ასპირაციული პნევმონია | მკურნალი.გე
  1. ასპირაციული პნევმონია
  2. პნევმონია (ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები)
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ასპირაციული პნევმონია

ასპირაციული პნევმონია ფილტვების ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუს სეკრეტის ან/და კუჭის შიგთავსის ჩასუნთქვით. ქიმიური პნევმონიტი კი ტოქსიკური ნივთიერებების ჩასუნთქვით გამოწვეული ფილტვების გაღიზიანებაა.

  • სიმპტომები მოიცავს ხველას და სუნთქვის უკმარისობას;

  • ექიმები დიაგნოზს სვამენ პაციენტის სიმპტომებისა და გულმკერდის რენტენოგრაფიის საფუძველზე;

  • მკურნალობა და პროგნოზი განსხვავდება და დამოკიდებულია ასპირაციულ ნივთიერებაზე.

ასპირაციული პნევმონია: ხშირად პირის ღრუდან უმცირესი ნაწილაკები ჩაეწვეთება ან ჩაისუნთქება (ხდება ასპირაცია) ჰაერგამტარ გზებში. ჩვეულებრივ, ნორმალური დაცვითი მექანიზმებით (ხველის საშუალებით) ხდება მათი მოშორება და ჰაერგამტარი გზების გაწმენდა მანამ, სანამ ისინი მოხვდებიან ფილტვებში და გამოიწვევენ ანთებას ან ინფექციას. როდესაც ასეთი ნაწილაკების მოცილება ვერ ხდება (გაუარესებული დამცავი მექანიზმების ან ასპირირებული ნივთიერების დიდი რაოდენობის გამო), შესაძლოა, მოხდეს ასპირაციული პნევმონიის განვითარება. ასეთი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები და დაუძლურებულნი, რომელთაც აქვთ ყლაპვის გაძნელება (მაგალითად, ინსულტის შემდეგ), არიან ალკოჰოლის ან აკრძალული ნივთიერებების ინტოქსიკაციის ქვეშ, აქვთ ცნობიერების დარღვევა ანესთეზიის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო.

პნევმონიის სიმპტომები არ იწყება სულ მცირე ერთი ან ორი დღე. ნახველს შესაძლოა ჰქონდეს მყრალი სუნი. მკურნალობა ტარდება სხვადასხვა ანტიბიოტიკით: მათ შორის გამოიყენება კლინდამიცინი, ამოქსიცილინი კლავულანატით, ამპიცილინი და იმიპენემი. მყარი ნაწილაკის ინჰალაციის შემთხვევაში საჭიროა ბრონქოსკოპია მის ამოსაღებად.

ქიმიური პნევმონიტი: ქიმიური პნევმონიტი ვითარდება პიროვნების მიერ ფილტვების გამღიზიანებელი, ტოქსიკური ნივთიერების შესუნთქვის (ასპირატის) შედეგად. პრობლემა ვითარდება ძირითადად გაღიზიანების და არა ინფექციის გამო. ყველაზე ხშირი ტოქსიკური ინჰალაციური აგენტია კუჭის მჟავა, ასე რომ, ქიმიური პნევმონიტი ვითარდება ადამიანის მიერ ნებისმიერი მიზეზით ღებინების შემდეგ ნაღებინები მასის ჰაერგამტარ გზებში ჩასუნთქვის შედეგად. ნაღებინები მასის ჩასუნთქვა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება არ არის ფხიზელი, აღენიშნება კრუნჩხვები, ინსულტი, ალკოჰოლი ან აკრძალული ნივთიერებები ჭარბად აქვს მიღებული. ქიმიური პნევმონიტი ვითარდება აგრეთვე საფაღარათო ზეთების (მინერალური, პარაფინის, აბუსალათინის) და ჰიდროკარბონების (როგორიცაა ბენზინი, ნავთი, სხვა საწვავი ნივთიერებები) ინჰალაციისას. სუნთქვის უეცარი უკმარისობა და ხველა ვითარდება წუთებიდან რამდენიმე საათში. სხვა სიმპტომები შესაძლოა იყოს ცხელება და მოვარდისფრო, ქაფიანი ნახველი. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიკური ნივთიერების ინჰალაციიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ.

ქიმიური პნევმონიტის დიაგნოზი აშკარაა მოვლენების მიმდევრობიდან, თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა და ჟანგბადის კონცენტრაციის შემცველობის განსაზღვრა არტერიულ სისხლში შესაძლოა დაეხმაროს დიაგნოსტირებას. როდესაც დიაგნოზი არ არის ნათელი, დამატებით ბრონქოსკოპია ტარდება.

მკურნალობა მოიცავს ჟანგბადის მიწოდებას და საჭიროების შემთხვევაში – ხელოვნურ სუნთქვას. ტრაქეის ამოტუმბვით შეიძლება მოხდეს ჰაერგამტარი გზების განთავისუფლება სეკრეტისა და ასპირირებული საკვების ნაწილაკებისგან. ამ მიზნით შეიძლება ბრონქოსკოპის გამოყენებაც.

ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ გამოიყენება სამკურნალოდ, ვინაიდან ექიმებს უჭირთ, მოახდინონ დიფერენცირება ასპირაციულ პნევმონიასა და ბაქტერიულ ინფექციას შორის. პაციენტების 30-დან 50%-მდე კუჭის მჟავას ასპირაციის შედეგად განვითარებული სერიოზული ქიმიური პნევმონიტის შედეგად კვდება.