შენობებთან დაკავშირებული დაავადებები | მკურნალი.გე
  1. შენობებთან დაკავშირებული დაავადებები
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
შენობებთან დაკავშირებული დაავადებები

შენობებთან დაკავშირებული დაავადებები არის პათოლოგია, რომელიც აზიანებს ფილტვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს და გამოწვეულია იმ ნივთიერებების ზემოქმედებით, რომლებსაც თანამედროვე ჰერმეტული შენობები შეიცავს.

  • შენობებთან დაკავშირებული დაავადებები გამოწვეულია იმ ნივთიერებების ზემოქმედებით, რომლებიც ჰერმეტულად დახურულ, ცუდად ვენტილირებად შენობებშია;

  • სიმპტომები ძირითადად დამოკიდებულია გამომწვევის ეტიოლოგიაზე. თუმცაღა შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელებით, სუნთქვის გაძნელებით, ცხვირიდან გამონადენით ან გაჭედვით, თავის ტკივილით, კანის პრობლემებითა და კონცენტრაციის დარღვევებით;

  • დიაგნოსტიკა ითვალისწინებს შენობებში ჰაერის ხარისხის კონტროლს და იმ პაციენტების რაოდენობის განსაზღვრას, რომლებიც განიცდიან შენობებთან დაკავშირებული დაავადების სიმპტომებს;

  • მკურნალობა მოიცავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას დაწესებულების შიგნით ან შენობის დატოვებას.

შენობებთან დაკავშირებული დაავადებები არის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე ჰერმეტიზებულ, ენერგოეფექტურ შენობებს. ასეთი დაწესებულებები ხასიათდება დალუქული ფანჯრებით და მათში ჰაერის ცირკულაცია დამოკიდებულია გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებზე. დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა ვლინდება არასამრეწველო საოფისე შენობებში, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს საცხოვრებელ სახლებში, სკოლებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.

შენობებთან დაკავშირებული დაავადებები შეიძლება იყოს სპეციფიკური და არასპეციფიკური.

შენობებთან დაკავშირებული სპეციფიკური დაავადებები

შენობებთან დაკავშირებული სპეციფიკური დაავადებების დროს დაავადების შენობასთან კავშირი დამტკიცებულია. ასეთი დაავადებების მაგალითებია: ლეგიონერების დაავადება (Legionnaires’ disease, პროფესიული ასთმა) ჰიპერრეაქტიული პნევმონია და ინჰალაციური ცხელება.

ინჰალაციური ცხელება – ეს არის ცხელება, რომელსაც იწვევს ორგანული (მასალები, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადს და არიან ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი) აეროზოლები ან მტვერი. დაავადებას ასევე იწვევს მეტალებისა და პოლიმერების ორთქლი. არასამრეწველო შენობებში ჰაერის დამატენიანებლები ან ნებისმიერი სხვა ტიპის ვენტილაცია წარმოადგენს რეზერვუარს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებისთვის. ისინი აფრქვევენ დამაბინძურებელ ნივთიერებებს დაწესებულებებში კონდიცირების სისტემის მეშვეობით. პაციენტებს ახასიათებთ დაბალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ხველა და სუნთქვის გაძნელება. გაუმჯობესება ვლინდება, როცა გამღიზიანებლის ზემოქმედება წყდება (მაგალითად ერთი კვირით შენობისგან შორს ყოფნა) რაც ხშირად გამომწვევი მიზეზის დადგენის კარგი საშუალებაა. ჩივილები იწყება უცაბედად და გრძელდება დღეების მანძილზე. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სუსტად ან საერთოდაც არ გამოვლინდეს. ხშირია ჯგუფური შემთხვევები. ჩივილები შეიძლება გაჩნდეს შენობასთან პირველივე კონტაქტის შემდეგაც. მწვავე ეპიზოდები არ საჭიროებს მკურნალობას, გარდა გამღიზიანებლისგან თავის არიდებისა და სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებისა. თუ სიმპტომები ღრმავდება, არ გადის, საჭირო ხდება კვლევები, რათა განისაზღვროს, ეს სიმპტომები ინფექციითაა გამოწვეული თუ სხვა მდგომარეობით. ანალიზების ჩატარება ჰაერში არსებული ნაწილაკების გამოსავლენად არის ძვირად ღირებული და დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია, გარკვეულ შემთხვევებში აირის დაბინძურების დოკუმენტურად დასადასტურებლად. ინჰალაციური ცხელების პრევენცია ხშირად შესაძლებელია კარგი სავენტილაციო სისტემის ქონით.

შენობებთან დაკავშირებული არასპეციფიკური დაავადებები

შენობებთან ასოცირებულიარასპეციფიკური დაავადებების დროს ძნელია კავშირის დამყარება შენობების ზეგავლენასა და სიმპტომების არსებობას შორის. სიმპტომები ზოგადია და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • თვალების სიმშრალე, ცრემლდენა, ქავილი ან გაღიზიანება

  • გამონადენი ცხვირიდან ან ცხვირის გაჭედვა

  • ყელის ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება

  • მშრალი კანი, ქავილი ან დაუზუსტებელი გამონაყარი

  • თავის ტკივილი, ლეთარგია, ან ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება

შენობასთან ასოცირებული ზოგიერთი ფაქტორი, როგორებიცაა: შენობის მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა და ცუდი ვენტილაცია, ამასთან ერთად გარემოდან სუფთა ჰაერის არასაკმარისი მიწოდება – შეიძლება გახდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების მიზეზი. ქალები, ალერგიული პაციენტები, ასევე პაციენტები, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების მიმართ ან აღენიშნებათ დეპრესია და ემოციური ლაბილობა, უფრო ხშირად განიცდიან შენობებთან ასოცირებულ სიმპტომებს.

სადიაგნოსტიკოდ სპეციფიკური ანალიზების ჩატარება საჭირო არ არის. ჰაერის ხარისხის კონტროლი შენობის შიგნით და დაწესებულებაში მყოფებში გამოვლენილი სიმპტომები იძლევა საშუალებას, გამოითქვას ვარაუდი, რომ სიმპტომებს იწვევს შენობასთან ასოცირებული მდგომარეობები. მკურნალობა მოიცავს გამღიზიანებელი ფაქტორების თავიდან არიდებას, ვენტილაციის და შენობებში არსებული პირობების გაუმჯობესებას. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.