აზბესტოზი | მკურნალი.გე
  1. აზბესტოზი
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
აზბესტოზი

აზბესტოზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც აზბესტის მტვრის ჩასუნთქვის შედეგად ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება ახასიათებს.

  • აზბესტოზის სიმპტომებია ქოშინი და ფიზიკური აქტივობის შემცირება;

  • დიაგნოზი დაისმის გულმკერდის რენტგენოგრაფიითა და კომპიუტერული ტომოგრაფიით;

  • აზბესტოზის პრევენცია მოიცავს აზბესტის ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას;

  • მკურნალობისთვის მიმართავენ ოქსიგენოთერაპიას და ფილტვიდან სითხის დრენირებას, რაც სუნთქვას აადვილებს;

  • აზბესტოზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეზოთელიომა და ფილტვების სიმსივნე.

აზბესტი შედგება სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ბოჭკოვანი მინერალური სილიკატებისაგან. ჩასუნთქვისას მათი ნაწილაკები ლაგდებიან ღრმად ფილტვებში და იწვევენ დანაწიბურებას. აზბესტის ინჰალაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის მფარავი ორმაგი გარსის (პლევრა) გასქელება. ამ გასქელებებს ეწოდება პლევრული ფოლაქები. ისინი ავთვისებიანად არ გადაგვარდებიან.

აზბესტის ნაწილაკების შესუნთქვისას ფილტვსა და პლევრას შორის სივრცეში შეიძლება მოხდეს სითხის დაგროვება, რაც არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) გენეზისისაა და აზბესტოზის ექსუდატი ეწოდება.

აზბესტოზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლევრის სიმსივნე, რომელსაც მეზოთელიომა ეწოდება, ან მუცლის ღრუს პერიტონეუმის გარსის სიმსივნე – პერიტონეუმის მეზოთელიომა. შეერთებულ შტატებში მეზოთელიომის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი აზბესტია. თამბაქოს მოხმარება მეზოთელიომის გამომწვევი არ არის. მეზოთელიომა ყველაზე ხშირად ვლინდება აზბესტის ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის – კროკოდოლიტის ზემოქმედების შემდეგ. ამოზიტი – აზბესტის მეორე სახეობა, მეზოთელიომის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია. ყველაზე ნაკლებ შემთხვევებს იწვევს ხრიზოტილი, მაგრამ იგი ხშირად დაბინძურებულია ტრემოტილით, რომელიც ასევე მეზოთელიომის გამომწვევია. მეზოთელიომა შეიძლება განვითარდეს აზბესტის ზემოქმედებიდან 30-40 წლის შემდეგ. იგი მაშინაც კი ვითარდება, თუ ზემოქმედება დაბალი დოზებით ხდებოდა.

აზბესტმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის სიმსივნე, რომელიც დამოკიდებულია ზემოქმედების ხარისხზე. აზბესტოზით გამოწვეული ფილტვის სიმსივნე უფრო ხშირია მწეველ პაციენტებში, განსაკუთრებით ერთ კოლოფზე მეტის მომხმარებლებში.

პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ აზბესტის პროფესიული ზემოქმედება, დაავადების განვითარების დაბალი რისკი მაინც არსებობს. აზბესტი უნდა დაიშალოს უმცირეს ნაწილაკებად, რათა მოხდეს მათი შესუნთქვა. შენობების დემონტაჟის დროს მუშები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ. აზბესტთან მუდმივ კონტაქტში მყოფნი ფილტვის დაავადებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. რაც მეტი ხალხი იმყოფება აზბესტის ზემოქმედების ქვეშ, მით მეტია მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკი.

სიმპტომები

აზბესტოზით გამოწვეული სიმპტომები გამოვლინდება მხოლოდ ფილტვის დიდი ნაწილის დანაწიბურების შემდეგ. დანაწიბურებული ქსოვილი კარგავს ელასტიკურობას. თავდაპირველად ვლინდება მსუბუქად გამოხატული ქოშინი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, ხოლო ქრონიკული ბრონქიტის მქონე მწეველ პაციენტებში აზბესტის ზემოქმედების შემდეგ ვითარდება ხველა და ხმაურიანი სუნთქვა. თანდათანობით სუნთქვა უფრო და უფრო რთულდება. აზბესტოზიანი პაციენტების 15%-ს უვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტებს არასიმსივნური ექსუდაციური აზბესტოზით ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება პლევრაში სითხის დაგროვების გამო. პლევრული ფოლაქების არსებობისას ქოშინი მსუბუქად არის გამოხატული გულმკერდის კედლის გაუხეშების გამო. გულმკერდის მიდამოში მუდმივი ტკივილი და ქოშინი მეზოთელიომის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია.

