1. პარკუჭების ფიბრილაცია
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პარკუჭების ფიბრილაცია

პარკუჭების ფიბრილაცია არის მრავლობითი, ქაოსური ელექტრული იმპულსებით გამოწვეული პარკუჭების პოტენციურად ფატალური, ძალიან ხშირი და არაეფექტური შეკუმშვების არაკოორდინირებული რიგები.

  • პარკუჭების ფიბრილაცია რამდენიმე წამში იწვევს გონების დაკარგვას; მყისიერი მკურნალობის გარეშე პაციენტი იღუპება;

  • ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით განისაზღვრება გულის გაჩერების მიზეზი;

  • აუცილებელია, რამდენიმე წუთში დაიწყოს გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს დეფიბრილაციამდე (ელექტრული შოკის გამოყენება) და ნორმალური რიტმის აღდგენამდე;

პარკუჭების ფიბრილაციის დროს პარკუჭების კედლები ქაოსურად მოძრაობს, არ იკუმშება, გული სისხლს აღარ ტუმბავს. შესაბამისად, პარკუჭების ფიბრილაცია გულის გაჩერების ერთ-ერთი ფორმაა. გადაუდებელი მკურნალობის გარეშე გამოსავალი ფატალურია.

პარკუჭების ფიბრილაციის ყველაზე ხშირი მიზეზია გულის კუნთის სისხლით მომარაგების არაადეკვატურობა, რაც უპირატესწილად კორონარული არტერიების დაავადებით და გულის ინფარქტით არის განპირობებული. სხვა მიზეზებიდან საყურადღებოა:

  • შოკი (ძალიან დაბალი სისხლის წნევა – კორონარული არტერიების ან სხვა დაავადებით გამოწვეული);

  • ელექტროტრავმა;

  • წყალში დახრჩობა;

  • კალიუმის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია);

  • მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს გულის ელექტრულ აქტივობაზე (ნატრიუმის და კალიუმის არხების ბლოკერები).

სიმპტომები და დიაგნოზი

პარკუჭების ფიბრილაცია რამდენიმე წამში იწვევს გონების დაკარგვას. დროული ჩარევის გარეშე იწყება კრუნჩხვები და დაახლოებით 5 წუთში, ტვინის უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის გამო, ტვინის შეუქცევადი დაზიანება ვითარდება, რასაც სიკვდილი მოჰყვება. გულის გაჩერების დიაგნოზი ეფუძნება შემდეგ მონაცემებს: პაციენტი მოულოდნელად კარგავს გონებას, სახეზე მკვდრისფერი ადევს, გუგები გაფართოებული აქვს, პულსი და სისხლის წნევა არ ისინჯება. დიაგნოზი დასტურდება ელექტროკარდიოგრაფიით.

მკურნალობა

პარკუჭების ფიბრილაციის მკურნალობის დაწყება მყისიერად არის საჭირო. გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც შეიძლება სწრაფად, არითმიის დიაგნოსტირებისთანავე უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს დეფიბრილაციამდე (ელექტრული შოკის გამოყენება), თუ ეს უკანასკნელი ტექნიკურად შესაძლებელია.

ანტიარითმიული მედიკამენტები პაციენტს ეძლევა ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად. თუ პარკუჭების ფიბრილაცია განვითარდა ინფარქტიდან რამდენიმე საათში, არ აღინიშნება შოკური მდგომარეობა, გულის მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანება და გულის უკმარისობა, ასეთი შემთხვევების 95%-ში კარდიოვერსიით ნორმალურ რიტმის აღდგენა შესაძლებელია და პროგნოზიც კეთილსაიმედოა. შოკური მდგომარეობა და გულის უკმარისობა პარკუჭების სერიოზული დაზიანების ნიშანია. თუ ეს ნიშნები გამოხატულია, მიუხედავად დროულად წარმოებული კარდიოვერსიისა, ნორმული რიტმის აღდგენის ალბათობა მხოლოდ 30%-ს შეადგენს, პაციენტების 70% იღუპება.

ღონისძიებების წარმატებით დასრულების შემდეგ არითმიის განმეორების ალბათობა მაღალია. თუ ფიბრილაციის გამომწვევი დაავადება შექცევადია, მისი მკურნალობაა საჭირო. ფართოდ გამოიყენება პორტატიული დეფიბრილატორის ქირურგიული გზით ჩანერგვა; ხელსაწყო მოქმედებას იწყებს არითმიის აღმოცენებისთანავე. გარდა ამისა, ფიბრილაცის პრევენციის მიზნით, პაციენტს მუდმივად ეძლევა ანტიარითმიული მედიკამენტები.