითქმის შეუძლებელია, თუ წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლა მუდმივია და ხანგრძლივი. 6 თვისა და მეტი ხანგრძლივობის შემთხვევებში წინაგული უკვე გაფართოებულია, რაც უფრო მეტად ამძიმებს არითმიის გამომწვევი დაავადების მიმდინარეობას. თუ რიტმის აღდგენის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, რეციდივის რისკი მაღალია, მიუხედავად იმისა, იტარებს თუ არა პაციენტი პრევენციულ მკურნალობას (იგივე მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არითმიის სამკურნალოდ).

ატრიოვენტრიკულური კვანძის დესტრუქცია (აბლაცია):თუ მოციმციმე არითმიის ყველა სხვა სამკურნალო ღონისძიება უეფექტოა, მიმართავენ ატრიოვენტრიკულური კვანძის დესტრუქციას მაღალსიხშიროვანი აბლაციის (მოწვის) მეშვეობით, რისთვისაც სპეციალური კათეტერი მსხვილი კალიბრის ვენის საშუალებით, შეჰყავთ გულის იმ უბანთან, სადაც ქსოვილის მოწვაა განზრახული. ეს პროცედურა წინაგულებიდან პარკუჭებისკენ იმპულსების გავრცელებას წყვეტს, რის შედეგადაც პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე ქვეითდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აბლაციის პროცედურის შემდგომ, პარკუჭოვანი რიტმის სამართავად, პაციენტები მუდმივი ხელოვნური პეისმეიკერის იმპლანტაცის საჭიროებენ.

არსებობს აბლაციის განსხვავებული მეთოდიც, რომლის გამოყენებისას წინაგულში ფილტვის ვენების მიმდებარე ქსოვილის მოწვა ხდება (პულმონური ვენების იზოლაცია). პროცედურის მიზანია ელექტრულად აქტიური უბნების განადგურება, რაც ამცირებს ატრიოვენტრიკულური კვანძის დატვირთვას. ეს მეთოდი გაცილებით ნაკლებად ეფექტურია (60-80%), მის გამოყენებას სერიოზული გართულებების მაღალი რისკი ახლავს (1-5%).

ზოგადად, აბლაციისთვის საუკეთესო კანდიდატებად ითვლებიან ახალგაზრდა პაციენტები, რომელთაც დადგენილი აქვთ მოციმციმე არითმია სხვა გულის სერიოზული დაავადების გარეშე და რომლებიც რეზისტენტულნი არიან მედიკამენტების მიმართ.

იმ პაციენტებთან, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ წინაგულების თრთოლა, მაღალსიხშიროვანი აბლაციის მიზანია წინაგულში პათოლოგიური იმპულსის მიერ შექმნილი წრედის გაწყვეტა და ნორმალური რიტმის აღდგენა. ასეთ პაციენტებს შორის პროცედურა წარმატებულია შემთხვევების 90%-ში.

კოლტის წარმოქმნის პრევენცია:წინაგულების ფიბრილაციის ან თრთოლის დროს ნორმალური რიტმის აღდგენისას იზრდება წინაგულში ჩამოყალიბებული სისხლის კოლტის გადაადგილების რისკი. შესაბამისად, სახეზეა ინსულტის მაღალი ალბათობა. მოხსენიებული ფორმის არითმიების მქონე პაციენტებს, რომელთაც, არითმიის გარდა, თრომბის ჩამოყალიბების ერთი ან მეტი რისკის ფაქტორი აქვთ დადგენილი, პრევენციისთვის ანტიკოაგულაციური მედიკამენტები ეძლევათ (სისხლის კოლტის ჩამოყალიბების რისკფაქტორებია ხანდაზმული ასაკი, მაღალი სისხლის წნევა, დიაბეტი, გადიდებული მარცხენა წინაგული, გულის სტრუქტურების, განსაკუთრებით მიტრალური სარქვლის დაზიანება). თუ რიტმის დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობა არ არის, ექიმები არითმიით დაავადებულ პაციენტებს ანტიკოაგულანტების მიღების დაწყებას კარდიოვერსიამდე 3 კვირით ადრე ურჩევენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგჯერ ანტიკუაგულანტების მიღება უკუნაჩვენებია, მაგალითად, იმ პირებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი, ძალიან მაღალი სისხლის წნევა ან სისხლდენით მიმდინარე დაავადება. ანტიკოაგულაციური თერაპია შესაძლოა სისხლდენის ან ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით მძიმე სისხლდენაა მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში. მიუხედავად ამისა, ექიმი ვალდებულია, ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვროს ბალანსი პოტენციურ სარგებელსა და რისკს შორის.

წინაგულების ციმციმის ან თრთოლისას ნორმალური რიტმის აღდგენის შემდეგ ექიმი, ჩვეულებრივ, ანტიკოაგულაციურ მკურნალობას აგრძელებს, ხშირად პაციენტის მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. მკურნალობის მიზეზი არითმიის გამეორების მაღალი ალბათობაა, რომლის დაწყებაც პაციენტმა შესაძლოა ვერც იგრძნოს. ასეთი ეპიზოდები კი კოლტის ჩამოყალიბების ხელშემწყობი პირობაა.