1. აორტის განშრევება
  2. ანევრიზმა და აორტის განშრევება
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
აორტის განშრევება

აორტის განშრევება წარმოადგენს უხშირესად ფატალურ პათოლოგიას და გულისხმობს აორტის კედლის შიგნითა შრის გახეთქას.

  • აორტის განშრევება უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება მაღალი არტერიული წნევის შედეგად არტერიის კედლის დაზიანების გამო;

  • ადამიანს აღენიშნება უეცარი, აუტანელი ტკივილი, ძირთადად გულმკერდის არეში, აგრეთვე ზურგში ბეჭებს შორის;

  • ექიმები დიაგნოზის დასადასტურებლად ატარებენ რენტგენოგრაფიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

  • ინიშნება მედიკამენტები არტერიული წნევის დასაქვეითებლად, ტარდება ოპერაციული ჩარევა ან იდგმება სტენტი აშრევების აღსადგენად.

აორტის შიგნითა შრის აშრევებასთან ერთად სისხლი ჟონავს შუა შრეში და იწვევს მის განშრევებას ჯერ კიდევ ინტაქტური გარეთა შრისგან. შედეგად აორტის კედელში ჩნდება ახალი, ცრუ არხი. აორტის განშრევება 3-ჯერ უფრო ხშირია კაცებში და აფროამერიკელებში და იშვიათია აზიელებში. აორტის განშრევების შემთხვევათა სამი მეოთხედი ვლინდება 40-დან 70 წლამდე ასაკში.

აორტის განშრევების ხშირი მიზეზია არტერიის კედლის დაზიანება. ყველაზე ხშირად ასეთი დაზიანება დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან, რომელიც აღენიშნება განშრევების მქონე პაციენტთა ორ მესამედზე მეტს. აორტის განშრევება შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევებით, განსაკუთრებით მარფანის სინდრომით და ელერს-დანლოს სინდრომით. ის ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბადებისას გულისა და სისხლძარღვების დეფექტებთან, როგორიცაა აორტის კოარქტაცია, აორტასა და ფილტვის არტერიას შორის სადინარი (ღია სადინარი) და აორტის სარქვლის დეფექტები. სხვა მიზეზებია არტერიოსკლეროზი, ტრავმა (როგორიცაა ავტოავარია, დაცემა გულმკერდზე ძლიერი დარტყმით). იშვიათად, განშრევება ჩნდება ექიმების მიერ არტერიაში კათეტერის ჩადგმის დროს (მაგ.: აორტოგრაფიის ან ანგიოგრაფიის დროს) ან გულსა და სისხლძარღვებზე ოპერაციული ჩარევისას.

სიმპტომები

ფაქტობრივად ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს განშრევება, აქვს ტკივილი, რომელიც უეცარი და აუტანელია. ხშირად მას აღწერენ როგორც გააფთრებულ ტკივილს. უმეტესად ტკივილი გულმკერდის არეშია, თუმცა, ხშირად ზურგში, ბეჭის ძვლებს შორის შეიგრძნობა. ტკივილის ლოკალიზაცია ხშირად იცვლება აორტის განშრევების ზრდასთან ერთად.

განშრევების მატებასთან ერთად შეიძლება მოხდეს აორტიდან არტერიების განშტოებების ადგილის დაბლოკვა და შესაბამისად სისხლის მიწოდების შეჩერებაც. შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი არტერია დაიბლოკება. აღნიშნულის შედეგად ვითარდება ინსულტი (ტვინის მომმარაგებელი ცერებრული არტერიების დაბლოკვის შედეგად), გულის შეტევა (გულის მომმარაგებელი კორონარული არტერიების დახშობისას), მუცლის უეცარი ტკივილი (ნაწლავების მომმარაგებელი მეზენტერული არტერიების დაბლოკვის გამო), წელის ტკივილი (თირკმლების მომმარაგებელი თირკმლის არტერიების გადაკეტვის გამო), და ნერვის დაზიანება, რომელიც იწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას ან კიდურის მოძრაობის უუნარობას (ხერხემლის არტერიების დაბლოკვის გამო).

სისხლმა შეიძლება გაჟონოს განშრევებიდან და დაგროვდეს გულმკერდში. გულთან ახლოს მდებარე განშრევებიდან სისხლის გაჟონვის შედეგად სისხლი შეიძლება შევიდეს პერიკარდიუმში (გულის გარშემო მდებარე გარსებს შორის), ხელი შეუშალოს გულის ადეკვატურ ავსებას და გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – გულის ტამპონადა.

დიაგნოზი

სიმპტომების განსაკუთრებულობა და თავისებურება ნათელს ხდის დიაგნოზს. თუმცა არსებობს მრავალი სიმპტომი, რომელიც ახასიათებს სხვა დაავადებებსაც. აორტის განშრევების მქონე ადამიანთა დაახლოებით ორ მესამედს პულსი მხრებსა და წვივებში შემცირებული აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. განშრევებამ შეიძლება გამოიწვიოს შუილი, რომელიც ისმინება სტეთოსკოპით.

