ბერილიუმის დაავადება | მკურნალი.გე
  1. ბერილიუმის დაავადება
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ბერილიუმის დაავადება

ბერილიუმის დაავადება (მას ბერილიოზსაც უწოდებენ) არის ფილტვების მსუბუქი ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბერილიუმის შემცველი მტვრისა და ორთქლის შესუნთქვით.

  • პაციენტებს ბერილიუმის დაავადებით აქვთ თანდათანობითი მზარდი ხველა, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ღამით ოფლიანობა;

  • დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ბერილიუმზე იმუნური სისტემის რეაქციის ანალიზებს;

  • მკურნალობისთვის გამოიყენება ჟანგბადი ან კორტიკოსტეროიდები;

  • პაციენტების ნაწილს ენიშნება კორტიკოსტეროიდები მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო ნაწილი საჭიროებს ფილტვის ტრანსპლანტაციას.

ბერილიუმი ადრე გამოიყენებოდა ელექტროტექნიკასა და ქიმიურ მრეწველობაში, ასევე ფლუორესცენციული ნათურების წარმოებაში. დღესდღეობით მას უმეტესად იყენებენ კოსმოსურ ინდუსტრიაში. ამ მრეწველობაში მომუშავე მუშების გარდა ბერილიუმის დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არის ქარხნის ახლოს მცხოვრები მოსახლეობაც.

ბერილიუმის დაავადება სხვა ეკოლოგიური დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებებისგან იმით განსხვავდება, რომ მცირე დოზით ბერილიუმის ზემოქმედებისას ფილტვების დაავადება ვლინდება მხოლოდ ბერილიუმისადმი მგრძნობიარე პირებში, ანუ კონტაქტში მყოფთა 2-6%-ში. ასეთ ადამიანებში დაავადება მაშინაც კი შეიძლება განვითარდეს, როცა ძალიან ცოტა ხნით აქვთ შეხება ბერილიუმის მტვერთან.

სიმპტომები და დიაგნოზი

პაციენტთა გარკვეულ ნაწილში ბერილიუმის დაავადება ვლინდება უეცრად (მწვავე ბერილიოზი). ძირითადად გამოვლინდება, როგორც ფილტვის ანთებითი დაავადება (პნევმონია). ფილტვები გაუხეშებულია და ცუდად ფუნქციონირებს. დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას ვლინდება ხველა, უეცარი დასაწყისით, სუნთქვის გაძნელება და წონის კლება. დაავადებამ ასევე გავლენა შეიძლება იქონიოს კანსა და თვალებზე. თუმცაღა ბერილიოზის ეს ფორმა ამჟამად იშვიათია.

ყველაზე ხშირად პაციენტებს ახასიათებთ ქრონიკული ბერილიოზი, რომლის დროსაც ხდება ფილტვის ქსოვილის პათოლოგიური ცვლილება და ლიმფური ჯირკვლების ჰიპერპლაზია. ხველა, სუნთქვის გაძნელება, წონის კლება, ღამით ოფლიანობა და საერთო სისუსტე ვითარდება თანდათანობით 10-20 წლის განმავლობაში. თუ დაავადების დიაგნოსტირება მოხდება ადრეულ ეტაპზე, სიმპტომები შეიძლება არც გამოვლინდეს.

დიაგნოზი ეყრდნობა პაციენტის ანამნეზურ მონაცემებს. ბერილიუმთან კონტაქტის დაწყების დროს და სისხლის ანალიზის შედეგებს, რომელსაც ბერილიუმის ლიმფოციტების პროლიფერაციის ტესტი ეწოდება (BeLPT). ამ ანალიზით ხდება ბერილიუმზე ალერგიის გამოვლენა. თუ დაავადების უფრო შორს წასული ფორმაა, სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ გულმკერდის რენტგენოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. თუმცაღა, რენტგენოლოგიური ცვლილებები და კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი ბერილიოზით და სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში ერთმანეთის მსგავსია (სხვა ფილტვის დაავადებები). ამიტომ საბოლოო დიაგნოზი დგინდება ბრონქოსკოპიის საშუალებით. ბრონქოსკოპის მილი თავსდება ფილტვებში, საიდანაც ხდება მცირე ზომის ქსოვილის ამოკვეთა და ბერილიუმზე ალერგიული ტესტის ჩატარება.

პროგნოზი, პრევენცია და მკურნალობა

მწვავე ბერილიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ. დაავადებულთა უმეტესი ნაწილი შესაბამისი მკურნალობის ფონზე, რომელიც მოიცავს ხელოვნურ ვენტილაციას და კორტიკოსტეროიდების დანიშვნას, გამოჯანჯანმრთელდება 7-10 დღის მანძილზე. თუმცაღა ერთეული შემთხვევები მთავრდება ლეტალურად ან ყალიბდება ქრონიკული ბერილიუმის დაავადება.

ქრონიკული ბერილიოზის დროს სიმპტომები არის გახანგრძლივებული და განიცდის პროგრესს. თუ ფილტვების დიდი ნაწილია დაზიანებული, ხდება გულის გადაძაბვა, ვითარდება გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული) და დგება სიკვდილი. ქრონიკული ბერილიოზით დაავადებულ პაციენტებს ენიშნებათ ორალური კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი. პაციენტების ნაწილს შეიძლება დასჭირდეს მისი მიღება მთელი ცხოვრების მანძილზეც. ძალიან მძიმე ქრონიკული ბერილიოზით დაავადებულებში შეიძლება სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო გახდეს ფილტვების გადანერგვა. სხვა დამხმარე ღონისძიებები გამოიყენება საჭიროებისამებრ, მაგალითად ჟანგბადით თერაპია, ფილტვის რეაბილიტაცია და მედიკამენტები მარჯვენამხრივი გულის უკმარისობის სამკურნალოდ. დაავადების პრევენცია ხდება ბერილიუმის ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანით.