1. ტაკაიასუს არტერიიტი
  2. ვასკულიტები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ტაკაიასუს არტერიიტი

ტაკაიასუს არტერიიტი იწვევს, უპირატესად, აორტის (გულთან პირდაპირ დაკავშირებული არტერია), მისი ტოტების და ფილტვების არტერიების ქრონიკულ ანთებას.

  • მიზეზი უცნობია;

  • დამახასიათებელია ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შემდგომში სხვადასხვა გამოვლინებებით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება აორტის გამოსახულებითი კვლევები, როგორიცაა ანგიოგრაფია;

  • ანთებითი პროცესის მართვა შესაძლებელია კორტიკოსტეროიდებით და ზოგჯერ სხვა საშუალებებით, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას.

ტაკაიასუს არტერიიტი იშვიათია. ძირითადად 15-30 წლის ასაკის ქალებს შორის გვხვდება. მისი მიზეზი უცნობია.

ვითარდება აორტის და მისი ტოტების ანთება, მათ შორის იმ არტერიების, რომლებიც სისხლს აწვდიან თავს და თირკმლებს. შემთხვევათა ნახევარში ზიანდება ფილტვების არტერიებიც. ანთებითი პროცესი იწვევს არტერიების ადგილ-ადგილ შევიწროებას ან დახშობას. კედელი სუსტდება და იჭიმება და შედეგად გამობერილობა (ანევრიზმა) ვითარდება. დაზიანებული სისხლძარღვები ვერ აწვდიან ქსოვილებს საკმარისი რაოდენობით სისხლს.

სიმპტომები

ტაკაიასუს არტერიიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც სიმპტომების სიმძიმის ცვალებადობა ახასიათებს.

ზოგჯერ დაავადება იწყება ცხელებით, კუნთების და სახსრების ტკივილით, მადის დაქვეითებით, წონის კლებით და ღამის ოფლიანობით. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ძირითადად მაშინ ვლინდება, როდესაც არტერიები ვიწროვდება, რაც ამცირებს სისხლის ნაკადს სხეულის სხვადასხვა ნაწილში:

  • ზედა და ქვედა კიდურები: ზედა და ქვედა კიდურების ტკივილი და აქტიური მოძრაობისას ადვილად დაღლა ვითარდება. სიარულის დროს შესაძლებელია ტკივილის შეგრძნება, ძირითადად კანჭის არეში – სიმპტომს ეწოდება გარდამავალი კოჭლობა.

  • თავი: შესაძლებელიათავბრუხვევის შეგრძნება ან მხედველობის დარღვევა, იშვიათად – ინსულტის განვითარება.

  • გული: ზოგჯერ, გულთან მიდინებული სისხლის რაოდენობა მცირდება და შედეგად გულის ანგინა ან შეტევა ვითარდება.

  • თირკმლები: მაღალი არტერიული წნევის გამო მოსალოდნელია თირკმლების ფუნქციის დარღვევა და თირკმლების უკმარისობის, ინსულტის ან გულის შეტევის რისკის ზრდა;

  • ფილტვები: მნიშვნელოვნად იმატებს სისხლის წნევა ფილტვებში. აღინიშნება ქოშინი, ადვილად დაღლა და გულმკერდში ტკივილი.

ზოგ პაციენტს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. სხვა შემთხვევაში, დაავადება პროგრესირებს, იწვევს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ინსულტი, გულის უკმარისობა, გულის შეტევა, თირკმლების უკმარისობა და ანევრიზმა.

დიაგნოზი

დაავადების არსებობა სავარაუდოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს შორის, როდესაც:

  • სისხლის წნევის შეფასება ვერ ხერხდება ერთ ან ორივე ხელზე;

  • სისხლის წნევა მნიშვნელოვნად მაღალია ან პულსი მნიშვნელოვნად ძლიერია ერთ ზედა ან ქვედა კიდურზე მეორესთან შედარებით;

  • ძალზე მაღალია არტერიული წნევა;

  • პაციენტს აქვს ისეთი დაავადება, როგორიცაა ინსულტი, გულის ანგინა, ან შეტევა, ან თირკმლების დაზიანება და რომელსაც რაიმე ახსნა არ აქვს და მისი განვითარება მოულოდნელად ხდება.

