მაღაროელთა პნევმოკონიოზი | მკურნალი.გე
  1. მაღაროელთა პნევმოკონიოზი
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
მაღაროელთა პნევმოკონიოზი

მაღაროელთა პნევმოკონიოზი (შავი ფილტვები) არის ფილტვების დაავადება, რომელიც გამოწვეულია ქვანახშირის მტვრის ზემოქმედებით ფილტვებზე.

  • დაავადება პაციენტთა უმეტეს ნაწილში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო თუ გამოვლინდა, ახასიათებს ხველა და სუნთქვის გაძნელება;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ გულმკერდის რენტგენოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

  • პრევენცია მოიცავს მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას;

  • სამკურნალოდ ინიშნება სასუნთქი გზების გამაფართოებელი და ამოსახველებელი მედიკამენტები.

მაღაროელთა პნევმოკონიოზი გამოწვეულია ქვანახშირის მტვრის და გრაფიტის შესუნთქვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცაღა ქვანახშირის მტვერი ინერტულია და არ იწვევს მწვავე რეაქციებს ორგანიზმში, იგი ვრცელდება მთელ ფილტვებში და რენტგენოლოგიურად ჩანს, როგორც უწვრილესი წერტილები. ქვანახშირის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ბლოკირება. მაღაროელთა მარტივი პნევმოკონიოზის დროს მტვერი გროვდება მცირე ზომის სასუნთქ გზებში (ბრონქიოლებში). ყოველწლიურად დაავადებული პაციენტების 1-2% ში ვითარდება უფრო სერიოზული ფორმა – პროგრესული მასიური ფიბროზი, რომლის დროსაც, დიდი ზომის (დაახლოებით ½ ინჩი (1.3სმ) დიამეტრის) ნაწიბურები ყალიბდება ფილტვის ქსოვილში მტვრის ზემოქმედების შედეგად. პროგრესული მასიური ფიბროზი შეიძლება გაღრმავდეს გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. ხოლო ნაწიბურის წარმოქმნის გამო ნადგურდება ფილტვის ქსოვილი და სისხლძარღვები.

კალპანის სინდრომის დროს, ფილტვებში ნაწიბურების წარმოქმნა მიმდინარეობს უფრო სწრაფად იმ მაღაროელებში, რომელთაც დამატებით აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტი ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება. გადიდებული ლიმფური ჯირკვლები შეიძლება ჰქონდეთ პაციენტებს, რომლებიც იყვნენ ქვანახშირის მტვრის ზეგავლენის ქვეშ, თუმცაღა პნევმოკონიოზი არ ჩამოუყალიბდათ.

სიმპტომები და დიაგნოზი

მაღაროელთა მარტივი პნევმოკონიოზის დროს უხშირესად სიმპტომები არ ვლინდება. თუმცა ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ ხველა და სუნთქვის გაძნელება, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების თანმხლები დაავადებებით, მაგალითად ბრონქიტი ან ემფიზემა. აღნიშნული სიმპტომები უფრო მეტად გამოვლინდება მწეველებში. გართულებული პროგრესირებადი მასიური ფიბროზის დროს ვლინდება ხველა, ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა.

დაავადების დიაგნოსტირება ხდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევით, სადაც აღინიშნება დამახასიათებელი წერტილოვანი ცვლილებები ან – კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT). განსაკუთრებით პაციენტებში, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვანახშირის მტვრის ზეგავლენის ქვეშ და მუშაობდნენ მაღაროში 10 ან მეტი წლის მანძილზე.

პრევენცია და მკურნალობა

პრევენციულ ღონისძიებებს გადამწყვეტი როლი უკავიათ მაღაროელთა პნევმოკონიოზის დროს, რადგანაც არ არსებობს დაავადების განკურნების საშუალება. იგი მოიცავს ქვანახშირის მტვრის შეძლებისდაგვარ შემცირებას სამუშაო გარემოში, რისთვისაც იყენებენ შემდეგ საშუალებებს: სავენტილაციო სისტემები, სახის აირწინაღები. ეს უკანასკნელნი ფილტრავენ და წმენდენ ჰაერს, მოაქვთ გარკვეული ტიპის სარგებელი, მაგრამ მის მიერ ადამიანის მავნე ზემოქმედებისგან დაცვის შესაძლებლობა ლიმიტირებულია.

მაღაროელებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიურად გულმკერდის მიდამოს რენტგენოგრაფია, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს. თუ მოხდება დროული დიაგნოსტირება, პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას გარემოში, სადაც მტვრის ზეგავლენა მინიმალურია, რათა არ განვითარდეს მასიური პროგრესირებადი ფიბროზი. მწეველ მაღაროელებს ეძლევათ თამბაქოსათვის თავის დანებების რეკომენდაცია. აუცილებელია, მათ ჩაუტარდეთ პნევმოკოკური ვაქცინაცია და ყოველწლიური ანტივირუსული ვაქცინაცია, რათა მაქსიმალურად დაცული იყვნენ ინფექციებისგან, რომელთა მიმართაც მაღაროელები შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ.

პაციენტებს სუნთქვის უკმარისობით ენიშნებათ სასუნთქი გზების გამაფართოებელი და ამოსახველებელი მედიკამენტები (ბრონქოდილატატორები).