ანგინა | მკურნალი.გე
  1. ანგინა
  2. კორონარული არტერიების დაავადება
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ანგინა

ანგინას სტენოკარდიას ან გულმკერდის ანგინასაც უწოდებენ. ეს არის ამა თუ იმ ხანგრძლივობის ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში, ის მაშინ აღმოცენდება, როდესაც გულის კუნთი ჟანგბადს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს.

  • გულის ანგინის მქონე პირს აქვს უსიამო ან მოჭერის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან;

  • გულის ანგინა, ტიპურ შემთხვევებში, ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას, მისი შეწყვეტის შემდეგ გაივლის;

  • დიაგნოზი სიმპტომების, ელექტროკარდიოგრაფიული და გამოსახულებითი კვლევების შედეგების შეფასებას ეფუძნება;

  • მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ნიტრატებით, ბეტა-ბლოკერებით, კალციუმის არხების ბლოკერებით, კანგავლითი კორონარულ ჩარევით ან აორტოკორონარული შუნტირებით.

აშშ-ში თითქმის 6.5 მილიონ ადამიანს აქვს გულის ანგინა, ყოველწლიურად დაახლოებით 350000 ახალი შემთხვევა ვლინდება. მოხუცებულობის ასაკში გულის ანგინა ქალებს შორის უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის.

მიზეზები

ჩვეულებრივ, ანგინა მაშინ ვითარდება, როდესაც კორონარული არტერიები ვეღარ აწოდებენ გულს მისი ჟანგბადზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო სისხლის რაოდენობას. ეს შეუსაბამობა კორონარული არტერიების შევიწროების შედეგია, რაც, თავის მხრივ, არტერიების კედლებში განვითარებული ცხიმოვანი ჩანართებით, ზოგ შემთხვევაში კი არტერიების სპაზმით არის გამოწვეული. ქსოვილებისთვის სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდებას იშემია ეწოდება.

ათეროსკლეროზით შეპირობებული ანგინა პირველად, ჩვეულებრივ, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას ვლინდება. დატვირთვის დროს გულის მუშაობის ინტესიურობა იზრდება, შესაბამისად, იმატებს ჟანგბადზე მოთხოვილება. არტერიის 70%@-ზე მეტად შევიწროებისას ანგინა მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება, მიუხედავად იმისა, რომ გული მინიმალური დატვირთვით მუშაობს.

მკვეთრი ანემია ზრდის ანგინის განვითარების ალბათობას. ანემიის დროს სისხლის წითელი უჯრედების (შეიცავენ ჰემოგლობინს – მოლეკულას, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს) რაოდენობა ან ამ უჯრედებში ჰემოგლობინის შემცველობა ნორმაზე ნაკლებია, რის შედეგადაც გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდება შემცირებულია.

იშვიათი მიზეზები:X სინდრომი გულის ანგინის ფორმაა, რომელიც არც კორონარების სპაზმით და არც მათი მნიშვნელოვანი შევიწროებით არ არის შეპირობებული. ზოგ შემთხვევაში ის შედარებით მცირე ზომის არტერიების გარდამავალი სპაზმით არის გამოწვეული. დროებითი შევიწროების მიზეზი უცნობია, მისი სავარაუდო მიზეზებია ქიმიური დისბალანსი ან არტერიოლების (მცირე ზომის არტერიების) ფუნქციის დარღვევა. აღნიშნულ სინდრომს გულის X სინდრომს უწოდებენ სხვა დაავადებისგან განსასხვავებლად, რომელიც აგრეთვე X სინდრომის სახელწოდებით არის ცნობილი (მეტაბოლური სინდრომი, ანუ ინსულინრეზისტენტობის სინდრომი).

გულის ანგინის სხვა იშვიათი მიზეზებია:

  • ძალიან მაღალი და მძიმედ მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზია;

  • აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სარქვლის სტენოზი);

  • აორტის სარქვლის ნაკლოვანება (აორტული რეგურგიტაცია);

  • პარკუჭის კედლების გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია), განსაკუთრებით პარკუჭების გამყოფი კედლის გასქელება (ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია).

ჩამოთვლილი დაავადებები ზრდიან გულის დატვირთვას და, შესაბამისად, ჟანგბადზე მოთხოვნილებას. როდესაც ეს უკანასკნელი აჭარბებს მის მიწოდებას, ვლინდება გულის ანგინა. აორტის სარქვლის ცვლილებებმა შეიძლება შეამციროს სისხლის ნაკადი კორონარული არტერიებისკენ, რადგან მათში შესავალი ხვრელი მოხსენიებული სარქვლის მიღმა მდებარეობს.

კლასიფიკაცია

ღამის ანგინა არის ღამით, ძილის დროს აღმოცენებული ანგინა.

სტაბილური ანგინა არის გულმკერდში ტკივილი ან უსიამო შეგრძნება, რომელიც, ჩვეულებრივ, ფიზიკური აქტივობის ან სტრესის დროს ვითარდება. დისკომფორტის ან ტკივილის ეპიზოდები პროვოცირებულია ერთნაირი ინტენსიურობის აქტივობით ან სტრესით.

დეკუბიტუს ანგინა არის წოლით მდგომარეობაში ყოფნის დროს (არა მხოლოდ ღამით) რაიმე ხილული მიზეზის გარეშე აღმოცენებული ანგინა. ანგინის მიზეზია ორგანიზმში სითხის გადანაწილება სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, რაც გულის გაძლიერებულ მუშაობას იწვევს.

ვარიანტული ანგინა გულის ზედაპირზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორონარული არტერიის სპაზმის შედეგია. ვარიანტული იმის გამო ეწოდება, რომ ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში იწყება და არა დატვირთვის დროს. ანგინის დროს სპეციფიკური ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები აღინიშნება.

არასტაბილური ანგინა ეწოდება ანგინას, როდესაც სიმპტომების ხასიათი ცვალებადია. ყოველი პაციენტისთვის ანგინის მახასიათებლები ძირითადად ერთი და იგივეა და ნებისმიერი ცვლილება, მაგალითად ტკივილის გაძლიერება, შეტევების გახშირება ან ტკივილის აღმოცენება მცირე დატვირთვისას, ან მოსვენებულ მდგომარეობაში საგანგაშოდ უნდა იქნეს მიჩნეული. მოხსენიებული ცვლილებები, როგორც წესი, კორონარული არტერიის უეცარი შევიწროებით არის შეპირობებული, რაც ათერომის გასკდომის ან თრომბის ჩამოყალიბების შედეგია. ასეთ შემთხვევებში მაღალია გულის ინფარქტის განვითარების ალბათობა. არასტაბილურ ანგინას მწვავე კორონარულ სინდრომად განიხილავენ.

სიმპტომები

უხშირესად, ანგინას შეიგრძნობენ, როგორც მოჭერას ან ტკივილს მკერდის ძვლის უკან, ზოგჯერ აღიქვამენ როგორც უსიამო ან სიმძიმის შეგრძნებას მხარში ან წინამხრის შიგნითა ზედაპირზე, ზურგში, ყელში, ქვედა ყბაში ან კბილებში.

ქალებს უპირატესწილად აღენიშნებათ წვის შეგრძნება ან ტკივილი ზურგში, მხარში, მკლავში ან ქვედა ყბაში.

ჩვეულებრივ, ანგინა პროვოცირებულია ფიზიკური დატვირთვით, გრძელდება არა უმეტეს რამდენიმე წუთისა და მოსვენების შემდეგ გაივლის. ზოგს ტკივილი განსაზღვრული დოზით დატვირთვის დროს ეწყება, სხვასთან მისი აღმოცენება არაპროგნოზირებადია. ხშირად ანგინა უარესდება, როდესაც პირი ფიზიკურად იტვირთება საკვების მიღების შემდეგ, აგრეთვე სიცივეში. ქარიან ამინდში სიარულმა ან თბილი ოთახიდან სიცივეში გასვლამ შეიძლება ტკივილის პროვოცირება გამოიწვიოს. ანგინა უარესდება ან იწყება ემოციური სტრესის გამო. მოსვენებულ მდგომარეობაში ანგინა ზოგჯერ ძლიერმა ემოციამ ან ცუდმა სიზმარმაც შეიძლება გამოიწვიოს.

