1. გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი
  2. ვასკულიტები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი თავის, კისრის და სხეულის ზედა ნაწილის დიდი ზომის არტერიების ქრონიკული ანთებაა. ტიპურია საფეთქლის არტერიის დაზიანება, რომელიც საფეთქლის არეში გაივლის და სისხლს აწვდის სკალპის ნაწილს, ქვედა ყბის კუნთებს და სანერწყვე ჯირკვლებს.

  • მიზეზი უცნობია;

  • დამასახიათებელია ძლიერი, მოპულსირე თავის ტკივილი, სკალპის ტკივილი თმის ვარცხნისას და ქვედა ყბის ტკივილი ღეჭვის დროს;

  • მკურნალობის გარეშე შესაძლებელია სიბრმავის განვითარება;

  • სიმპტომები და ფიზიკური გასინჯვის მონაცემები დიაგნოზზე მიუთითებს, თუმცა დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს საფეთქლის არტერიის ბიოფსია;

  • ეფექტურია კორტიკოსტეროიდი – პრედნიზონი.

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი 55 წელზე უფროსი ასაკის პირებს შორის ვითარდება. დაავადებულების 40-60%-ს რევმატიული პოლიმიალგიაც აქვთ. აღნიშნული დაავადებების მიზეზები უცნობია.

სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი არტერია ზიანდება. ტიპურია თავის ქალის დიდი ზომის არტერიების დაზიანება, რაც ახალაღმოცენებულ, ძლიერ, ზოგჯერ მფეთქავი ხასიათის ტკივილს იწვევს საფეთქლების ან კეფის არეში. საფეთქლის არტერიები შეხებით მტკივნეული, შეშუპებული და უსწორმასწოროა. თმის ვარცხნის დროს სკალპი მტკივნეულია. შესაძლებელია მხედველობის გაორება ან დაბინდვა, ლაქების გაჩენა მხედველობის ველში, მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში ან თვალების სხვა პრობლემების განვითარება. ყველაზე დიდი საშიშროებაა მხედველობის მუდმივი დაკარგვა, რომელიც უეცრად ვითარდება და გამოწვეულია მხედველობის ნერვისათვის სისხლის მიწოდების შეწყვეტით.მკურნალობის გარეშე, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი დაავადებულთა 20%-ში სიბრმავეს იწვევს.

ტიპურია ღეჭვის დროს ქვედა ყბის კუნთების ტკივილი და მალე დაღლა, ასევე, ენის ტკივილი კვების ან საუბრისას. ვითარდება დაღლილობა, ზოგადად ცუდი თვითგრძნობა, აუხსნელი წონის კლება და ჭარბი ოფლიანობა.

თავის ტვინთან სისხლის მიდინების შეწყვეტის შემთხვევაში ინსულტი ვითარდება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი აორტას აზიანებს, იწვევს მისი ამომფენი გარსის მთლიანობის დარღვევას (დისექცია) ან მის კედელში ამობერილობის გაჩენას (ანევრიზმა).

გიგანტურუჯრედოვან არტერიიტთან რევმატიული პოლიმიალგიის თანხლების შემთხვევაში, ვითარდება ძლიერი ტკივილი კისერში, მხრებსა და ბარძაყში. ასევე კუნთების დაჭიმულობა, განსაკუთრებით დილის საათებში.

დიაგნოზი

დიაგნოზი სავარაუდო ხდება სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის მონაცემების მიხედვით. ექიმი სინჯავს საფეთქლის არტერიებს სიმკვრივის, არასწორი ზედაპირის ან მტკივნეულობის გამოსავლენად. ტარდება სისხლის ანალიზები. მიღებული შედეგებიდან დაავადების სასარგებლოდ მეტყველებს ისეთი ცვლილებები, მაგალითად, როგორიცაა ძალზე მაღალი ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) და C რეაქტიული ცილის მომატებული მაჩვენებელი, რაც ანთებით პროცესზე მიუთითებს. დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება საფეთქლის არტერიის ბიოფსია.

როდესაც საფეთქლის გარდა, სხვა არტერიების გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტია საეჭვო, დიაგნოზის დასადასტურებლად მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია ტარდება.

მკურნალობა

მკურნალობა იწყება მაშინვე, როგორც კი დაავადებაზე მიიტანენ ეჭვს, ვინაიდან მკურნალობის გარეშე შესაძლებელია სიბრმავის განვითარება. მკურნალობა, ჩვეულებრივ, ბიოფსიის ჩატარებამდე ინიშნება. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, იგი გავლენას არ მოახდენს ბიოფსიის შედეგზე. ეფექტურია კორტიკოსტეროიდი – პრედნიზონი. დასაწყისში დოზა მაღალია, რათა ეფექტურად დაითრგუნოს სისხლძარღვში მიმდინარე ანთებითი პროცესი. რამდენიმე კვირის შემდეგ, თუ მდგომარეობა უმჯობესდება, ექიმი თანდათან ამცირებს კორტიკოსტეროიდის დოზას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მკურნალობის შეწყვეტა ერთი წლის შემდეგ, თუმცა უმრავლესობას, სიმპტომების სამართავად და სიბრმავის თავიდან ასაცილებლად, დაბალი დოზებით მკურნალობა სჭირდება წლების მანძილზე.

