1. დიაგნოზი (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)
  2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
დიაგნოზი (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)

ექიმები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დიაგნოზს ხშირად სიმპტომების და სამედიცინო დათვალიერებით მიღებული მონაცემებით სვამენ. ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევები და სხვა სადიაგნოზო პროცედურები ექიმს დიაგნოზის დასმასა ან დადასტურებაში ეხმარება.

ფიზიკური გასინჯვა

გასინჯვისას ექიმი ეძებს გარკვეულ ნიშნებს, რომლებიც სავარაუდო დიაგნოზს დაადასტურებს. როდესაც ძვლის მოტეხილობაა საფიქრებელი, შეფასებისას ექიმმა შეიძლება შენიშნოს, რომ დაზიანებული ნაწილის (მაგალითად, ხელის ან ფეხის) მოყვანილობა პათოლოგიურადაა შეცვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვლის ფრაგმენტი შეცილებულია. როდესაც სავარაუდოა მოტეხილობა, სიმსივნე ან ძვლის ინფექცია (ოსტეომიელიტი), მტკივნეულობის ან შეცვლილი ფორმის გამოსავლენად ექიმი ატარებს ძვლების პალპაციას. ოსტეოპოროზით გამოწვეული ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა ძალზე მტკივნეულია, თუმცა ფორმის ცვლილება არ ახასიათებს. უჩვეულო წანაზარდები ძვლებზე ზოგჯერ სიმსივნეზე მიუთითებს. ოსტეომიელიტზე ეჭვის დროს ექიმი ინტერესდება, აქვს თუ არა პაციენტს ცხელება.

როდესაც პაციენტი კუნთოვან სისუსტეს უჩივის, ექიმი ამოწმებს კუნთოვან მასას, სიმკვრივეს და მტკივნეულობას. ასევე მოწმდება კუმშვადობა და უნებლიე მოძრაობა, რომელიც უფრო მეტად ნერვის და არა კუნთის დაზიანებაზე მიუთითებს. ფასდება კუნთების განლევა (ატროფია), იგი შეიძლება იყოს კუნთის, მისი ნერვის დაზიანების ან ხანგრძლივი უმოქმედობის შედეგი, რაც ზოგჯერ ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შემდეგ ვითარდება. ასევე ფასდება კუნთოვანი მასის გადიდება (ჰიპერტროფია), რომელიც ვითარდება ისეთი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, როგორიცაა ძალოსნობა. ზოგიერთი ავადმყოფობის დროს, შესაძლოა რომელიმე კუნთს უხდებოდეს გაძლიერებული მუშაობა სხვა – დაზიანებული კუნთის საკომპენსაციოდ, შედეგად კი მისი ჰიპერტროფია ვითარდება. კუნთმა ზომაში ასევე შეიძლება მოიმატოს, როდესაც ნორმალური კუნთოვანი ქსოვილის ნაცვლად ანომალიური ქსოვილი იწყებს ზრდას (ამ დროს იზრდება ზომა და არა კუნთის ძალა), რაც ამილოიდოზის და კუნთების ზოგიერთი მემკვიდრული დაავადების დროს აღინიშნება, მაგალითად, ასეთი პათოლოგიაა დუშენის კუნთოვანი დისტროფია.