მუნჯი (ჩუმი) იშემია: იშემიის მქონე ყველა პირს არ აღენიშნება ტკივილი. ტკივილის გარეშე იშემიას მუნჯი (ჩუმი) იშემია ეწოდება. ამ მოვლენის მიზეზი უცნობია. ექსპერტთა უმრავლესობა მას ისეთივე სერიოზულ პრობლემად თვლის, როგორც ტკივილით მიმდინარე იშემიას.

დიაგნოზი

ანგინის დიაგნოზი, ძირითადად, პაციენტის მიერ აღწერილ სიმპტომებს ეფუძნება. ფიზიკურმა გასინჯვამ და ელექტროკარდიოგრაფიამ ზოგჯერ, გამოხატული კორონარული დაავადების დროსაც კი, ანგინური შეტევის ან მის გარეშე პერიოდშიც შეიძლება მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები ან სულაც ვერაფერი გამოავლინოს. შეტევის დროს გულისცემის სიხშირემ შესაძლოა მცირედ იმატოს, მოიმატოს არტერიულმა წნევამ, სტეთოსკოპით მოსმენისას გულისცემის ცვლილება აღინიშნოს. ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება შეიძლება დაფიქსირდეს.

როდესაც სიმპტომები ტიპურია, დიაგნოზის ამოცნობა რთული არ არის. ამაში ექიმს ეხმარება ტკივილის ხასიათი, ლოკალიზაცია, კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან, საკვების მიღებასთან, ამინდთან და სხვა ფაქტორებთან. დამხმარე საშუალებაა კორონარული არტერიების დაავადების რისკფაქტორების გამოვლენა. გულმკერდში ტკივილის მქონე პაციენტს გასინჯვისას, საცდელად, ენის ქვეშ ჩაუდებენ ნიტროგლიცერინს (წამალი, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს); თუ ტკივილი ანგინითაა განპირობებული, ის 3 წუთზე ნაკლებ დროში გაივლის.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გამოყენებით ამოიცნობა გულის კუნთის ჟანგბადით არაადეკვატური მომარაგება (იშემია), დგინდება კორონარული არტერიების დაავადების არსებობა და მისი გავრცელების ხარისხი.

ფიზიკური დატვირთვის სტრეს-ტესტი: ტრედმილზე სიარულის ან სტაციონარული ველოსიპედის პედალირების პროცესში პაციენტს უტარდება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა. აღნიშნული პროცედურა ექიმს ეხმარება კორონარული ანგიოგრაფიის ან აორტოკორონარული შუნტირების ოპერაციის ჩატარების საჭიროების განსაზღვრაში. თუ პაციენტს ფიზიკური დატვირთვა არ შეუძლია, ტესტი ტარდება მედიკამენტის მიღების გზით – ინექციით შეიყვანება პრეპარატი, რომელიც გულის მუშაობის გაძლიერებას იწვევს (პროცედურას ეწოდება ფარმაკოლოგიური სტრეს-ტესტი).

რადიონუკლიდური გამოსახულებითიკვლევა: რადიოაქტიური ნივთიერების ძალიან მცირე დოზა ვენაში შეჰყავთ. შეიძლება გამოვლინდეს იშემიური უბნის ლოკალიზაცია, მისი გავრცელების ხარისხი, განისაზღვროს სისხლის რაოდენობა, რომელიც აღწევს გულის კუნთს. პროცედურა, როგორც წესი, დატვირთვის სტრეს-ტესტთანაა კომბინირებული.

