წვივის უკანა ტენდინოზი | მკურნალი.გე
  1. წვივის უკანა ტენდინოზი
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
წვივის უკანა ტენდინოზი

წვივის უკანა ტენდინოზი – ესაა შიგნითა კოჭის უკან და გვერდით გამავალი მყესის დეგენერაცია.

ჩვეული მიზეზია კოჭის გადაძაბვა. ყველაზე ხშირად, პრობლემა იმის გამო იქმნება, რომ ტერფის თაღი დაბალია და სიარულის დროს ტერფი წინისაკენ ბრუნდება, აღნიშნულს ხელს უწყობს ჭარბი წონა. მყესის დისფუნქციამ შემდგომში შეიძლება ხელი შეუწყოს თაღის გაბრტყელებას. ასევე შესაძლებელია მყესის სრული გაგლეჯა, რომელიც ზოგჯერ, უეცრად ვითარდება ახალგაზრდა პირებს შორის.

ადრეულ ეტაპზე აღინიშნება შიგნითა კოჭის უკანა მიდამოს პერიოდული ტკივილი. დროთა განმავლობაში ტკივილი ძლიერდება და შეშუპებაც ჩნდება. ნორმალურად დგომა და სიარული თანდათან ძნელდება. ჩვეულებრივ, თითის წვერზე დგომა მტკივნეულია, ხოლო მყესის სრული გაწყვეტის შემთხვევაში – შეუძლებელიც კი.

ექიმები დიაგნოზს, ხშირად, სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. დიაგნოზის დასადასტურებლად და მყესის დაზიანების გავრცელების შესაფასებლად, ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაა საჭირო.

მკურნალობის თვალსაზრისით, ჩვეულებრივ, სავსებით საკმარისია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ცვლიან ტერფის პოზიციას და მოძრაობის მანერას და ამ გზით ამცირებენ დაზიანებული სახსრის დატვირთვას (ორთოზები და წვივის ფიქსატორი). მყესის სრული გაგლეჯის შემთხვევაში, ნორმალური ფუნქციის აღსადგენად, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული მკურნალობის მეთოდის გამოყენება ახალგაზრდა აქტიური პირებისთვის, უეცრად განვითარებული მყესის გაწყვეტის შემთხვევაში.