ექიმი აფასებს, რომელი კუნთი რამდენადაა დასუსტებული. კუნთები მოწმდება სისტემურად, იწყება სახიდან და კისრიდან, შემდეგ – ხელები და ბოლოს – ფეხები. ნორმალურად, პაციენტს უნდა შეეძლოს ხელების გაშლილ მდგომარეობაში, ხელისგულებით ზემოთ შეკავება ერთი წუთის განმავლობაში ისე, რომ არ დაუშვას დაბლა, არ გადააბრუნოს და არ აუკანკალდეს. ხელის დაშვება და მტევნის გადმობრუნება სისუსტის ნიშანია. ძალის შემოწმება ხდება განზიდვით ან მოზიდვით, ამ დროს ექიმი ცდილობს, პაციენტის მოქმედებას შეეწინააღმდეგოს. კუნთის ძალა მოწმდება ტესტებით, რომელთა დროს პაციენტმა უნდა შეასრულოს რამდენიმე მანევრი, როგორიცაა ქუსლებზე ან ფეხის წვერებზე სიარული, ჩაცუცქული მდგომარეობიდან წამოდგომა, სკამზე დაშვება და წამოდგომა სწრაფი ტემპით 10-ჯერ. პაციენტს სთხოვენ, გაიხედოს ყველა მიმართულებით. მხედველობის გაორება ერთი ან ორივე თვალის კუნთების სისუსტის მანიშნებელია.

სახსრის მოძრაობის დიაპაზონის განსაზღვრა ხდება მოდუნებულ მდგომარეობაში სახსრის ირგვლივ კიდურის მოძრაობით (პასიური მოძრაობა). პასიური მოძრაობით მოწმდება კუნთების ტონუსიც. ასეთი მოძრაობისადმი წინააღმდეგობა (პასიური წინააღმდეგობა) მცირდება კუნთის მთავარი ნერვის დაზიანებისას, ხოლო წინააღმდეგობა იზრდება თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებისას. თუ პაციენტი დასუსტებულია, ექიმი კუნთის მყესზე რეზინის ჩაქუჩის დარტყმით ამოწმებს რეფლექსებს. რეფლექსების შენელება ნორმალურთან შედარებით მოსალოდნელია კუნთის მთავარი ნერვის დაზიანებისას, ხოლო აჩქარება – თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებისას.

ლაბორატორიული ტესტები

ლაბორატორიული ტესტები მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებების დიაგნოსტიკაში. მაგალითად, ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს – ეს არის წითელი უჯრედების დალექვის სიჩქარე სისხლიან სინჯარაში) იზრდება ანთებითი პროცესების დროს. თუმცა, ვინაიდან ანთება მრავალი მდგომარეობის დროს ვითარდება, მხოლოდ ედს-ით დიაგნოზი ვერ დაისმება. ასევე შეიძლება განისაზღვროს კრეატინკინაზას დონე სისხლში (ნორმალური კუნთი შეიცავს აღნიშნულ ფერმენტს, რომელიც სისხლში კუნთის დაზიანებისას გამოთავისუფლდება). მაჩვენებელი მატულობს კუნთების დიფუზური პროგრესირებადი დაზიანებისას. რევმატოიდული ართრიტის დროს რევმატოიდული ფაქტორის ან ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-CCP) განსაზღვრა გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში. სისტემური წითელი მგლურას დროს სადიაგნოზოდ გამოიყენება ანალიზი აუტოიმუნური ანტისხეულების (ანტინუკლეარული ანტისხეულები) გამოსავლენად. ლაბორატორიული ტესტებით შესაძლებელია მკურნალობის შედეგზე დაკვირვება. მაგალითად, განსაკუთრებულად ინფორმაციულია ედს-ის მონიტორირება რევმატოიდული ართრიტის ან რევმატული პოლიმიალგიის მკურნალობის შედეგის შეფასებისთვის.

ნერვების გამოკვლევა

ნერვის გამტარობის შესწავლა განსაზღვრავს, ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა კუნთის მაინერვირებელი ნერვი. ელექტრომიოგრაფია ტარდება ნერვების გამტარობის შესწავლასთან ერთად და ამ დროს ხდება კუნთის ელექტრული იმპულსების ჩაწერა, რომელიც გვეხმარება განისაზღვროს, რამდენად კარგად აღწევს ნერვიდან წამოსული ელექტრული იმპულსები ნერვ-კუნთოვან შეერთებამდე (ნერვ-კუნთოვანი კავშირი) და აქედან – კუნთამდე. ნერვის გამტარობის გამოკვლევა ელექტრომიოგრაფიასთან ერთად საშუალებას იძლევა განისაზღვროს, სად არის პრობლემა: კუნთში (მიოზიტის ან კუნთოვანი დისტროფიის დროს), ნერვულ სისტემაში, რომელიც კუნთს მართავს (ინსულტის, ზურგის ტვინის პათოლოგიის ან პოლინეიროპათიის დროს) თუ ნერვ-კუნთოვან შეერთებაში (მიასთენია). განსაკუთრებით ინფორმაციულია ნერვის გამტარობის შესწავლა პერიფერიული ნერვების დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა კვანძოვანი პოლიარტერიიტი და იდაყვის ნერვის დამბლა.

