ფიბრომიალგია | მკურნალი.გე
  1. ფიბრომიალგია
  2. კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია ხასიათდება ძილის დარღვევით, დაღლილობით და რბილი ქსოვილების, მათ შორის კუნთების, მყესების და იოგების – გავრცელებული ტკივილითა და დაჭიმულობით.

  • ფიბრომიალგიის რისკს ზრდის: ცუდი ძილი, სტრესი, დაძაბვა, ტრავმა და ზოგიერთი პიროვნული თავისებურება.

  • ტკივილს გავრცელებული ხასიათი აქვს და სხეულის გარკვეული უბნები მგრძნობიარეა შეხებით.

  • ფიბრომიალგიის დიაგნოზი ისმება სპეციფიკურ ადგილებში ტკივილის არსებობით და ტიპური სიმპტომების მიხედვით.

  • ჩვეულებრივ ეფექტურია ძილის გაუმჯობესება, ვარჯიში, სითბური აპლიკაცია და მასაჟი.

წარსულში მდგომარეობას ფიბროზიტის ან ფიბრომიოზიტის სახელით მოიხსენიებდნენ. მაგრამ ანთებითი პროცესის (მიუთითებდა ბოლოსართი "იტი") არარსებობის გამო, ძველი ბოლოსართი მოსცილდა და ფიბრომიალგია ეწოდა.

ფიბრომიალგია დაახლოებით 7-ჯერ უფრო ხშირია ქალებს შორის. ძირითადად ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ქალებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლებელია მამაკაცებს, ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც შეგვხვდეს.

დაავადება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებს არ მიეკუთვნება. თუმცა გახანგრძლივებული სიმპტომები ძალზე შემაწუხებელი შეიძლება გახდეს.

მიზეზები

ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, მის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთმა მდგომარეობამ, როგორიცაა ცუდი ძილი, განმეორებითი დაძაბვა, ტრავმა, სიცივისა და ნესტის განმეორებითი ზემოქმედება. ხელშემწყობი ფაქტორია ფსიქოგენური სტრესი. თუმცა ზოგჯერ პრობლემურია არა თვითონ სტრესი, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებს პიროვნება სტრესზე. დაავადებულთა შორის ბევრი პერფექციონისტია ან A ტიპის პიროვნებას წარმოადგენს.

შესაძლებელია, დაავადებულთა ნაწილს შემაერთებელი ქსოვილის რომელიმე პათოლოგია, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან სისტემური წითელი მგლურა ჰქონდეს. ფიბრომიალგიის პროვოცირება შეიძლება ზოგჯერ ვირუსულმა ან სხვა სახის ინფექციამ (როგორიცაა ლაიმის დაავადება) ან ტრავმამ გამოიწვიოს.

სიმპტომები

პაციენტების უმრავლესობას აქვს ზოგადი ტკივილის და დაჭიმულობის შეგრძნება. სიმპტომები მთელ სხეულში შეიძლება ვლინდებოდეს. შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი რბილი ქსოვილი (კუნთები, მყესები და იოგები). თუმცა ყველაზე მეტად მოსალოდნელია კისრის, მხრების, გულმკერდის, ნეკნების, წელის, ბარძაყების, წინამხრების და სახსრების რბილი ქსოვილების ტკივილი. შედარებით იშვიათადაა მტკივნეული და შებოჭილი წვივები, მტევნები და ტერფები. სიმპტომები შეიძლება ვლინდებოდეს პერიოდულად (გამწვავებების დროს) ან მეტწილად აღინიშნებოდეს (ქრონიკულად).

ტკივილი შეიძლება ინტენსიური იყოს. ჩვეულებრივ, უარესდება დაღლილობის, დაძაბვის ან გადატვირთვის შედეგად. კუნთების სპეციფიკურ ადგილებში თითებით ძლიერი ზეწოლისას მტკივნეულობა ვლინდება. აღნიშნულ ადგილებს მტკივნეულ წერტილებს უწოდებენ. გამწვავებების პერიოდში კუნთები დაჭიმულია ან მათი სპაზმი ვლინდება.

დაავადებულთა უმრავლესობას დარღვეული აქვს ძილი, აქვს შფოთვის შეგრძნება, დეპრესია და დაღლილობა. ასევე შესაძლებელია შაკიკი ან დაძაბვა, თავის ტკივილის და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (შეკრულობის, დიარეის, მუცლის დისკომფორტის და შებერილობის სხვადასხვა კომბინაციით).

მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს ფიბრომიალგიის განვითარებას, იწვევენ სიმპტომების გაუარესებასაც. ასეთია: ემოციური სტრესი, ცუდი ძილი, ტრავმა, ცივ და ნესტიან გარემოში ყოფნა.

ფიბრომიალგია ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა, სტრესის შემცირებასთან ერთად შეიძლება თავისთავად გაიაროს. სათანადო მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სიმპტომები კვლავ უგრძელდება.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება ტკივილის თავისებურებასა და ლოკალიზაციას, ასევე მტკივნეული წერტილების არსებობას. მტკივნეული წერტილების გამოსავლენად, ექიმი ძლიერ ზეწოლას ახდენს სხეულის სპეციფიკურ არეებზე. დიაგნოზი დასტურდება, თუკი 18 წერტილიდან ტკივილი 11 ან მეტ ადგილას ვლინდება ან მტკივნეულ წერტილებთან ერთად სხვა სიმპტომებიც აღინიშნება.

დასარწმუნებლად, რომ სიმპტომები სხვა დაავადებით არაა გამოწვეული (როგორიცაა ჰიპოთირეოზი, რევმატული პოლიმიალგია ან კუნთების სხვა დაავადებები), ექიმები ხშირად ლაბორატორიულ ტესტებს ატარებენ.

ფიბრომიალგიის დიაგნოსტიკა რთულდება იმ პაციენტებს შორის, რომელთაც რევმატოიდული ართრიტი ან სისტემური წითელი მგლურა აქვთ, ვინაიდან აღნიშნული დაავადებები მსგავს სიმპტომებს იწვევენ.

მკურნალობა

სათანადო მკურნალობის შემთხვევაში თვითგრძნობა უმჯობესდება. ყველაზე მეტად ეფექტური მიდგომა მოიცავს შემდეგს:

  • სტრესების შემცირება

  • მტკივნეული კუნთების თანდათან დაჭიმვა (დაჭიმულ მდგომარეობაში 30 წამით შენარჩუნება და მისი განმეორება 5 ჯერ)

  • ვარჯიში – ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (აერობული სავარჯიშოები) და მისი ინტენსივობის თანდათან ზრდა (მაგალითად, ტრედმილზე, სავარჯიშო ველოსიპედით, ელიპტიკური ტრენაჟორით (ველოთხილამური) ან ცურვა)

  • სითბოს აპლიკაცია ან მტკივნეული არეების მსუბუქი მასაჟი

  • სითბოს შენარჩუნება

  • საკმარისი ძილი

მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. მაგალითად, პაციენტი საღამოობით უნდა მოერიდოს კოფეინის და სხვა მასტიმულირებელი საშუალებების მიღებას და იძინოს მშვიდ გარემოში, ჩაბნელებულ ოთახში, კომფორტულ საწოლზე. არასასურველია საწოლში კვება ან ტელევიზორის ყურება. ექიმები ზოგჯერ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ნიშნავენ დაბალი დოზით. აღნიშნული საშუალებები დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მიიღება და მათი დანიშვნის მიზეზი, უფრო მეტად, ძილის გაუმჯობესებაა და არა დეპრესიის შემცირება. მედიკამენტებს მიეკუთვნება ტრაზოდონი, ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი. ძილის გაუმჯობესებაში ეხმარება კუნთების მომადუნებელი საშუალება (რელაქსანტი) – ციკლობენზაპრინი. აღნიშნული საშუალებები, უფრო მეტად უსაფრთხოა დამამშვიდებელ პრეპარატებთან შედარებით, რომლებიც ზოგჯერ დამოკიდებულებას იწვევენ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ციკლობენზაპრინის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებია ძილიანობა და პირის სიმშრალე, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებს შორის.

ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) ნაკლებად ეფექტურია. შეიძლება სასარგებლო იყოს ტკივილის შემამსუბუქებლები, როგორიცაა ტრამადოლი, პროპოქსიფენი ან აცეტამინოფენი. ოპიოიდები, რომლებიც წამალდამოკიდებულებას იწვევს და დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტური ხდება, არ გამოიყენება ისეთი ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის მიზნით, როგორიცაა ფიბრომიალგია. ტკივილი შეიძლება შეამსუბუქოს პრეგაბალინმა (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად). ზოგჯერ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები (როგორიცაა ლიდოკაინი) ინექციით პირდაპირ შეჰყავთ მტკივნეულ ადგილას, თუმცა ინექციები განმეორებით არ უნდა გაკეთდეს.