ექიმი სიმპტომების თაობაზე გამოკითხვით, სამედიცინო ისტორიის მიმოხილვის და სრული ფიზიკური გასინჯვის საფუძველზე გამორიცხავს სხვა დაავადების არსებობას, რომელსაც შესაძლოა მსგავსი სიმპტომები გამოეწვია.

ტარდება სისხლის და შარდის საერთო ანალიზები. აღნიშნული კვლევებით დაავადების იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა დასტურდება ანთებითი პროცესის არსებობა.

დიაგნოზის დადასტურებისათვის და აორტისა და მისი ტოტების მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება ანგიოგრაფია – ჩვეულებრივი, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ანგიოგრაფიით. ჩვეულებრივი ან კტ ანგიოგრაფიის დროს, რენტგენოლოგიურად ისახება კონტრასტული ნივთიერება (რენტგენონეგატიური კონტრასტი), რომელიც სისხლძარღვში ინექციის გზით შეჰყავთ მათი გამოსახულების მისაღებად. შემდეგ ხდება რენტგენოლოგიური სურათის გადაღება. მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია არ საჭიროებს ინექციას ან საკონტრასტო ნივთიერებას და შესაძლებელია ანევრიზმების აღმოჩენა და არტერიების შევიწროვების ადგილის განსაზღვრა.

ტაკაიასუს არტერიიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ, იმის შესაფასებლად, პროგრესირებს თუ არა დაავადება, საჭიროა რეგულარული, გეგმიური ვიზიტი ექიმთან.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, გამოიყენება კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზონი). იგი, შემთხვევათა უმრავლესობაში, ეფექტურად თრგუნავს ანთებით პროცესს. ზოგჯერ, ასევე ინიშნება სხვა იმუნური სისტემის დამთრგუნველი (იმუნოსუპრესანტები) საშუალებები, როგორიცაა აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი, მიკოფენოლატ მოფეტილი ან მეტოტრექსატი. შესაძლოა ეფექტური იყოს სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის ინჰიბიტორები, როგორიცაა ინფლიქსიმაბი და ეტანერცეპტი. აღსანიშნავია, რომ, შემთხვევათა მეოთხედში, მედიკამენტებით დაავადების მართვა ვერ ხერხდება.

განსაზღვრული არაა, რა ხანგრძლივობით უნდა ჩატარდეს მკურნალობა. კორტიკოსტეროიდების დოზა თანდათან მცირდება და საბოლოოდ წამლის მიღება წყდება, რადგან აღნიშნული საშუალებით ხანგრძლივ მკურნალობას თან ახლავს სერიოზული გვერდითი ეფექტები. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შემთხვევათა ნახევარში სიმპტომები კვლავ იჩენს თავს და საჭირო ხდება მისი განახლება.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი. ხშირად გამოიყენება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (აგფ). დაბალი დოზებით ასპირინის მიღება რეკომენდებულია ანთებად არტერიაში თრომბის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად. თუ სისხლის მიმოქცევა დაიხშო არტერიაში, რომელიც გულს კვებავს, შეიძლება გულის შეტევა განვითარდეს.

სიარულის გაძნელებისას ან ზედა კიდურების მოძრაობის შეზღუდვისას დაზიანებულ კიდურში სისხლის ნაკადის აღსადგენად შესაძლებელია შუნტირება ჩატარდეს. სიმპტომების მიხედვით იგეგმება სისხლის მიმოქცევის აღმდგენი სხვა პროცედურებიც (როგორიცაა აორტოკორონარული შუნტირება ან კანგავლითი სანათურშიდა კორონარული ანგიოპლასტიკა).