ეოზინოფილური პნევმონია | მკურნალი.გე
  1. ეოზინოფილური პნევმონია
  2. ფილტვის ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ეოზინოფილური პნევმონია

ეოზინოფილური პნევმონია (ასევე უწოდებენ ფილტვის ქსოვილის ეოზინოფილებით ინფილტრაციის სინდრომს) მოიცავს ფილტვის დაავადებათა ჯგუფებს, რომელთაც ახასიათებთ ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) გაზრდილი რაოდენობით დაგროვება ფილტვის ქსოვილში და ასევე სისხლში.

  • ფილტვებში ეოზინოფილების დაგროვების მიზეზი შესაძლოა იყოს: გარკვეული მედიკამენტების მიღება, ქიმიური ნივთიერებები, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები;

  • პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი, ზოგიერთს უვითარდება სუნთქვის უკმარისობა;

  • დაავადების დიაგნოსტირების და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენის მიზნით ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა და სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტები;

  • როგორც წესი, გამოიყენება კორტიკოსტეროიდები.

ეოზინოფილები მონაწილეობენ ფილტვის იმუნურ პასუხში. მათი რაოდენობა იზრდება მრავალი ანთებითი და ალერგიული დაავადების დროს, რომელთა შორისაა ასთმა. ასთმა ხშირად ასოცირებულია ეოზინოფილური პნევმონიის სხვადასხვა ფორმასთან. ტიპური პნევმონიისგან განსხვავებით ეოზინოფილური პნევმონიის დროს არ გვხვდება ფილტვის ქსოვილის ინფიცირება ბაქტერიებით, ვირუსებით ან სოკოებით, თუმცა ვითარდება ალვეოლების და ხშირად სასუნთქი გზების ეოზინოფილებით ინფილტრაცია, ზოგჯერ პროცესი სისხლძარღვის კედელსაც მოიცავს. შევიწროებული სასუნთქი გზები შესაძლოა დაახშოს დაგროვილმა სეკრეტმა (ლორწომ) ასთმის თანდართვის შემთხვევაში.

ფილტვებში ეოზინოფილების დაგროვების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია და ხშირად ვერ ხერხდება იმ ნივთიერების იდენტიფიცირება, რომლის გავლენითაც ვითარდება ალერგიული რეაქცია, თუმცა არსებობს ეოზინოფილური პნევმონიის გარკვეული ცნობილი მიზეზებიც, მათ მიეკუთვნება: მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფები – პენიცილინი, ამინოსალიცილის მჟავა, კარბამაზეპინი, ნაპროქსენი, იზონიაზიდი, ნიტროფურანტოინი, ქლორპროპამიდი და სულფონამიდები (მაგალითად, ტრიმეტოპრიმ-სულფომეტოქსაზოლი), გამონაბოლქვი (ნიკელის ინჰალაცია), სოკოები (Aspergillus fumigatus) და პარაზიტები (მრგვალი ჭიები – ნემატოდოზები).

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

სიმპტომები სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდება და შესაძლოა ზომიერი ან სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. მარტივი ეოზინოფილური პნევმონია (Löffler’s syndrome) და მსგავსი პნევმონიები (როგორიც არის, მაგალითად, ტროპიკული ეოზინოფილია – ვითარდება მრგვალი ჭია ფილარიას სხვადასხვა სახეობით დასნებოვნების შედეგად) შესაძლოა გამოვლინდეს დაბალი ცხელებით და მსუბუქი რესპირაციული სიმპტომებით – ხველა, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა. როგორც წესი, მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. აღნიშნულისგან განსხვავებით მწვავე ეოზინოფილური პნევმონიის დროს ვითარდება სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება. დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში განვითარდეს სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ქრონიკული ეოზინოფილური პნევმონია, რომელიც ნელა, თვეების ან წლების განმავლობაში პროგრესირებს, მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის უკმარისობით შეიძლება გართულდეს.

მწვავე ეოზინოფილური პნევმონიის დროს ასევე მომატებულია ეოზინოფილების რაოდენობა სისხლშიც, ზოგჯერ 10-15-ჯერ, თუმცა დაავადების ქრონიკული ფორმის დროს შეიძლება ნორმაში იყოს.

დაავადების არსებობაზე ეჭვი მიაქვთ მაშინ, როდესაც პიროვნებას სიმპტომები უვითარდება ზემოთ აღნიშნული რომელიმე მედიკამენტის მიღების ან ისეთ გარემოში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ჭიებით დაინვაზირების მაღალი რისკია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე არსებული დარღვევები არასპეციფიკურია და გვხვდება ფილტვების ზოგიერთი სხვა დაავადების შემთხვევაშიც. მწვავე ეოზინოფილური პნევმონიის დროს სურათზე ჩანს პატარა თეთრი ხაზები, არამკაფიო ჩრდილები, ზოგჯერ კი აღინიშნება დიდი თეთრი ჩრდილები, რომლებიც ფილტვებში სითხის დაგროვებას (შეშუპებას) ახასიათებს, სითხე შესაძლოა პლევრის ღრუშიც დაგროვდეს (პლევრული გამონაჟონი). ქრონიკული ეოზინოფილური პნევმონიის დროს რენტგენოგრამაზე ჩანს ფილტვის პერიფერიაზე განლაგებული დაჩრდილვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიგრირებენ ფილტვის ახალ უბნებში. ამ მიგრაციას მოგვიანებით, განმეორებით ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევა გვაჩვენებს.

ნახველის მიკროსკოპული ანალიზი და ბრონქოალვეოლური ლავაჟით მიღებული სითხის შესწავლა, როგორც წესი, გამოავლენს ეოზინოფილების ჭარბად დაგროვებას. სხვა ლაბორატორიული ტესტები შეიძლება შესრულდეს სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციის იდენტიფიცირების მიზნით. მათ შორის არის განავლის მიკროსკოპია ჭიების ან სხვა პარაზიტების აღმოსაჩენად.

პროგნოზი და მკურნალობა

ეოზინოფილური პნევმონია შესაძლოა იყოს მსუბუქი და პაციენტი მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდეს. მწვავე შემთხვევებში კორტიკოსტეროიდების – პრედნიზოლონის გამოყენებაა საჭირო. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს პრედნიზოლონით მკურნალობა თვეების ან წლების განმავლობაში გრძელდება. პაციენტებში მსტვინავი სუნთქვით გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც ასთმის სამართავადაა მოწოდებული. როდესაც ეოზინოფილური პნევმონიის განვითარების მიზეზი ჭიები ან სხვა პარაზიტებია, ნიშნავენ შესაბამის პრეპარატებს. თუ დაავადება განვითარდა რომელიმე მედიკამენტის მიღების ფონზე, მაშინ უნდა შეწყდეს მისი შემდგომი გამოყენება.