ექოკარდიოგრაფიის დროს გულის გამოსახულების (ექოკარდიოგრამა) მისაღებად იყენებენ ულტრაბგერით ტალღებს. შესაძლებელია განისაზღვროს გულის ზომა, გულის კუნთის კუმშვადობა, სარქვლების გავლით სისხლის ნაკადის მოძრაობა და სარქვლების ფუნქცია. ტარდება მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვის შემდეგ. იშემიის დროს გულის კუმშვადობის ფუნქცია დარღვეულია.

კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარებისას რენტგენოკონტრასტული ნივთიერების ინექციის შემდეგ მიიღება კორონარული არტერიების რენტგენოგრაფიული გამოსახულება. კორონარული ანგიოგრაფია კორონარული არტერიების დაავადების სადიაგნოზო ყველაზე ზუსტი მეთოდია. შეიძლება ჩატარდეს გაურკვეველ შემთხვევებში დიაგნოზის დასაზუსტებლად. ძირითადად გამოიყენება იმის განსაზღვრისთვის, რა სახის ჩარევა სჭირდება პაციენტს – აორტოკორონარული შუნტირება თუ კანგავლითი კორონარული ინტერვენცია. ანგიოგრაფიით ვლინდება კორონარული არტერიის სპაზმი. შესაძლოა, სპაზმის პროვოცირება მედიკამენტის შეყვანით. იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ანგინის ტიპური სიმპტომები, ხოლო დატვირთვის სტრეს-ტესტი და კორონაროგრაფია კორონარული არტერიების დაავადებას არ ადასტურებს, ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა X სინდრომი აღმოაჩნდეს, დანარჩენ შემთხვევებში კი უნდა ჩაითვალოს, რომ სიმპტომების მიზეზი კორონარული არტერიების დაავადება არ არის.

უწყვეტი ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მონიტორით გამოავლენს სიმპტომური ან ჩუმი იშემიის, ან ვარიანტული ანგინისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს (ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, მოსვენებულ მდგომარეობაში ფიქსირდება).

ელექტრონული კომპიუტერული ტომოგრაფია გამოავლენს კალციუმის ჩალაგებას კორონარული არტერიების კედლებში. კალციუმის ოდენობა (კალციუმის ინდექსი) დაახლოებით ანგინის ან გულის ინფარქტის განვითარების ალბათობის პროპორციულია, თუმცა, იმის გამო, რომ კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვების კედლებში მნიშვნელოვანი შევიწროების გარეშეც შესაძლებელია, ინდექსის სიდიდე არ განსაზღვრავს კანგავლითი კორონარული ჩარევის ან აორტოკორონარული შუნტირების საჭიროებას. ელექტრონული კომპიუტერული ტომოგრაფია არ გამოიყენება სკრინინგისთვის, რადგან კვლევის პროცესში რადიაციული ზემოქმედების დონე მაღალია. ტესტი სასარგებლოა სიკვდილის ან გულის ინფარქტის მაღალი რისკის მქონე პაციენტების გამოსავლენად. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები შაქრიანი დიაბეტით და/ან მაღალი სისხლის წნევით, აგრეთვე სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის მაღალი მაჩვენებლების და სტრესტესტის დადებითი ან გაურკვეველი შედეგის მქონე პაციენტები.

მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია ახალი მეთოდია, რომელიც ეფუძნება მაღალსიჩქარიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერის მრავალ მცირე ზომის დეტექტორთან ერთად გამოყენებას და საკმარისი სიზუსტით ავლენს კორონარული არტერიების შევიწროებას. მეთოდი არაინვაზიურია, ის შესაძლებლობას იძლევა, გამოირიცხოს კორონარული არტერიების შევიწროება როგორც პაციენტის სიმპტომების მიზეზი (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც დატვირთვის სტრეს-ტესტი ვერ უტარდებათ ან მიღებული შედეგი გაურკვეველია). მოხსენიებული მეთოდი გამოიყენება სტენტის ან შუნტის გამავლობის შესაფასებლად, გულის ან კორონარული ვენების სისტემის გამოსახულების მისაღებად, ათერომაში კალციუმის არსებობის დასადგენად. კვლევა არ უტარდება ორსულებს ან იმ პირებს, რომლებიც ვერ შეძლებენ პროცედურის მსვლელობისას სუნთქვის შეკავებას 15-20 წამის განმავლობაში 3-4-ჯერ, აგრეთვე, თუ გულისცემის სიხშირე მაღალია. თუ პულსის სიხშირე წუთში 65-ს აღემატება, პაციენტს მის შესამცირებლად წამალი ეძლევა. იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ წამალს ან გულისცემას გაიშვიათებას ვერ აიტანენ, ტესტი არ უტარდებათ. კვლევის პროცესში მაღალია რადიოაქტიური დასხივება.

