პნევმონია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში (რომელთა იმუნიტეტი დაქვეითებულია მაგ. შიდსის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, გარკვეული პრეპარატების მიღების გამო), როგორც წესი, გამოწვეულია ჯანმრთელ პირებში გამომწვევი ბაქტერიებისგან განსხვავებული მიკოორგანიზმებით.
Pneumocystis jiroveci სოკოა, რომელიც ჩვეულებრივ ცოცხლობს ჯანმრთელი ადამიანის ფილტვებში და არავითარ ზიანს არ აყენებს მას. ეს სოკო პნევმონიას იწვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორგანიზმის დამცველობითი უნარი სუსტდება სიმსივნის, შიდსის ან იმუნური სისტემის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღებისას. იმუნური სისტემის დამაქვეითებელი მედიკამენტებია: კორტიკოსტეროიდები, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ხშირად P. jiroveci გამოწვეული პნევმონია არის პირველი ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე პიროვნებას (აივ ინფიცირებული) განუვითარდა შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი).
დაავადებულთა დიდ ნაწილს უვითარდება ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, მშრალი ხველა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე კვირის მანძილზე აღმოცენდება და გრძელდება. ფილტვები საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს ვერ აწოდებენ სისხლს. ეს იწვევს სუნთქვის უკმარისობას, რომელიც ზოგჯერ მძიმედაა გამოხატული.
გულმკერდის რენტგენოგრაფიით არ ჩანს რაიმე პათოლოგია ან დაჩრდილვა, ისევე, როგორც ვირუსული ინფექციისას. დიაგნოზი ეფუძნება ნახველის მიკროსკოპიას, რომელიც მიღებულია ჩვეულებრივი ამოხველებით, ინჰალაციით ხელოვნურად გამოწვეული ხველის შედეგად ან ბრონქოსკოპიის (ჰაერგამტარ გზებში მოთავსებული ინსტრუმენტი) საშუალებით.
კომბინირებული ანტიბიოტიკის – ტრიმეტროპრიმ-სულფამეტოქსაზოლის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს Pneumocystis პნევმონიის პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია შიდსით დაავადებულებში, მოიცავს გამონაყარს, ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების – ლეიკოციტების შემცირებას და ცხელებას. ალტერნატიული პრევენციული მედიკამენტებია დაპსონი, ატოვაქინი და პენტამიდინი (რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას აეროზოლის სახით, ფილტვებში პირდაპირი მოხვედრის გზით).
Pneumocystis პნევმონიის სამკურნალო საშუალებებია: ტრიმეტროპრიმ-სულფამეტოქსაზოლი, დაპსონი ტრიმეტროპრიმთან კომბინაციაში, კლინდამიცინი და პრიმაქინი, ატოვაქინი ან ინტრავენური პენტამიდინი. როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე გარკვეულ მაჩვენებელზე ქვემოთ ეცემა, შეიძლება დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები.
მკურნალობის მიუხედავად, პნევმონიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენს 15-20%-ს.