პროფესიული ასთმა | მკურნალი.გე
  1. პროფესიული ასთმა
  2. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
პროფესიული ასთმა

პროფესიული ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების შექცევად დაავადებას. იგი გამოწვეულია სამუშაო გარემოში გამღიზიანებელი ნივთიერებების შესუნთქვით, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.

  • პროფესიულ ასთმას ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის მიდამოში შებოჭილობა, მსტვინავი ხიხინი და ხველა;

  • პაციენტებს უტარდებათ ალერგიული სინჯები ასთმის გამომწვევ ალერგენებზე;

  • მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც აფართოებენ სასუნთქ გზებს და ამცირებენ ანთებით პროცესს.

სასუნთქი გზების შევიწროება და სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო გარემოში არსებულმა სხვადასხვა ნივთიერებამ. პაციენტების ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰაერში არსებული ალერგენების მიმართ, ზოგიერთ პაციენტში დაავადება ვითარდება ჰაერში დიდი რაოდენობით არსებული გამღიზიანებლების გამო, ალერგიული ფონის არარსებობის დროსაც, ხოლო პაციენტების ნაწილში გამოვლინდება შენობებთან ასოცირებული დაავადების სახით. პროფესიული ასთმის რისკის მქონე კონტინგენტს მიეკუთვნებიან მცხობელები და ცხოველთა მწვრთნელები, რომლებიც იმყოფებიან ალერგენების ზეგავლენის ქვეშ.

პროფესიული ასთმა განსხვავდება ასთმის პროფესიული გართულებისგან, რომლის დროსაც ანამნეზში უკვე არსებული ასთმის მქონე პაციენტებში სიმპტომები უფრო გართულებულია, ვინაიდან სამუშაო პერიოდში ისინი იმყოფებიან ალერგენების ზემოქმედების ქვეშ, რაც ართულებს ასთმის შეტევებს.

სიმპტომები

პროფესიულ ასთმას შეიძლება ახასიათებდეს სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა, მსტვინავი ხიხინი და ხველა. ჩივილები მტვერზე გამოვლინდება ალერგიული რეაქციებით: ცემინება, რინიტი და ცრემლდენა თვალებიდან. პაციენტების ნაწილში გამოხატულია მხოლოდ მსტვინავი ხიხინი ღამით. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სამუშაო საათებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ვითარდება მუშაობის დამთავრებიდან რამდენიმე საათში, ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები ალერგენების ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგ ვლინდება. სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ან გაქრეს ალერგენთან ურთიერთობიდან ერთი კვირის და მეტი ხნის მანძილზე. როგორც წესი, პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან დღის განმავლობაში ზემოქმედების ქვეშ, ალერგიული რეაქცია გამოუვლინდებათ საღამოს საათებში. ამგვარად კავშირი სამუშაო ადგილსა და სიმპტომების გამოვლენას შორის აშკარა არ არის ხოლმე. კვირის ბოლოს ან დასვენების დღეებში სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს ან სულ გაქრეს. მდგომარეობა უარესდება განმეორებადი ზემოქმედების შემდეგ.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ანამნეზის შეკრება სიმპტომებსა და იმ ალერგენებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია. ამისთვის მიმართავენ კანის ტესტებსაც (პატჩ-ტესტი), რომლის დროსაც საეჭვო გამომწვევს ათავსებენ კანის ზედაპირზე. როცა დიაგნოსტირება უფრო რთულია, მაშინ საჭირო ხდება პაციენტის გაგზავნა სპეციალიზებულ ცენტრებში, სადაც იყენებენ სუნთქვის ტესტს. ამ დროსაც პაციენტი შეისუნთქავს მცირე დოზით შესაძლო გამღიზიანებელ ნივთიერებას და ხდება დაკვირვება სუნთქვის გაძნელებასა და ფილტვის ფუნქციის გაუარესებაზე.

ვინაიდან სასუნთქი გზების შევიწროება შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება, პაციენტებმა სამუშაო საათებში უნდა გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა სასუნთქი გზების მონიტორინგისათვის. ეს მოწყობილობა – ზღვრული ნაკადის პორტატიული მზომი – ზომავს მაქსიმალურ სიჩქარეს, რომლითაც ადამიანს შეუძლია ამოისუნთქოს ჰაერი ფილტვებიდან. სიჩქარე მნიშვნელოვნად კლებულობს, როცა სასუნთქი გზები შევიწროებულია და ეს პროფესიულ ასთმაზე მეტყველებს.

პრევენცია და მკურნალობა

მრეწველობის დარგებში, სადაც ასთმის შესაძლო გამომწვევი ნივთიერებები გამოიყენება, აუცილებელია მტვრისა და ორთქლის კონტროლი, მაგრამ ხანდახან მტვრისა და ორთქლის მოსპობა შეუძლებელია. პროფესიული ასთმის მქონე მუშებმა უნდა შეიცვალონ სამუშაო, თუ ეს შესაძლებელია, ვინაიდან ალერგენთა ხანგრძლივი ზემოქმედება ხშირად იწვევს უფრო მძიმე და ქრონიკული ასთმის ჩამოყალიბებას.

მკურნალობა იგივეა, როგორიც სხვა ფორმის ასთმის დროს. ინიშნება ბრონქების გამაფართოებლები (ბრონქოდილატატორები), უმჯობესია ნებულაიზერის ფორმით (მაგალითად ალბუტეროლი), ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები შესაძლებელია საინჰალაციო ფორმითაც დაინიშნოს (მაგალითად კორტიკოსტეროიდი ტრიამცინოლონი) ან აბების სახით (მონტელუკასტი). მწვავე შეტევების დროს პერორალური კორტიკოსტეროიდი – პრედნიზოლონი ინიშნება ხანმოკლე ვადით. ხანგრძლივი მკურნალობისთვის გამოიყენება საინჰალაციო ფორმები.