1. ლიმფედემა
  2. ლიმფური სისტემის დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ლიმფედემა

ლიმფედემა არის ლიმფის დაგროვების შედეგად განვითარებული შესივება.

  • არ ხდება ლიმფის დრენირება ქსოვილებიდან, რაც შეშუპებას იწვევს;

  • დამწოლი ნახვევები ან პნევმატური წინდები ამცირებს შესივებას.

ლიმფედემა ვითარდება ქსოვილებიდან ლიმფის ადეკვატურად დრენირების შეფერხებისას. ლიმფედემა შეშუპებას იწვევს. თავად ლიმფედემა შეიძლება გამოიწვიოს დაბადებისას არსებულმა (მემკვიდრული) ან მოგვიანებით განვითარებულმა (შეძენილი) მდგომარეობებმა.

თანდაყოლილი ლიმფედემა: ამ მდგომარეობის მიზეზია ლიმფური ძარღვების რაოდენობით სიმცირე, რის გამოც შეფერხებულია ლიმფის დრენაჟი. თითქმის ყოველთვის ზიანდება ქვედა კიდურები, იშვიათად – ზედა კიდურებიც. თანდაყოლილი ლიმფედემა ქალებს შორის უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის.

იშვიათად შეშუპება დაბადებისთანავე ვლინდება; ჩვეულებრივ, ამ ასაკისთვის დამახასიათებელი მცირე მოცულობის ლიმფის დრენირებისთვის ლიმფური ძარღვების არსებული რაოდენობა საკმარისია. შეშუპება მოგვიანებით ჩნდება, ლიმფის მოცულობის ზრდის გამო ლიმფური ძარღვების ლიმფით გადავსების შედეგად. შესივება თანდათან ვითარდება ერთ ან ორივე ქვედა კიდურში. ლიმფედემის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტერფის შესივება – დღის ბოლოს პაციენტს "ფეხსაცმელი უჭერს", შეიძლება ფეხსაცმლის ანაბეჭდებიც დაეტყოს ტერფის კანზე (ქვედა კიდურების შეშუპება ხშირია ლიმფედემის გარეშეც – დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომის შემდეგ. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ანაბეჭდები კოჭების ირგვლივ კოჭებამდე წინდების ხმარებისას, მაგრამ, ანაბეჭდები ნაკლებად ღრმაა, ვიდრე ლიმფედემის დროს და შესივებაც ნაკლებად არის გამოხატული).

თანდაყოლილი ლიმფედემის ადრეულ სტადიებზე შეშუპება მცირდება ფეხის ზემოთ აწევის შემდეგ. დროთა განმავლობაში მდგომარეობა თანდათან უარესდება, შეშუპება იმატებს და ღამე დასვენების შემდეგაც კი არ ალაგდება ხოლმე სრულად.

შეძენილი ლიმფედემა: შეძენილი ლიმფედემა უფრო ხშირია, ვიდრე თანდაყოლილი. ის, როგორც წესი, დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვითარდება, განსაკუთრებით სიმსივნის მკურნალობისას, ლიმფური კვანძებისა და ლიმფური ძარღვების ამოკვეთის და/ან მათი დასხივების გამო. მოხსენიებულის მაგალითია ზედა კიდურის შეშუპება სარძევე ჯირკვლის მოკვეთისა და იღლიაში მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთის შემდეგ. ლიმფედემა შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური ძარღვების დანაწიბურებამაც განმეორებითი ინფექციების შედეგად, თუმცა ამგვარი პოსტინფექციური ნაწიბურები იშვიათია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანს ჰქონდა ტროპიკული ფილარიით გამოწვეული პარაზიტული ინფექცია (ფილარიაზი).

შეძენილი ლიმფედემისას კანი შეუცვლელი, მაგრამ შესივებული და შეშუპებულია. თითის დაჭერით არ რჩება ისეთი ღრმა ჩანაჭდევები, როგორიც ვენებში სისხლის დინების შეფერხებით გამოწვეულ შეშუპებას ახასიათებს. იშვიათად, განსაკუთრებით ფილარიაზის დროს, შეშუპებული ფეხი სიგანეში იზრდება, კანი თხელდება, ნაოჭდება და სპილოს ფეხს ემსგავსება; ამ დაავადებას სპილოვნობა (ელეფანტიაზი) ეწოდება.

მკურნალობა

ლიმფედემა არ იკურნება. მსუბუქად გამოხატული ლიმფედემის დროს დამწოლი ნახვევები ამცირებს შეშუპებას. უფრო სერიოზული დაზიანებისას შეშუპების შესამცირებლად პნევმატური წინდები გამოიყენება – ყოველდღიურად, ერთი ან ორი საათის განმავლობაში. შეშუპების შემცირების შემდეგ პაციენტმა მუხლამდე ელასტიკური წინდები უნდა ატაროს მთელი დღის განმავლობაში – დილას ადგომიდან დასაძინებლად დაწოლამდე. ზემოხსენებული მხოლოდ გარკვეულ დონემდე იძლევა შეშუპების გაკონტროლების შესაძლებლობას. ზედა კიდურის ლიმფედემის სამკურნალოდ პნევმატური სახელოები გამოიყენება, იხმარება ელასტიკური ხელთათმანებიც. სპილოვნობის დროს შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა შეშუპებული კანქვეშა ქსოვილების მოსაცილებლად.