1. ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი

ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება დამატებითი ელექტრული იმპულსის გამტარი გზის არსებობა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. ვლინდება გულისცემის მკვეთრი გახშირების ეპიზოდებით.

  • პაციენტების უმრავლესობას აქვს გულის ფრიალი, სისუსტე და ქოშინი;

  • დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის მონაცემებს;

  • ჩვეულებრივ, არითმიის ეპიზოდები შესაძლოა შეწყდეს ვაგუსური მანევრების გამოყენებით; მოხსენიებული ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს.

ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი წინაგულებსა და პარკუჭებს შორის არანორმული დამატებითი გზების არსებობის ყველაზე ხშირი ვარიანტია (სხვაგვარად ამ მდგომარეობას ატრიოვენტრიკულურ რეციპროკულ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას უწოდებენ). დამატებითი გზის არსებობა ზრდის ტაქიარითმიის აღმოცენების ალბათობას. ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი თანდაყოლილია, მაგრამ არითმია მოზარდობის ან 20-დან 30 წლამდე ასაკში იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, არითმიის ეპიზოდი აღინიშნოს სიცოცხლის პირველ წელსაც, მაგრამ არასოდეს – 60 წელზე მეტი ასაკის პირებში.

სიმპტომები

ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ხშირი მიზეზია. ძალიან იშვიათად სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში ძალიან სწრაფი რიტმით წინაგულების ფიბრილაციის დროს.

ჩვილებში სინდრომის ნიშნებია აჩქარებული სუნთქვა, ზოგჯერ ლეთარგია, საკვებზე მოთხოვნილების შემცირება, აღინიშნება თვალით შესამჩნევი პულსაცია გულმკერდის არეში, საყურადღებოა გულის უკმარისობის ნიშნები.

არითმიის პირველი ეპიზოდი მოზარდობის ან 20 წლამდე ასაკში იწყება მოულოდნელად, ხშირად ფიზიკური დატვირთვის დროს. ტაქიკარდია გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე. ძალიან სწრაფი გულისცემისას თვითგრძნობა ცუდია, პაციენტი დათრგუნვილია.

ხანში შესულ პირებში ამ სიმპტომებს ემატება გულის წასვლა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში.

წინაგულების ციმციმი და ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი:წინაგულების ციმციმი განსაკუთრებით საშიშია ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მქონე პირებისთვის. წინაგულების ციმციმის დროს პათოლოგიური დამატებითი გზის გავლით პარკუჭებს იმპულსების ნორმაზე გაცილებით მეტი რაოდენობა აღწევს, რის შედეგადაც მკვეთრად იზრდება პარკუჭების შეკუმშვების რიტმი – ის სიცოცხლისთვის საშიში ხდება. გარდა იმისა, რომ ხშირი პარკუჭოვანი რიტმის დროს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია დაქვეითებულია, მაღალია პარკუჭების ფიბრილაციის ალბათობა. ეს უკანასკნელი, დაუყოვნებლივი მკურნალობის გარეშე, ფატალურად შეიძლება დასრულდეს.

დიაგნოზი

რადგან ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის დროს გულშიგა გამტარ გზებში ელექტრული იმპულსის გავრცელების მიმართულება იცვლება, მისი გამოვლენა ელექტროკარდიოგრაფიით არის შესაძლებელი.

მკურნალობა

ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის დროს განვითარებული სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდი შეიძლება ვაგუსური მანევრებით აღიკვეთოს. ეს უკანასკნელი უფრო ეფექტურია არითმიის დაწყებიდან მოკლე ხანში გამოყენებისას. მანევრების უშედეგობის შემთხვევებში ინტრავენურად შეჰყავთ ადენოზინი ან ვერაპამილი. ტაქიკარდიის ეპიზოდების პრევენციისთვის ანტიარითმიული მედიკამენტების მიღება განუსაზღვრელი დროით შეიძლება გაგრძელდეს.

ჩვილებში და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ სინდრომის დროს განვითარებული პაროქსიზმული ტაქიკარდიის აღსაკვეთად რეკომენდებულია დიგოქსინის გამოყენება. მოზრდილ პაციენტებს დიგოქსინით არ მკურნალობენ, ვინაიდან მან შესაძლოა გააადვილოს დამატებით გზებში იმპულსის გავრცელება, რაც წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე პარკუჭების ფიბრილაციის განვითარების ალბათობას ზრდის. იმავე მიზეზით დიგოქსინი არ არის ნაჩვენები პუბერტატული ასაკის ბავშვებისთვის.

ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით და მოციმციმე არითმიით დაავადებულ პირებში მაღალსიხშიროვანი აბლაცია ეფექტურია 95%-ში. ამ პროცედურის ჩატარებისას სიკვდილიანობის რისკი 1:1.000-ზე ნაკლებია. მკურნალობის ეს მეთოდი განსაკუთრებით სასურველია ახალგაზრდა პირებისთვის, რომლებმაც სხვა შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღონ ანტიარითმიული მედიკამენტები.