რენტგენი

რენტგენი ყველაზე ღირებული კვლევის მეთოდია ძვლის პათოლოგიების აღმოსაჩენად და ტარდება მტკივნეული, დეფორმირებული ან სხვა საეჭვო არეების შესაფასებლად. ხშირად რენტგენის დახმარებით ისმება მოტეხილობის, სიმსივნეების, ტრავმების, ინფექციების და დეფორმაციების (როგორიცაა ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია) დიაგნოზი. ასევე მისი დახმარებით დასტურდება რამდენიმე სახეობის ართრიტი (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან ოსტეოართრიტი). რენტგენოლოგიური კვლევით არ ისახება რბილი ქსოვილები, როგორიცაა კუნთები, სინოვიური ჩანთები, იოგები, მყესები ან ნერვები. ზოგჯერ სახსრის დაზიანების შეფასება შეიძლება ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური (დატვირთვის გარეშე) კვლევის ან სახსრის დატვირთვის დროს (სტრეს-რენტგენი) გადაღებული რენტგენოლოგიური სურათით.

ართროგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, ამ დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ სახსარში. გამოიყენება იოგების გაგლეჯის და დაზიანებული ხრტილის ფრაგმენტის გამოსავლენად. თუმცა, დღესდღეობით ართროგრაფიასთან შედარებით უპირატესობა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ენიჭება.

ორმაგენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია

ორმაგენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია(DEXA) ძვლოვანი სიმკვრივის შეფასებისთვის მოწოდებული ყველაზე ზუსტი მეთოდია და ტარდება ოსტეოპოროზის სკრინინგის ან დიაგნოსტიკისათვის. კვლევის დროს, რენტგენის სხივების დაბალი დოზა გამოიყენება ხერხემლის ქვედა ნაწილის მალების, ბარძაყის ყელის, მაჯის არეში ან მთელ სხეულში ძვლოვანი სიმკვრივის გამოსაკვლევად. ზემოაღნიშნულ ადგილებზე ძვლოვანი სიმკვრივის განსაზღვრა ყველაზე ზუსტია. ოსტეოპოროზის ძვლების სხვა დაავადებებისაგან განსასხვავებლად, ექიმებს შეიძლება დამატებით დასჭირდეთ პაციენტის სიმპტომების, არსებული დაავადებების, მიღებული მედიკამენტების და შარდისა თუ სისხლის რამდენიმე ანალიზის შედეგების განხილვა, DEXA-ს შედეგთან ერთად.

კომპიუტერული და მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია

კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩვეულებრივ რენტგენოლოგიურ კვლევასთან შედარებით უფრო დეტალურ პასუხს იძლევა და შეიძლება ჩატარდეს დაზიანების გავრცელებისა და ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად. აღნიშნული კვლევის მეთოდებით შეიძლება ისეთი მოტეხილობების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიით. მრტ განსაკუთრებით ღირებულია კუნთების, იოგების და მყესების სურათის მისაღებად და იგი გამოიყენება, როდესაც ტკივილის მიზეზი რბილი ქსოვილების შესაძლო დაზიანებაა (მაგალითად, დიდი ზომის იოგის ან მყესის გაგლეჯა ან მუხლის სახსრის შიგნით მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაზიანება). კომპიუტერული ტომოგრაფია უკეთ გამოსახავს ძვლებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციაში, მრტ უფრო ინფორმაციულია ძვლის შეფასებისათვის. კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს კვლევის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია მრტ-სთან შედარებით, ამასთან, ეს უკანასკნელი გაცილებით ძვირად ღირებულია და ბევრ პაციენტს დახურული სივრცის შიში ეუფლება კვლევის პროცესში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კვლევა ღია აპარატით ტარდება).

