პლევრული გამონაჟონი | მკურნალი.გე
  1. პლევრული გამონაჟონი
  2. პლევრის დაავადებები
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
პლევრული გამონაჟონი

პლევრული გამონაჟონი არის პლევრის ღრუში სითხის პათოლოგიური დაგროვება.

  • პლევრის ღრუში სითხის დაგროვება ხდება არაერთი მიზეზით, მათ შორისაა: ინფექციები, ტრავმები, გულის და ღვიძლის უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მედიკამენტების გარკვეული ჯგუფების მიღება;

  • სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას და ტკივილს გულმკერდის არეში, რომელიც უპირატესად ვლინდება ხველის ან სუნთქვის მომენტში;

  • დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, პლევრული სითხის ლაბორატორიული ანალიზი, და ასევე ხშირად – კომპიუტერული ტომოგრაფია;

  • სითხის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში მიმართავენ პლევრის ღრუს დრენირებას.

ნორმალურ მდგომარეობაში პლევრის ორ ფურცელს შორის სითხე ძალზე მცირე რაოდენობითაა. სითხე ჭარბად შეიძლება დაგროვდეს სხვადასხვა მიზეზით. მიზეზთა შორის არის: გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, პნევმონია და კიბო.

სითხის ტიპები: გამომწვევი მიზეზის მიხედვით დაგროვილი სითხე შეიძლება მდიდარი იყოს ცილებით (ექსუდატი) ანდა იყოს უპირატესად წყლის შემცველი (ტრანსუდატი). აღნიშნული განსხვავება ექიმს ეხმარება განსაზღვროს სავარაუდო გამომწვევი.

პლევრის ღრუში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის დაგროვებას (ჰემოთორაქსი), მიზეზი, როგორც წესი, გულმკერდის ტრავმული დაზიანებებია, შედარებით იშვიათად – სისხლძარღვის გახეთქა პლევრის ღრუში (მაგ.: აორტის ანევრიზმა).

ჩირქის დაგროვება პლევრის ღრუში (ემპიემა) ვითარდება პნევმონიის ან ფილტვის აბსცესის დროს, როცა პათოლოგიური პროცესი პლევრაზე ვრცელდება. ემპიემით შესაძლოა გართულდეს გულმკერდის ჭრილობები, გულმკერდის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, გაიხეს საყლაპავი, მუცლის ღრუში არსებული აბსცესები.

პლევრის ღრუში ლიმფა გროვდება (ქილოთორაქსი) მთავარი ლიმფური სადინრის (გულმკერდის სადინარი) ტრავმული დაზიანების ანდა სიმსივნით ზეწოლის შედეგად.

პლევრალურ სითხეში ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ ტუბერკულოზის ან რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი.

სიმპტომები

ბევრ პაციენტს პლევრული გამონაჟონით გამოხატული სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ყველაზე გავრცელებული ჩივილებია ქოშინი და მახასიათებელი პლევრული ტკივილი გულმკერდის არეში. ტკივილი შესაძლოა იყოს მუდმივი და გაძლიერდეს ღრმა სუნთქვის ან ხველის დროს; როგორც წესი, ლოკალიზებულია ანთებითი პროცესის მხარეს, თუმცა ზოგჯერ ირადირებს ეპიგასტრიუმში, კისერში, მხარში. პლევრულ ტკივილს ასევე ეწოდება პლევრიზი. იგი ექსუდაციური პლევრიტის გარდა სხვა მიზეზებითაც ვითარდება.

პლევრის ღრუში სითხის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში ტკივილი შესაძლოა გამოხატული აღარ იყოს, მაგრამ სითხის ჭარბი რაოდენობა აფერხებს ფილტვების გაშლას ჩასუნთქვისას, ირღვევა ვენტილაცია და ვითარდება ქოშინი.

დიაგნოსტიკა

პირველ ეტაპზე ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც გამოავლენს სითხის არსებობას პლევრის ღრუში, თუმცა მცირე რაოდენობით არსებული სითხე შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. უფრო ნათელ სურათს იძლევა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მისი საშუალებით შესაძლოა გამოვლინდეს პნევმონია, პულმონური ემბოლიზმი, ფილტვის აბსცესი, სიმსივნური წარმონაქმნი. ულტრაბგერითი კვლევა ეხმარება ექიმს განსაზღვროს მცირე რაოდენობით არსებული სითხის ლოკალიზაცია.

თითქმის ყოველთვის იკვლევენ თორაკოცენტეზის გზით მიღებულ სითხეს, რომლის ვიზუალური შეფასებით ექიმმა შესაძლოა ეჭვი მიიტანოს რომელიმე გამომწვევ მიზეზზე. სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტებით საზღვრავენ სითხის ქიმიურ შემადგენლობას, ბაქტერიული პროცესის, მათ შორის ტუბერკულოზის არსებობას, უჯრედების რაოდენობას და ტიპებს.