ინსულტის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ყოველდღიურად დაბალი დოზებით ასპირინის მიღება.

მკურნალობის შედეგად, პაციენტთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდება, თუმცა მოსალოდნელია დაავადების რეციდივის განვითარება.

რევმატიული პოლიმიალგია

რევმატიული პოლიმიალგიის დროს ვითარდება სახსრების ამომფენი გარსების ანთება, რაც კისრის, მხრების და ბარძაყის კუნთების ძლიერ ტკივილს და შებოჭილობას იწვევს.

  • მიზეზი უცნობია;

  • კისრის, მხრების და ბარძაყის არეში ვითარდება შებოჭილობა და ტკივილი;

  • დიაგნოზის დასმაში ექიმებს ეხმარება სისხლის ანალიზები და ზოგჯერ კუნთების ბიოფსია;

  • პაციენტთა უმრავლესობას მდგომარეობა მკვეთრად უუმჯობესდება კორტიკოსტეროიდის – პრედნიზოლონის მიღების შემდეგ.

რევმატიული პოლიმიალგია უპირატესად 55 წელზე უფროს ასაკში ვითარდება. მისი მიზეზი უცნობია. დაავადება ხშირად გიგანტურუჯრედოვან (საფეთქლის) არტერიიტთან ერთად ვითარდება. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული ორი პრობლემა ერთი და იმავე პათოლოგიური პროცესის ორი ვარიაციაა.

სიმპტომები

სიმპტომები უეცრად ან თანდათან ჩნდება. ძლიერი ტკივილი და შებოჭილობა ვითარდება კისერში, მხრებსა და ბარძაყებში. შებოჭილობა უარესდება დილის საათებში და მოსვენების პერიოდის შემდეგ. მაგრამ კუნთების სისუსტე ან დაზიანება არ აღინიშნება. ზოგადი სიმპტომებიდან, შეიძლება ვლინდებოდეს ცხელება, ზოგადი სისუსტე, დეპრესია და აუხსნელი წონის კლება.

რევმატიული პოლიმიალგიის მქონე ზოგ პაციენტს, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის სიმპტომებიც აღენიშნება, რომელმაც სიბრმავე შეიძლება გამოიწვიოს. პაციენტების ნაწილს მსუბუქი ართრიტი აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ართრიტი მძიმედაა გამოხატული ან მთავარი სიმპტომია, მეტად სავარაუდოა რევმატოიდული ართრიტი.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებსა და სისხლის ანალიზის შედეგებს. სისხლის კვლევები შემდეგია:

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), C-რეაქტიული ცილა ან ორივე. რევმატული პოლიმიალგიის დროს ორივე ტესტის შედეგი მნიშვნელოვნად მომატებულია, რაც აქტიურ ანთებით პროცესზე მიუთითებს;

  • სისხლის საერთო ანალიზი: აღნიშნული კვლევა ტარდება ანემიის გამოსავლენად;

  • თირეომასტიმულირებელი ჰორმონი: ტესტი ტარდება ჰიპოთირეოზის გამოსარიცხად, რომელიც იწვევს სისუსტეს და ზოგჯერ მხრისა და ბარძაყის კუნთების ტკივილს.

  • კრეატინკინაზა: ტარდება კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შესაფასებლად (მიოპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხრებისა და ბარძაყების კუნთების სისუსტე და ტკივილი;

  • რევმატოიდული ფაქტორი: ანტისხეულები ვლინდება რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში და არა რევმატიული პოლიმიალგიის დროს. აღნიშნული კვლევა ექიმებს ამ ორი დაავადების ერთმანეთისაგან განსხვავებაში ეხმარება.

როდესაც დიაგნოზი გაურკვეველია, გამოსაკვლევად იღებენ კუნთოვანი ქსოვილის ნიმუშს და სწავლობენ მას მიკროსკოპულად (ბიოფსია) ან კუნთოვანი სიმპტომების ადგილის განსაზღვრისათვის ტარდება ელექტრომიოგრაფია. რევმატული პოლიმიალგიის დროს, ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები ნორმაშია.

მკურნალობა

მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებს კორტიკოსტეროიდის – პრედნიზონის დაბალი დოზით მიღება. თუ დაავადებას თან ახლავს რევმატული პოლიმიალგია, სიბრმავის თავიდან ასაცილებლად, წამლის უფრო მაღალი დოზებით დანიშვნაა საჭირო. სიმპტომების შემცირებისთანავე იწყება კორტიკოსტეროიდის დოზის თანდათან შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. პაციენტების ნაწილი პრედნიზონის მიღებას წყვეტს 1-დან 4 წლის განმავლობაში, თუმცა ნაწილს დაბალი დოზების ხანგრძლივად მიღება ესაჭიროება.

ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) ამცირებენ ტკივილს, თუმცა, ჩვეულებრივ, პრედნიზონთან შედარებით, ნაკლებად ეფექტურნი არიან.