ძვლის სკანირება

ძვლის სკანირება კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება მოტეხილობის სადიაგნოზოდ, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა კვლევის მეთოდები, როგორიცაა რენტგენოგრაფია, კტ და მრტ ვერ ავლენს დაზიანებას. სკანირება ტარდება რადიოაქტიური ნივთიერების (ტექნეციუმ-99 მონიშნული პიროფოსფატი) გამოყენებით, რომელიც აბსორბირდება ძვალში მიმდინარე შეხორცებითი პროცესის ადგილას. მეთოდი ასევე გამოიყენება ძვლის ინფექციის ან მეტასტაზური პროცესის დასადგენად. რადიოაქტიური ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენურად და მისი აღმოჩენა ხდება მოწყობილობის – სკანერის საშუალებით. ძვლის გამოსახულება მიიღება კომპიუტერის ეკრანზე.

სასახსრე სითხის ასპირაცია

სასახსრე სითხის ასპირაცია გამოიყენება სახსრების სხვადასხვა პრობლემის სადიაგნოზოდ. ნემსი შეჰყავთ სასახსრე სივრცეში და იქიდან ამოაქვთ (ასპირაციით) სითხე (სინოვიური სითხე), შემდგომ მას შეისწავლიან მიკროსკოპულად. დიაგნოზის დასმა, ხშირად, სითხის ანალიზის შედეგად ხდება. მაგალითად, სინოვიური სითხე შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, რაც ინფექციის დიაგნოზს ადასტურებს ან შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ კრისტალებს, რაც პოდაგრის (ურატები) ან ფსევდოპოდაგრის (კალციუმის კრისტალები) დიაგნოზს დასვამს. როდესაც აღნიშნული პროცედურა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, იგი, როგორც წესი, სწრაფი, ადვილად შესასრულებელი და შედარებით უმტკივნეულოა. სახსრის ინფიცირების რისკი მინიმალურია.

ართროსკოპია

ართროსკოპია პროცედურაა, რომლის დროსაც მცირე ზომის (ფანქრის ოდენობის) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხელსაწყო შეჰყავთ სასახსრე სივრცეში, ექიმს საშუალება ეძლევა, დაათვალიეროს სახსარი შიგნიდან და გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე მიიღოს. კანის განაკვეთი ძალზე მცირე ზომისაა. პროცედურა ადგილობრივი, სპინალური ან ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ართროსკოპიის დროს შეიძლება ქსოვილის მონაკვეთის აღება ანალიზისთვის (ბიოფსია) და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის ქირურგიული კორექცია. ართროსკოპიით ხშირად ისმება ისეთი მდგომარეობის დიაგნოზი, როგორიცაა სინოვიური გარსის ანთება (სინოვიტი), იოგების, მყესების ან ხრტილის გაგლეჯა ან ხრტილის ან ძვლის თავისუფალი ფრაგმენტის არსებობა. აღნიშნული მდგომარეობა იმ პირებს უვითარდებათ, რომელთაც ართრიტი ან სახსრის გადატანილი ტრავმები ჰქონდათ, მაგალითად, ათლეტებს. ყველა ჩამოთვლილი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია ართროსკოპიით. პროცედურასთან დაკავშირებული ინფექციის განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია.

ართროსკოპიის შემდგომი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფია, ვიდრე ტრადიციული ქირურგიული ჩარევის შემდგომ. პაციენტთა უმრავლესობას ღამით კლინიკაში დაყოვნება არ სჭირდება.