1. ჩარგ-სტრაუსის სინდრომი
  2. ვასკულიტები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ჩარგ-სტრაუსის სინდრომი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი მცირე ზომის არტერიული სისხლძარღვების ანთებაა, რომელიც შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევს, ძირითადად იმ პირებში, ვისაც ასთმა, ალერგიული რინიტი ან ორივე აქვს.

  • მიზეზი უცნობია;

  • დასაწყისში, თვეების ან წლების მანძილზე, აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი ან ასთმა, რომელსაც მოსდევს დაზიანებული ორგანოების მიხედვით გამოვლენილ სიმპტომთა მრავალფეროვნება;

  • დიაგნოზი ისმება სიმპტომების, ფიზიკური გასინჯვის, სისხლის ანალიზების, გულმკერდის რენტგენოგრაფიის და ბიოფსიის შედეგების მიხედვით;

  • ჩვეულებრივ, ეფექტურია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, თუმცა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების შემთხვევაში შეიძლება სხვა, იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალების დამატება.

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. დიაგნოზის საშუალო ასაკი 45-50 წელია. ყველა დაავადებულს ანამნეზში აღენიშნება ასთმა, ალერგიული რინიტი ან ორივე ერთად. მიზეზი უცნობია.

ანთებითი პროცესი ნებისმიერ ორგანოში შეიძლება განვითარდეს. ძირითადად ზიანდება ნერვები, სინუსები, კანი, სახსრები, ფილტვები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, გული და თირკმლები. ანთების გამომწვევი იმუნური უჯრედების გროვები (ეწოდება გრანულომა) დაზიანებულ ქსოვილებში კვანძებს წარმოქმნიან. გრანულომამ შეიძლება დაარღვიოს ნორმალური ქსოვილი და გავლენა მოახდინოს მის ფუნქციონირებაზე. ასევე შესაძლებელია კვანძების წარმოქმნა კანქვეშ.

სიმპტომები

დასაწყისში ვითარდება ასთმა, ალერგიული რინიტი ან ორივე ერთად. აღინიშნება ცემინება, მუდმივი გამონადენი ცხვირიდან და თვალების ქავილი. სინუსების ანთება იწვევს სახის არეში ტკივილს და სინუსებში პოლიპების ჩამოყალიბებას.

აღინიშნება ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, ცხელება, ღამის ოფლიანობა ან მადისა და წონის დაქვეითება. სხვა სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოებზე და შეიძლება გამოვლინდეს:

  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;

  • სუნთქვის უკმარისობა;

  • ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით;

  • ტკივილი გულმკერდში;

  • გამონაყარი;

  • მუცლის ტკივილი;

  • უჩვეულო შეგრძნება კიდურებში, დაბუჟება ან სისუსტე.

შესაძლებელია ჩამოთვლილი სიმპტომების ნებისმიერი კომბინაცია. სიმპტომები, ცალკეულ შემთხვევებში, ეპიზოდურად ვლინდება და ყოველი მომდევნო ეპიზოდის დროს, არის იგივე ან განსხვავებული.

თირკმლების ანთება ზოგჯერ უსიმპტომოა, სანამ ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა არ განვითარდება. სხვა გართულებებია გულის უკმარისობა, შეტევა ან სარქვლოვანი დაავადებები.

დიაგნოზი

ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა იცავს ორგანოებს მძიმე დაზიანების განვითარებისაგან.

მხოლოდ ერთი კვლევით დიაგნოზის დადასტურება ვერ ხდება. დიაგნოზი ისმება ტიპური სიმპტომების კომბინაციით, ფიზიკური გასინჯვის შედეგებით და სხვა კვლევებით.

ტარდება სისხლის ანალიზები. განისაზღვრება სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა. აღნიშნული უჯრედები ალერგიული რეაქციების დროს გამომუშავდება და მატულობს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს. ასევე იკვლევენ რამდენიმე ანტისხეულის არსებობას (ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები). გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება ფილტვებში ანთებითი პროცესის დასადგენად. შარდის ანალიზებით ფასდება თირკმლების დაზიანების არსებობა.

ანთებადი ქსოვილის ნიმუშს იღებენ მიკროსკოპული (ბიოფსია) გამოკვლევისათვის. ბიოფსია ავლენს, ქსოვილები ეოზინოფილებს შეიცავს თუ გრანულომებს. თუ შესაძლებელია, ნიმუშის აღება კანიდან ან კუნთიდან ხდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარება ადგილობრივი გაუტკივარებით, ამბულატორიულად იქნება შესაძლებელი. ზოგჯერ საჭირო ხდება ფილტვის ბიოფსია, რაც კლინიკაში დაყოვნებას მოითხოვს.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, მკურნალობისათვის კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზონი) გამოიყენება. აღნიშნული საშუალება თრგუნავს ანთებით პროცესს. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების დაზიანებისას შეიძლება იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებების (იმუნოსუპრესანტები) დანიშვნა, როგორიცაა აზათიოპრინი ან მეტოტრექსატი, ხოლო მძიმე მიმდინარეობისას – ციკლოფოსფამიდი.

სიმპტომების შემსუბუქებისას მედიკამენტების დოზები მცირდება და შეიძლება შეწყდეს, საჭიროების შემთხვევაში კი – კვლავ განახლდეს. ჩამოთვლილ საშუალებებს, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მიღებისას, შეიძლება თან ახლდეთ მძიმე გვერდითი ეფექტები.

ჩარგ-სტრაუსის სინდრომის მქონე პაციენტებმა უნდა წაიკითხონ საკუთარი დაავადების თაობაზე, რათა შეძლონ ნებისმიერი ახალი სიმპტომის დროული ამოცნობა და ექიმთან მიმართვა.