დიაგნოზი

აზბესტოზიან პაციენტებში დარღვეულია ფილტვის ფუნქცია, რის გამოც აუსკულტაციით შეიძლება ისმინებოდეს ე.წ. ტკაცუნის ხმა. ანამნეზში აზბესტთან კონტაქტში მყოფი პირების დიაგნოსტირება ხდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT), რომელიც გამოავლენს დაავადებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. პლევრული ფოლაქები შეიცავს კალციუმს, რაც აადვილებს მათ დანახვას გულმკერდის რენტგენოგრამაზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ამიტომ ფილტვის ბიოფსია სადიაგნოსტიკოდ იშვიათად გამოიყენება.

გულმკერდის რენტგენოგრაფიით პლევრაში სიმსივნის გამოვლენისას დამატებით საჭიროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოფსიის გაკეთება (პლევრის მცირე ნაწილის ამოკვეთა და მისი მიკროსკოპში დათვალიერება), რათა განისაზღვროს, წარმონაქმნი ავთვისებიანია თუ არა. სითხის არსებობისას ფილტვების გარშემო ხდება მისი შპრიცით ამოღება და ანალიზის ჩატარება სიმსივნური უჯრედების არსებობაზე (პროცედურას ეწოდება თორაკოცენტეზი). თუმცაღა თორაკოცენტეზი არც ისეთი ზუსტი კვლევაა, როგორიც პლევრის ბიოფსია. თუ გულმკერდის რენტგენოგრაფიით საეჭვოა სიმსივნისთვის დამახასიათებელი სურათი, დიდია ალბათობა, რომ ამ მიდამოში მართლაც იყოს სიმსივნე და ის სრულად უნდა გამოიკვლიონ.

პრევენცია და მკურნალობა

აზბესტის ინჰალაციით გამოწვეული დაავადებების პრევენცია ხდება აზბესტის მტვრის რაოდენობის შემცირებით სამუშაო გარემოში. ვინაიდან აზბესტის მტვრის კონტროლი თანამედროვე ინდუსტრიულ მრეწველობაში უკეთაა შესაძლებელი, დაავადების სიხშირე იკლებს, მაგრამ მეზოთელიომა კვლავ რჩება პრობლემად პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ზეგავლენის ქვეშ 30-50 წლის წინ. აზბესტის შემცველი ნედლეული სახლებში მხოლოდ შფოთვის საფუძველს ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აზბესტის მასალის გატანა ან ბინის რემონტი, მისი გაუვნებლება უნდა მოხდეს უსაფრთხო გზებით, სპეციალურად დატრენინგებული მუშების მიერ. მწეველებში, რომლებიც იმყოფებოდნენ აზბესტის ზემოქმედების ქვეშ, დაავადების რისკი მცირდება, თუ მოწევას თავს დაანებებენ. მათ ყოველწლიურად საპროფილაქტიკოდ გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ. რეკომენდებულია გრიპის ვირუსისა და პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც აზბესტთან კონტაქტის მქონე პაციენტებისთვის, რათა მოხდეს იმ ინფექციებისგან თავის დაცვა, რომელთა მიმართაც მუშები შეიძლება იყვნენ მეტად მგრძნობიარენი.

მკურნალობა მოიცავს სიმპტომების შემსუბუქებას. ოქსიგენოთერაპია აუმჯობესებს სუნთქვის უკმარისობას. პლევრიდან სითხის ამოღება აადვილებს სუნთქვის პროცესს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩატარებულ იქნა ფილტვების ტრანსპლანტაციაც, რაც აზბესტოზის წარმატებული მკურნალობის საშუალება აღმოჩნდა.

მეზოთელიომის გამოსავალი ფატალურია მისი დიაგნოსტირებიდან 1-4 წლის განმავლობაში. სიმსივნის ქირურგიული გზით მოკვეთა არ განკურნავს დაავადებას, არც ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიაა დიდად ეფექტური. მკურნალობის სხვა მეთოდები მოიცავს ტკივილის კუპირებას და სუნთქვის უკმარისობის გაუმჯობესებას, რაც ზრდის სიცოცხლის ხარისხს.