რიტმის წამყვანის დისფუნქცია | მკურნალი.გე
  1. რიტმის წამყვანის დისფუნქცია
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
რიტმის წამყვანის დისფუნქცია

  • შესაძლოა უსიმპტომო მიმდინარეობა, ზოგჯერ მხოლოდ სისუსტე ან დაღლილობა, ან გულის ფრიალი აღინიშნება;

  • დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას;

  • ჩვეულებრივ, საჭირო ხდება მუდმივი ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაცია (ჩანერგვა).

გულის რიტმის წამყვანის (სინუსის, ანუ სინოატრიული კვანძი) დისფუნქცია გამოიხატება ან რიტმის მუდმივი გაიშვიათებით (სინუსური ბრადიკარდია), ან რიტმის წამყვანის ფუნქციის სრული დათრგუნვით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რიტმის წამყვანის ფუნქციას თავის თავზე იღებს გულში არსებული სხვა ელექტრულად აქტიური უბნები, რომელთაც დამხმარე რიტმის წამყვანები ეწოდება. ეს უბნები მდებარეობს წინაგულების ქვემოთ, ანტრიოვენტრიკულურ კვანძში ან ჰისის კონაში, ან პარკუჭებში. რიტმის წამყვანის დისფუნქციის სხვადასხვა ფორმა ხანდაზმულებს შორის უფრო ხშირია. ისიც ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის) სამკურნალო საშუალებები უარყოფითად მოქმედებს რიტმის წამყვანის ფუნქციაზე. დისფუნქციის მიზეზი უმეტესწილად უცნობია; ასეთ მდგომარეობას სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომს უწოდებენ. სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომის ერთ-ერთი ფორმაა ბრადიკარდია-ტაქიკარდიის სინდრომი, რომლის დროსაც აღინიშნება დაბალი სიხშირისა და გახშირებული გულისცემის (როგორიცაა წინაგულების ციმციმი და თრთოლა) მონაცვლეობა.

სიმპტომები და დიაგნოზი

რიტმის წამყვანის დისფუნქცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ გულისცემის გაიშვიათება, სისუსტე და დაღლილობაა გამოხატული. თუ გულისცემა ძალიან არის გაიშვიათებული, გულის წასვლა აღინიშნება ხოლმე. აჩქარებული გულისცემა პაციენტების მიერ აღიქმება, როგორც გულის ფრიალი. აჩქარებული გულისცემის შეწყვეტის შემდეგ რიტმის შენელებამ შეიძლება გონების დაკარგვა გამოიწვიოს. რიტმის წამყვანის დისფუნქცია სავარაუდოა, როცა გულისცემა გაიშვიათებულია (განსაკუთრებით, არარეგულარული) და მისი სიხშირის ცვლილება არ არის დამოკიდებული პაციენტის აქტივობაზე ან თუ გულისცემა არ ხშირდება ფიზიკური დატვირთვის დროს. დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების შეფასებას, განსაკუთრებით ელექტროკარდიოგრამის ჰოლტერის მონიტორით 24 საათის განმავლობაში ჩაწერის შემთხვევაში.

მკურნალობა

გულისცემის გასახშირებლად ტარდება მუდმივი ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაცია. თუ რიტმის წამყვანის დისფუნქციისას ტაქიკარდიის ეპიზოდები აღინიშნება, პაციენტს ეძლევა ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები.