გაზები და ქიმიური ზეგავლენა | მკურნალი.გე
  1. გაზები და ქიმიური ზეგავლენა
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
გაზები და ქიმიური ზეგავლენა

  • სიმპტომების განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის აირის ან ქიმიური ნივთიერების შესუნთქვა მოხდა, რამდენად ღრმად და რამდენი ხნის განმავლობაში;

  • ახასიათებს თვალის ან ცხვირის გაღიზიანება, ხველა, სისხლიანი ნახველი და სუნთქვის გაძნელება;

  • სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სუნთქვის ტესტები. ეს კვლევები განსაზღვრავს, თუ რამდენადაა დაზიანებული ფილტვის ქსოვილი;

  • ინიშნება ჟანგბადი, სასუნთქი გზების გამაფართოებელი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

სხვადასხა ტიპის აირები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ქლორი, ფოსგენი, გოგირდის დიოქსიდი, გოგირდწყალბადი, აზოტის დიოქსიდი და ამიაკი – შეიძლება უცაბედად გამოიყოს სამრეწველო უბედური შემთხვევების დროს და გამოიწვიოს ფილტვების მწვავე გაღიზიანება. ქლორი და ამიაკი ადვილად იხსნება და სწრაფად აზიანებს პირის ღრუს, ცხვირს, და ყელის მიდამოს. ფილტვის პერიფერიული ნაწილები კი იმ შემთხვევაში ზიანდება, როცა ღრმად ხდება აირის ჩასუნთქვა. რადიოაქტიური აირები, რომლებიც ატომურ რეაქტორზე შემთხვევის შემდეგ შეიძლება გავრცელდნენ, იწვევენ ფილტვების და სხვა მიდამოების სიმსივნეებს, შემთხვევიდან წლების შემდეგაც კი.

ზოგიერთი აირი – მაგალითად, აზოტის დიოქსიდი – ცუდად ხსნადია. ამიტომ მათ არ ახასიათებთ ზემოქმედების ადრეული ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა ცხვირის ან თვალების გაღიზიანება. ამის გამო მათი ფილტვებში ღრმად შესუნთქვის ალბათობა დიდია. ამ აირებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი წვრილ სასუნთქ გზებში (ბრონქიოლებში) ან სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვის შეშუპება).

სილოსის დამამზადებელთა დაავადება (რომელიც უხშირესად ფერმერებში გვხვდება) გამოწვეულია ნოტიო თივიდან გამოყოფილი აირის შესუნთქვით, რომელიც შეიცავს აზოტის დიოქსიდს. ზემოქმედებიდან 12 საათის შემდეგ შეიძლება ფილტვებში სითხე ჩადგეს. მდგომარეობა დროებით შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ დიდია ჩივილების განმეორების რისკი 10-14 დღის შემდეგაც – აირებთან შემდგომი შეხების გარეშეც. განმეორებითი გამოვლენისას უმეტესად ზიანდება მცირე ზომის სასუნთქი გზები (ბრონქიოლები).

გარკვეული ტიპის აირების და ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, რასაც მოჰყვება ანთებითი პროცესები და ზოგიერთ შემთხვევაში – ნაწიბურების წარმოქმნა ფილტვის მცირე ზომის ბუშტუკებში (ალვეოლებში) ან მის გარშემო და ბრონქიოლებში. ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი.

პაციენტების ნაწილში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე შეისუნთქავენ მცირე რაოდენობით აირებს ან სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, ყალიბდება ქრონიკული ბრონქიტი. ასევე ზოგიერთი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების, მაგალითად დარიშხანის ნაერთების ან ნახშირწყალბადის, შესუნთქვა იწვევს სიმსივნეს. იმის მიხედვით, თუ რა ნივთიერების შესუნთქვამ გამოიწვია, სიმსივნე შეიძლება განვითარდეს ფილტვებში ან სხვა ორგანოებში.

სიმპტომები და დიაგნოზი

ხსნადი აირები, მაგალითად ქლორი, ამიაკი და ფტორწყალბადმჟავა, იწვევენ თვალების, ცხვირის, ყელის, ტრაქეის და დიდი ზომის სასუნთქი გზების ძლიერ წვას მათზე ერთი წუთის განმავლობაში ზემოქმედების შემდეგაც. გარდა ამისა, ხშირად ახასიათებთ ხველა და სისხლიანი ნახველი (ჰემოპტიზი), გულისრევა და სუნთქვის გაძნელება. ნაკლებად ხსნადი აირები, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი და ოზონი იწვევენ სუნთქვის გაძნელებას, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და გამოვლინდეს აირის ზემოქმედებიდან 3-4 ან ზოგჯერ 12 საათის შემდეგაც. ქრონიკული მსტვინავი ხიხინი და სუნთქვის გაძნელება ვლინდება ფილტვის ხანგრძლივად დაზიანების შემდგომ.

გულმკერდის რენტგენოგრაფიით დიაგნოსტირდება ფილტვების შეშუპება ან ბრონქიოლიტი. როდესაც სიმპტომები გამოვლინდება, მაგრამ რენტგენოლოგიურად ცვლილებები არ აღინიშნება, ამ დროს უმჯობესია ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

პროგნოზი, პრევენცია და მკურნალობა

პაციენტების უმეტესობა, რომელიც შემთხვევით შეისუნთქავს მავნე აირებს, გამოჯანმრთელდება სრულად. ყველაზე სერიოზული გართულებები არის ფილტვის ინფექციები ან მწვავე დაზიანება ნაწიბურის ჩამოყალიბებით მცირე ზომის სასუნთქ გზებში (ბრონქიოლიტების ობლიტერაცია). კვლევებმა აჩვენა, რომ ფილტვის ფუნქციის გაუარესება შესაძლებელია აირების ზემოქმედებიდან წლების შემდეგაც.

პრევენციის საუკეთესო გზა არის მაქსიმალური ყურადღება აირებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობისას. სამრეწველო ავარიების დროს მომუშავეთათვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აირწინაღები, რომელთაც ჟანგბადის მიწოდების საკუთარი სისტემა აქვს. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ ტოქსიკური აირების შემთხვევითი ზემოქმედება საშიშია და ხანდახან მომაკვდინებელიც კი.

ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ჟანგბადის მიწოდება პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მავნე აირების ზემოქმედების ქვეშ. თუ ფილტვის დაზიანება სერიოზულია, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მექანიკური ვენტილაცია, მედიკამენტები, რომლებიც აფართოებენ სასუნთქ გზებს (ბრონქოდილატატორები), ინტრავენურად სითხეების გადასხმა და ანტიბიოტიკები. კორტიკოსტეროიდები, მათ შორის პრედნიზოლონი, ხშირად ინიშნება ფილტვის ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.