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ღირებული მეთოდია გულის და გულიდან გამომავალი სისხლძარღვების (აორტა და ფილტვის არტერიები) შესაფასებლად. კვლევას არ ახლავს რადიოაქტიური გამოსხივება. შესაძლებელია არტერიების შევიწროების და გულის ჟანგბადით მომარაგების ხარისხის განსაზღვრა, კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადის გაზომვა, აგრეთვე, სტრესის პირობებში გულის კედლის კუმშვადობის ცვლილებების გამოვლენა (შეიძლება სისხლით მომარაგების დაქვეითების ნიშნად ჩაითვალოს), გულის ინფარქტის დროს დაზიანებული გულის კუნთის აღდგენის შესაძლებლობის შეფასება (სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა).

პროგნოზი

ანგინის მქონე პაციენტების პროგნოზს შემდეგი ფაქტორები აუარესებს: ხანდაზმული ასაკი, გავრცელებული კორონარული დაავადება, დიაბეტი, სხვა სარისკო ფაქტორები (მაგალითად, თამბაქოს მოხმარება), ძლიერი ტკივილი და, განსაკუთრებით, გულის კუმშვადობის დაქვეითება (პარკუჭის ფუნქცია). რაც უფრო მეტი კორონარული არტერიაა დაზიანებული ან რაც უფრო ვრცელია შევიწროებული უბანი, მით უარესია პროგნოზი. პროგნოზი უკეთესია სტაბილური ანგინის და გულის ნორმალური კუმშვადობის მქონე პირებისთვის. კუმშვადობის დაქვეითება მკვეთრად აუარესებს პროგნოზს. X სინდრომის მქონე პირების პროგნოზი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კორონარული არტერიების დაავადების არმქონე პირების პროგნოზისგან.

სხვა რისკფაქტორების არარსებობისას, ანგინის მქონე პირების სიკვდილიანობის სიხშირე ყოველწლიურად დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს. სიხშირე მეტია ისეთი რისკფაქტორების მქონე პირებისთვის, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, ეკგ-ზე გამოხატული ცვლილებები ან გადატანილი გულის ინფარქტი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს.

მკურნალობა

მკურნალობა იწყება რისკფაქტორების მოდიფიცირების გზით კორონარული არტერიების დაავადების პროგრესირების შეფერხების ან აღმოფხვრის მცდელობით. მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა და სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას. რეკომენდებულია საკვები ცხიმის, მარტივი შაქრების და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში (პაციენტების უმეტესობისთვის). საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია წონის დაკლება.

ანგინის მკურნალობა ნაწილობრივ დამოკიდებულია სიმპტომების სტაბილურობასა და სიმძიმეზე. მსუბუქი ან საშუალო ინტენსიურობის სიმპტომების სტაბილურად არსებობისას ეფექტურია რისკფაქტორების მოდიფიკაცია და ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. თუ რისკფაქტორების მოდიფიკაციამ და მედიკამენტურმა მკურნალობამ სიმპტომები არ შეამსუბუქა, შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი პროცედურების ჩატარება, რომლებიც გულის დაზიანებულ არისთვის სისხლის მიწოდებას აღადგენს (რევასკულარიზაცია). სიმპტომების სწრაფად გაუარესების შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის შეფასება მწვავე კორონარული სინდრომის არსებობის დასადასტურებლად.