გულმკერდის რენტგენოგრაფია არის პირველი საფეხური, რაც დისექციის დიაგნოსტირებისათვის ტარდება. სიმპტომების მქონე პაციენტთა 90%-ში რენტგენოლოგიურად ჩანს გაგანიერებული აორტა. ეს შედეგი შეიძლება ვნახოთ სხვა დარღვევების გამო ჩატარებული კვლევების დროსაც. რადიოკონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდგომ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა და სასარგებლო კვლევაა გადაუდებელი მდგომარეობების არსებობისას. სტანდარტული ან ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია აგრეთვე დიდი სიზუსტით ავლენს აორტის განშრევებას, მათ შორის მცირე ზომისასაც კი.

მკურნალობა და პროგნოზი

პაციენტები აორტის განშრევებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თავსდებიან, სადაც მათი ვიტალური (სასიცოცხლო) ნიშნები კონტროლდება (პულსი, არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე). სიკვდილი შეიძლება განვითარდეს განშრევების დაწყებიდან რამდენიმე საათში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მედიკამენტების: ნიტროპრუსიდისა და ბეტა-ბლოკერების ინტრავენური შეყვანა, რათა მოხდეს გულის ცემის გაიშვიათება და არტერიული წნევის იმ მინიმალურ ნიშნულამდე დაყვანა, რომელიც უზრუნველყოფს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების საკმარის სისხლმომარაგებას. დაბალი არტერიული წნევა და პულსის გაიშვიათება ხელს უწყობს დისექციის გავრცელების შემოფარგვლას. მედიკამენტური თერაპიის დაწყების შემდეგ, ექიმებმა მალევე უნდა გადაწყვიტონ, უნდა ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა, თუ გაგრძელდეს მედიკამენტური მკურნალობა.

ექიმები თითქმის ყოველთვის ქირურგიულ ჩარევას ურჩევენ აორტის დასაწყისი ნაწილის დისექციის დროს, რომელიც მდებარეობს გულთან, თუ დისექციის გართულებები არ წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის დიდ რისკს. გულისგან მოშორებული განშრევების დროს ექიმები რეკომენდაციას უწევენ მედიკამენტურ მკურნალობას. ქირურგიული ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განშრევების გამო არტერიიდან სისხლდენაა, დაბლოკილია სისხლმომარაგება ქვედა კიდურებში, მუცლის ღრუში მდებარე სასიცოცხლო ორგანოებში, განშრევება იწვევს სიმპტომებს, იზრდება ზომაში ან ვითარდება მარფანის სინდრომის მქონე პაციენტებში. სპეციალიზებულ დიდ სამედიცინო ცენტრებში სიკვდილიანობის რისკი ოპერაციული ჩარევისას დაახლოებით 15%-ს შეადგენს აორტის გულთან ახლოს მდებარე ნაწილის განშრევების დროს და მეტია დაშორებულ ნაწილებში (გართულებების მაღალი რისკის გამო).

ქირურგიული ჩარევისას ქირურგები აცილებენ განშრევებული აორტის, რაც შეიძლება დიდ მონაკვეთს ცრუ არხთან ახლოს შუა და გარეთა შრეებს შორის და დგამენ სინთეტიკურ იმპლანტს. აორტის სარქვლის უკმარისობისას ქირურგები მასაც აღადგენენ ან ჩაანაცვლებენ. განშრევებული აორტის მოცილება და აღდგენა გრძელდება 3-6 საათს. საავადმყოფოში დაყოვნების დღეებია 7-10 დღე. ზოგიერთ პაციენტში ენდოვასკულური სტენტ-იმპლანტები კათეტერის საშუალებით ბარძაყის არტერიიდან შეჰყავთ. პროცედურა გრძელდება 2-4 საათს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა კი 1-3 დღეა.

ყველა ადამიანს აორტის განშრევებით, მათ შორის ქირურგიული მკურნალობის ჩატარების შემდგომაც, უტარდება მედიკამენტური მკურნალობა არტერიული წნევის დასაქვეითებლად მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ მკურნალობის შედეგად მცირდება აორტის დატვირთვა. ეს მედიკამენტებია კალციუმის არხის ან ბეტა-ბლოკერები და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ). ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში ინიშნება ჰიპოლიპიდური დიეტა და ქოლესტერინის დამაქვეითებელი მედიკამენტები.

ექიმები ითვალისწინებენ შორეულ გართულებებსაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი განშრევება, ანევრიზმის ჩამოყალიბება, აორტის სარქვლის მზარდი უკმარისობა. ნებისმიერი ამ გართულებათაგანი მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას.

მკურნალობის გარეშე აორტის განშრევების მქონე პაციენტთა დაახლოებით 75% კვდება პირველი ორი კვირის განმავლობაში. მკურნალობის ფონზე დაახლოებით 70% ადამიანებისა აორტის დასაწყისი ნაწილის განშრევებით და 90% გულისგან მოშორებული ნაწილის განშრევებით გადარჩებიან საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ. დაახლოებით 60% ადამიანებისა, რომლებიც გადარჩებიან პირველი ორი კვირის მანძილზე, ცოცხლობენ 5 წელი მკურნალობის შემდეგ, ხოლო 40% ცოცხლობს 10 წელი. პირველი 2 კვირის შემდეგ გარდაცვლილთა დაახლოებით ერთი მესამედი კვდება განშრევების გართულებით, დანარჩენი ორი მესამედი სხვა დარღვევებით.