კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა (კრამპი) | მკურნალი.გე
  1. კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა (კრამპი)
  2. კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა (კრამპი)

კრამპი – ესაა უეცრად განვითარებული კუნთის ან კუნთების ჯგუფის ხანმოკლე, მტკივნეული შეკუმშვა.

  • წვივის კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა შეიძლება გამოიწვიოს წვივის კუნთების დაძაბვამ ან სისხლში ელექტროლიტების შემცირებულმა რაოდენობამ.

  • კუნთების მტკივნეული კრუნჩხვის პრევენცია შესაძლებელია დაჭიმვით და კოფეინის შეზღუდვით.

კრამპი შეიძლება გამოვლინდეს ზოგადად ჯანმრთელ (ჩვეულებრივ, შუა ან უფროსი ასაკის) პირებს შორის, ზოგჯერ მოსვენების, განსაკუთრებით, ჭარბი ფიზიკური დატვირთვის დროს ან შემდეგ. იშვიათია ახალგაზრდებში. ზოგჯერ შეტევა ძილის დროს ვითარდება. მტკივნეული კრუნჩხვა ძირითადად მოიცავს წვივის და ტერფის კუნთებს და იწვევს ტერფისა და ტერფის თითების მოხრას.

ფეხის კრამპის ხშირი მიზეზია შეკუმშული წვივის კუნთები. კუნთები შეკუმშულია, როდესაც დაჭიმვა დიდი ხნის მანძილზე არ ხდება, მაგალითად, არააქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნისას ან როდესაც სითხე განმეორებით გროვდება ქვედა კიდურის კანქვეშ (ეწოდება შეშუპება/ედემა). კრამპის გამოწვევა ასევე შეუძლია ელექტროლიტების, მაგალითად, კალიუმის შემცირებულ რაოდენობას სისხლში. კალიუმის დაქვეითება, თავის მხრივ შარდმდენი საშუალებების მიღებით ან ისეთი მდგომარეობების შედეგია, რომელთაც სითხეების (და მასთან ელექტროლიტების) დაკარგვა ახლავს თან.

ქვედა კიდურების გამკვრივებული არტერიების შემთხვევაში (პერიფერიული არტერიების დაავადება), წვივის არეში ტკივილი ვითარდება ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტკივილი განპირობებულია კუნთებთან არასაკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებით და არა კუნთების მტკივნეული შეკუმშვით, როგორც ეს კრამპის შემთხვევაში ხდება.

პრევენცია და მკურნალობა

მკურნალობის თვალსაზრისით, საუკეთესო მიდგომაა კრამპების პრევენცია. ეფექტურია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • საკვების მიღების შემდეგ ფიზიკური ვარჯიშისაგან თავშეკავება;

  • ვარჯიშის ან ძილის წინ კუნთების თანდათან დაჭიმვა;

  • ვარჯიშის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (განსაკუთრებით კალიუმის შემცველი სასმელები სპორტსმენებისათვის);

  • კოფეინის შეზღუდვა (მაგალითად, ყავის ან შოკოლადის);

  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;

  • ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღების შეზღუდვა, რომელთაც მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნიათ, მაგალითად, ფსევდოეფედრინი (სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება, რომელსაც მრავალი რეცეპტის გარეშე გასაცემი სამკურნალო პრეპარატი შეიცავს).

დაჭიმვა ეფექტურია, რადგან კუნთები და მყესები უფრო მოქნილი ხდება და ნაკლებია მათი სპონტანური შეკუმშვის ალბათობა. წვივის კუნთების მტკივნეული კრუნჩხვის პრევენციისათვის საუკეთესოა მორბენლების დაჭიმვითი სავარჯიშოების შესრულება. ვარჯიში შემდეგნაირად სრულდება: პირი დგას, წინ გადადგმული და მოხრილია ერთი ფეხი მუხლის სახსარში, ხოლო მეორე ფეხი უკანაა და გამართულია მუხლის სახსარში. წონასწორობის დასაცავად, შესაძლებელია ხელებით კედელზე მიყრდნობა. ორივე ქუსლი იატაკზე რჩება. წინ მოთავსებული ფეხის მუხლი აგრძელებს მოხრას, სანამ მეორე ფეხის უკანა ზედაპირზე დაჭიმვის შეგრძნება არ გაჩნდება. რაც უფრო დიდია მანძილი ტერფებს შორის და რაც უფრო მეტადაა წინ მდებარე ფეხის მუხლი მოხრილი, მით უფრო მეტია დაჭიმვა. დაჭიმვა 30 წამს გრძელდება და 5-ჯერ მეორდება. შემდეგ, დაჭიმვების სერია მეორდება მეორე მხარეზე.

მედიკამენტების უმრავლესობას, რომლებიც კრამპების პრევენციისათვის ინიშნება (ასეთია, ქინინის სულფატი, მაგნიუმის კარბონატი, ბენზოდიაზეპინები, როგორიცაა დიაზეპამი), არ აქვს დამტკიცებული ეფექტურობა, ამასთან შესაძლოა გვერდითი ეფექტები გააჩნდეთ. ზოგჯერ ეფექტურია მექსილეტინი (გულის არითმიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი), თუმცა მრავალი გვერდითი ეფექტი აქვს. უსაფრთხო და ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონეა კალციუმის პრეპარატები, მაგრამ მათი ეფექტურობა დამტკიცებული არაა.

კუნთების მტკივნეული კრუნჩხვის განვითარების შემთხვევაში, შეტევის შემსუბუქებას იწვევს დაზიანებული კუნთის დაჭიმვა, მაგალითად, წვივის კრამპისათვის შეიძლება შესრულდეს – ხელით ტერფისა და ცერა თითის წინისაკენ მოზიდვა ან მორბენლის მოთელვა. კუნთების ტკივილი, რომელიც არასათანადო სისხლის მიწოდებითაა განპირობებული, მცირდება შესვენების შემდეგ და არა დაჭიმვითი სავარჯიშოების შესრულებით.