მედიკამენტური მკურნალობა

სტაბილური ანგინის მედიკამენტური მკურნალობის მიზანია იშემიის პრევენცია ან შემცირება და სიმპტომების შემსუბუქება. გამოიყენება მედიკამენტების შემდეგი ხუთი ჯგუფი: ბეტა-ბლოკერები, ნიტრატები (მათ შორის ნიტროგლიცერინი და ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატები), კალციუმის არხების ბლოკერები, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანტიაგრეგაციული (შედედების საწინააღმდეგო) საშუალებები.

ბეტა-ბლოკერები აფერხებს გულსა და სხვა ორგანოებზე ჰორმონების ეპინეფრინის (ადრენალინი) და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინი) ზემოქმედებას. აღნიშნული ჰორმონები ასტიმულირებს (აჩქარებს და აძლიერებს) გულის მუშაობას და იწვევს არტერიოლების შევიწროებას. აქედან გამომდინარე, ბეტა ბლოკერები ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლის წნევას, ფიზიკური დატვირთვის დროს აფერხებს გულისცემის გახშირებას, სისხლის წნევის მომატებას და ამ გზით აქვეითებს ჟანგბადზე მოთხოვნილებას. ბეტა-ბლოკერები ამცირებს გულის ინფარქტის და უეცარი სიკვდილის რისკს, კორონარული არტერიების დაავადების მქონე პირებში აუმჯობესებს გამოსავალს.

ნიტროგლიცერინი ძალზე ხანმოკლე მოქმედების ნიტრატია, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს. მისი მიღება, ჩვეულებრივ, 1-3 წუთში ამცირებს ტკივილის ინტენსივობას, ეფექტი 30 წუთამდე გრძელდება. ნიტროგლიცერინის მისაღებად აბი ენის ქვეშ უნდა მოთავსდეს (სუბლინგვური მიღება) ან აეროზოლის სახით უნდა იქნეს შესხურებული პირის ღრუში. შესაძლებელია ტაბლეტის მოთავსება ღრძილთან. ქრონიკული სტაბილური ანგინის მქონე პირს მუდმივად თან უნდა ჰქონდეს ნიტროგლიცერინის ტაბლეტი ან აეროზოლი. შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ნიტროგლიცერინის მიღება ფიზიკური დატვირთვის იმ ზღურბლამდე, რომლის შემდეგ ანგინა იწყება.

გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატები (როგორიცაა იზოსორბიდი) მიიღება დასალევად 1-4-ჯერ დღეში. ეფექტურია ნიტრატის კანზე დასაწებებელი აპკები და კანის პასტა; მედიკამენტი კანის გზით შეიწოვება რამდენიმე საათის განმავლობაში. რეგულარულად მიღებისას ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ექსპერტთა უმრავლესობის რეკომენდაციით პაციენტმა არ უნდა მიიღოს წამალი ყოველდღიურად 8-12-საათიანი შუალედით ან ღამით, თუ ამ პერიოდში ანგინა არ ვითარდება. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ნიტრატების ეფექტურობის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ბეტა-ბლოკერებისგან განსხვავებით, ნიტრატები არ ამცირებს გულის ინფარქტის და უეცარი სიკვდილის რისკს, თუმცა კორონარული არტერიების დაავადების მქონე პირებს შორის მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიმპტომებს.

კალციუმის არხების ბლოკერები აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას და ხელს უშლის კორონარული არტერიების სპაზმის განვითარებას. ამ ჯგუფის საშუალებები ეფექტურია ვარიანტული ანგინის სამკურნალოდაც. ყველა კალციუმის არხების ბლოკერი აქვეითებს სისხლის წნევას. რამდენიმე პრეპარატი აღნიშნული ჯგუფიდან, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი, ამცირებს გულისცემის სიხშირეს. ეს მედიკამენტები სასარგებლოა იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ ბეტა-ბლოკერებს ან ვისთვისაც ნიტრატები არაეფექტურია.