თუ აღნიშნული კვლევებით ვერ მოხერხდა დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმართავენ დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებს. ზოგჯერ გამოკვლევისთვის საჭირო მასალის აღება მხოლოდ თორაკოსკოპითაა შესაძლებელი (სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს, დაათვალიეროს პლევრის ღრუ და საჭიროების შემთხვევაში აიღოს ქსოვილოვანი მასალა პლევრიდან – აღწერილ პროცედურას თორაკოსკოპია ეწოდება და იძლევა ფილტვის კიბოსა და ტუბერკულოზის გამოვლენის შესაძლებლობას). თუ თორაკოსკოპია არ არის ხელმისაწვდომი, მიმართავენ პლევრის ბიოფსიას ნემსით. ზოგჯერ ექიმს ექსუდაციის მიზეზის გამოვლენაში ეხმარება ბრონქოსკოპია (სპეციალური მილის მეშვეობით სასუნთქი გზების პირდაპირი, ვიზუალური დათვალიერება). პაციენტთა დაახლოებით 20%-ში პირველი რიგის კვლევებით ვერ დგინდება გამომწვევი მიზეზი, შედარებით მცირე პროცენტში კი შემდგომი კვლევებიც ვერ უზრუნველყოფს ეტიოლოგიური ფაქტორის გამოვლენას.

მკურნალობა

პლევრის ღრუში მცირე რაოდენობით დაგროვილი სითხე ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა უნდა ვუმკურნალოთ მის გამომწვევ დაავადებას. სითხის ჭარბად დაგროვების დროს, რასაც თან ახლავს ქოშინი, მიმართავენ პლევრის ღრუს დრენირებას, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ხშირად სითხის დრენირებას ახდენენ თორაკოცენტეზის გზით. წინასწარი ანესთეზიის შემდეგ ქვედა ორ ნეკნს შორის შეჰყავთ ნემსი ნაზი ზეწოლით, ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ფილტვის ქსოვილი და არ განვითარდეს პნევმოთორაქსი. პროცედურის დროს ექიმს შეუძლია ამოიღოს 1,5ლ სითხე. მიღებული სითხის ლაბორატორიული შესწავლა დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

როდესაც საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის ამოღება პლევრის ღრუდან გულმკერდის კედელში, ნეკნებს შორის იდგმება სპეციალური მილი, რომლის გარეთა ბოლო უერთდება ვაკუუმ სისტემას პნევმოთორაქსის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ხდება მილის მდებარეობის შეფასება. მილის არასწორი მდებარეობა, სითხის სქელი კონსისტენცია ან მასში კოლტების არსებობა დრენირების შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს.

პნევმონიით გამოწვეული გამონაჟონი: აღნიშნული მიზეზით ექსუდაცია მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებას ინტრავენულად და ექსუდატის ლაბორატორიულ შესწავლას. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩირქოვანია, საჭიროა მოხდეს მისი დრენირება. პლევრის ნაწიბურების და შეხორცებების განვითარებისას დრენირება საკმაოდ რთულდება. მსგავს შემთხვევებში მიმართავენ ფიბრინოლიზური მედიკამენტების ინტრაპლევრულ შეყვანას, რამაც შესაძლოა პაციენტს თავიდან ააცილოს ქირურგიული ჩარევა, უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ნაწიბურების მოცილებას ვიდეომართვადი თორაკოსკოპიის ან თორაკოტომიის გზით.

კიბოთი გამოწვეული გამონაჟონი: კიბოთი გამოწვეული გამონაჟონის მკურნალობა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, რადგან მას ახასიათებს დროის მოკლე მონაკვეთში სითხის რეაკუმულაცია. დრენირება და სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ თუ სითხე განაგრძობს დაგროვებას, ასეთ შემთხვევებში შესაძლოა ეფექტური იყოს პლევის ღრუს დახურვა (პლევროდეზი). პლევროდეზის დროს სითხე სრულად გამოიდევნება სპეციალური მილის მეშვეობით, რომელსაც ასევე იყენებენ მედიკამენტების – ბლეომიცინის, დოქსიციკლინის ან ტალკისპლევრაში შესაყვანად. მედიკამენტების გამღიზიანებელი მოქმედების საპასუხოდ ვითარდება ანთება, რაც იწვევს პლევრის ფურცლების შეხორცებას, სითხის დაგროვებისთვის აღარ რჩება ადგილი. პლევროდეზი შესაძლოა ჩატარდეს თორაკოსკოპიითაც.

ქილოთორაქსი: მკურნალობის მიზანია ლიმფური სადინრიდან ლიმფის გადინების აღმოფხვრა. იგი შეიძლება მოიცავდეს ოპერაციულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას – თუ სიმსივნური წარმონაქმნი ახდენს სადინრის ბლოკირებას.