1. ბურსიტი
  2. კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ბურსიტი

ბურსიტი სინოვიური ჩანთის მტკივნეული ანთებაა (ბრტყელი, სითხით სავსე ჩანთა, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს იქ, სადაც კანი, კუნთები, მყესები და იოგები ძვლებთან შეხებაშია).

  • მოძრაობა მტკივნეულია და კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთები შუპდება და მტკივნეული ხდება;

  • სინოვიური ჩანთის ირგვლივ არსებული ტკივილი დიაგნოზზე გვაფიქრებინებს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება სინოვიური ჩანთიდან აღებული სითხის ანალიზი ან გამოსახულებითი კვლევების ჩატარება;

  • სიმპტომებს ამსუბუქებს მოსვენება, ფიქსატორის დადება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების ინექცია.

სინოვიური ჩანთა ნორმალურად მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს, რომელიც ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. სინოვიური ჩანთა ამცირებს ხახუნის ძალას და იმ სტრუქტურების ცვეთას, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან მოძრაობის დროს. ზოგი სინოვიური ჩანთა უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს (ზედაპირულად), სხვები კუნთებისა და მყესების ქვეშაა მოქცეული (ღრმა). სინოვიური ჩანთის ანთება შეიძლება ტრავმირების ან გადატვირთვის გამო განვითარდეს და დამატებითი სითხე დაგროვდეს მასში.

ბურსიტი, ჩვეულებრივ გამოწვეულია ჭარბი ან უჩვეულო დატვირთვის გამო განვითარებული გაღიზიანებით. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, პოდაგრით, ფსევდოპოდაგრით, რევმატოიდული ართრიტით ან სხვადასხვა, განსაკუთრებით Staphylococcus aureus-ით გამოწვეული ინფექციით. ხშირ შემთხვევაში მიზეზი უცნობია.

ბურსიტის მიმართ ყველაზე მეტად მიდრეკილია მხრები, თუმცა ასევე ხშირად ზიანდება იდაყვის, ბარძაყების (ტროხანტერული ბურსიტი), მენჯის, მუხლების, ტერფის თითების და ქუსლის (აქილევსის მყესის ბურსიტი) სინოვიური ჩანთები. მხრის ბურსიტი, ჩვეულებრივ მხრის ირგვლივი მყესის ანთებითაა გამოწვეული (როტატორული მანჟეტის ტენდინიტი – მყესი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც მხარს ადგილზე ამაგრებენ, როტატორული მანჟეტის სახელითაა ცნობილი).

სიმპტომები

ბურსიტი, როგორც წესი, ტკივილს და შედეგად მოძრაობის შეზღუდვას იწვევს, ამასთან სპეციფიკური სიმპტომების არსებობა დამოკიდებულია ანთებითი სინოვიური ჩანთის მდებარეობაზე. მაგალითად, როდესაც მხრებში არსებული სინოვიური ჩანთის ანთება ვითარდება, მტკივნეული და გაძნელებულია ხელის აწევა სხეულის დონეზე მაღლა (მაგალითად, პიჯაკის ჩაცმა). თუმცა იდაყვის ბურსიტმა შეიძლება მნიშვნელოვანი შესივება გამოიწვიოს მცირედი დისკომფორტით ან მის გარეშე.

მწვავე ბურსიტი საათებსა ან დღეებში ვითარდება. ანთებადი მიდამო მოძრაობით ან შეხებით მტკივნეულია. კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთის არეში, როგორც ეს მუხლის ან იდაყვის შემთხვევაშია, კანი წითელი და შეშუპებული შეიძლება ჩანდეს. განსაკუთრებით მტკივნეულია ინფექციით ან პოდაგრით გამოწვეული ბურსიტი. ანთებადი მიდამო წითელი და შეხებით ცხელია.

ქრონიკული ბურსიტი მწვავე ბურსიტის განმეორებადი ან მუდმივი გამწვავების ან განმეორებადი ტრავმების შედეგია. ზოგჯერ სინოვიური ჩანთის კედლები სქელდება. თუ დაზიანებული სინოვიური ჩანთა უჩვეულო დატვირთვას ან დაძაბვას განიცდის, ანთებითი პროცესი უარესდება. ხანგრძლივმა ტკივილმა და შეშუპებამ შეიძლება მოძრაობა შეზღუდოს, რაც კუნთების დასუსტებას გამოიწვევს. ქრონიკული ბურსიტის გამწვავება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება და ხშირად მეორდება.

დიაგნოზი

ბურსიტის არსებობა საეჭვოა, როდესაც ზედაპირულად მდებარე სინოვიური ჩანთის ირგვლივ ადგილი შეხებით მტკივნეულია, ან სახსარში მოძრაობა, ან ღრმა სინოვიურ ჩანთებზე ზეწოლა ასევე ტკივილს იწვევს. თუ ზედაპირული სინოვიური ჩანთა, განსაკუთრებით მუხლის ან იდაყვის, მნიშვნელოვნად შეშუპებულია, შესაძლებელია ჩანთიდან ნემსით სითხის ნიმუშის აღება, რომელსაც იკვლევენ ანთების მიზეზის გამოსავლენად, როგორიცაა ინფექცია ან პოდაგრა. რენტგენოგრაფია ტარდება მუდმივი ან ქრონიკული ბურსიტის შემთხვევაში.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან ულტრასონოგრაფია გამოიყენება ღრმა სინოვიური ჩანთის ანთების დასადასტურებლად.

მკურნალობა

თუ მწვავე ბურსიტი ინფექციით არაა გამოწვეული, ჩვეულებრივ, მისი მკურნალობა ტარდება შემდეგნაირად:

  • მოსვენება;

  • დაავადებული სახსრის დროებითი იმობილიზაცია;

  • მტკივნეულ ადგილას ყინულის დადება;

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები).

ზოგჯერ საჭიროა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა. ხშირად ექიმი ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას და კორტიკოსტეროიდის ინექციას პირდაპირ სინოვიურ ჩანთაში აკეთებს,განსაკუთრებით, როდესაც დაზიანება მხრის არეშია. აღნიშნული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა ინექციიდან რამდენიმე დღეში უმჯობესდება. მანიპულაციის განმეორება რამდენიმე თვის შემდეგაა შესაძლებელი.

მძიმედ მიმდინარე მწვავე ბურსიტის დროს, ზოგჯერ კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი – დასალევად ინიშნება რამდენიმე დღის მანძილზე. ტკივილის შემცირების შემდეგ, სახსრის მოძრაობის სიფართის გასაზრდელად, შესაძლებელია სპეციფიკური სავარჯიშოების შესრულება.

მსგავსი მკურნალობა ტარდება, თუ ქრონიკული ბურსიტი ინფექციით არაა გამოწვეული, თუმცა მოსვენება და იმობილიზაცია ნაკლებად შედეგიანია.

ფიზიკური თერაპია ხშირად ეხმარება სახსრის ფუნქციის აღდგენაში. ვარჯიში ხელს უწყობს დასუსტებული კუნთების გაძლიერებას და სახსარში მოძრაობის სრული სიფართით აღდგენას.

ინფიცირებული სინოვიური ჩანთა დრენირებას საჭიროებს, ასევე ინიშნება, ძირითადად Staphylococcus aureus-ის წინააღმდეგ მოქმედი სათანადო ანტიბიოტიკები.

ბურსიტის განმეორებით განვითარება შესაძლებელია, თუ მისი მიზეზების: პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის ან ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობა სათანადოდ არაა ჩატარებული.