აგფ ინჰიბიტორები, სახელდობრ, რამიპრილი, ხშირად ენიშნება კორონარული არტერიების დაავადების, მათ შორის ანგინის მქონეპაციენტებს. აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტები ანგინას არ კურნავს, მაგრამ ამცირებს გულის ინფარქტის და კორონარული არტერიების დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

ანტიაგრეგაციული საშუალებები, სახელდობრ, ასპირინი, ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი, იწვევს თრომბოციტების იმგვარად შეცვლას, რომ ისინი ერთმანეთს ან სისხლძარღვის კედელს აღარ ეწებება. როდესაც სისხლძარღვის კედელი დაზიანებულია, სისხლში მოცირკულირე თრომბოციტები ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. თრომბოციტები ეწებება ათერომას სისხლძარღვის კედელზე და თრომბი ყალიბდება, რომელიც ავიწროებს ან ახშობს არტერიას, რის შედეგადაც გულის ინფარქტი ვითარდება. ასპირინი ცვლის თრომბოციტების მახასიათებლებს და ამ გზით ამცირებს კორონარული არტერიების დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. ექიმების რეკომენდაციით კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებმა გულის ინფარქტის თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურად უნდა მიიღონ ორივე საშუალება – ასპირინი და კლოპიდოგრელი. ტიკლოპიდინი ისევე ეფექტურია, როგორც კლოპიდოგრელი, მაგრამ მეტი გვერდითი ეფექტები აქვს და ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კლოპიდოგრელის აუტანლობა ან მის მიმართ ალერგია აქვს. ანტიაგრეგაციული საშუალებები ენიშნება ანგინის მქონე პირებს, თუ მათ რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, სისხლდენა არა აქვთ.

რევასკულარიზაცია

რევასკულარიზაცია გულისხმობს ან კანგავლით კორონარულ ჩარევას(ანგიოპლასტიკა), ან აორტოკორონარულ შუნტირებას. ეს ინვაზიური მეთოდები ეფექტურია, თუმცა მხოლოდ მექანიკური ღონისძიებებია უეცრად განვითარებული პრობლემის კორექციისთვის. მათი გამოყენება არ აფერხებს ძირითადი დაავადების პროგრესირებას და პაციენტებს რისკფაქტორების მოდიფიკაცია კვლავაც ესაჭიროებათ.

კანგავლით კორონარულ ჩარევას, მისი ნაკლებად ინვაზიურობის გამო, ხშირად ანიჭებენ უპირატესობას აორტოკორონარულ შუნტირებასთან შედარებით, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის არ არის ნაჩვენები. ეს პროცედურა ტარდება, თუ ერთი ან ორი არტერიის მოკლე მონაკვეთებია დაზიანებული. თუმცა ახალი ტექნოლოგიები და მზარდი გამოცდილება ექიმებს ამ მეთოდის სულ უფრო ხშირად გამოყენების საშუალებას აძლევს.

აორტოკორონარული შუნტირება ძალზე ეფექტური ჩარევაა ანგინისა და კორონარული არტერიების დაავადების მქონე პირებისთვის. ის აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამსუბუქებს სიმპტომებს, ამცირებს მისაღები მედიკამენტების რაოდენობას და დოზას. შუნტირება უფრო სასარგებლოა მძიმედ მიმდინარე ანგინის დროს, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილება, გული ნორმალურად ფუნქციონირებს, პაციენტს გულის ინფარქტი არ აქვს გადატანილი და არ აღინიშნება ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ზრდის ქირურგიული ჩარევის თანმხლებ რისკს (მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). ასეთ პაციენტებს შორის, თუ შუნტირება გადაუდებლად არ უტარდებათ, სიკვდილიანობის რისკი 1% ან ნაკლებია, ხოლო ქირურგიული ჩარევის დროს გულის ინფარქტის განვითარების ალბათობა 5%-ზე ნაკლები. პაციენტების 85%-ს ოპერაციის შემდეგ სიმპტომები ან აღარ აღენიშნება, ან მნიშვნელოვნად აქვს შემსუბუქებული.