1. ტენდინიტი და ტენოსინოვიტი
  2. კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ტენდინიტი და ტენოსინოვიტი

ტენდინიტი მყესის ანთებაა. ტენოსინოვიტი ტენდინიტთან ერთად მყესის ირგვლივ არსებული დამცავი საფრის (მყესის ბუდე) ანთებაა.

  • მყესები ზოგჯერ შეშუპებული და მტკივნეულია, განსაკუთრებით მოძრაობის დროს;

  • დიაგნოზი სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგების მიხედვით ისმება;

  • ეფექტურია: ფიქსატორის გამოყენება, სითბოს ან ცივი აპლიკაცია და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება.

მყესები ფიბროზული ბოჭკოებისაგან წარმოქმნილი მტკიცე ქსოვილია, რომლებიც კუნთებს ძვლებთან აკავშირებს. ზოგი მყესი გარშემოვლებულია მყესის ბუდით.

ტენდინიტი, ჩვეულებრივი საშუალო ან უფროს ასაკში ვითარდება, რადგან ისინი შედარებით დასუსტებული და დაზიანებისა და ანთებისადმი მიდრეკილი ხდება. (მყესის დასუსტებას ტენდინოპათია ეწოდება და ჩვეულებრივ დროთა განმავლობაში განვითარებული, მრავლობითი, მცირე ტრავმული დაზიანების შედეგია.) ტენდინიტი ახალგაზრდა პირებს შორის შეიძლება განვითარდეს ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის (მოსალოდნელია როტატორული მანჟეტის ტენდინიტის განვითარება) ან განმეორებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

ზოგი მყესი განსაკუთრებით მიდრეკილია ანთებითი პროცესის განვითარებისადმი:

  • მხრის მყესები (როტატორის მანჟეტი): აღნიშნული მყესების ანთება მხრის ტკივილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია;

  • მყესები, რომლებიც ცერს განიზიდავენ მტევნიდან: აღნიშნული მყესების ანთებას დე ქერვენის სინდრომი ეწოდება;

  • მომხრელი მყესები, რომლებიც თითების მუშტად შეკვრას უზრუნველყოფენ: ანთება იწვევს მყესის ბუდეში მოძრაობის შეფერხებას და თითქოს ჩავარდნის შეგრძნებას (კაუჭისებრი თითი;

  • მხრის ორთავა კუნთის ზემოთ მდებარე მყესები (ორთავა კუნთის მყესი): ტკივილი ვითარდება იდაყვის მოხრის, წინამხრის აწევის ან მობრუნებისას;

  • აქილევსის მყესი ქუსლის არეში;

  • მყესი, რომელიც ტერფის გასწვრივ გრძელდება;

  • ბარძაყის ძვალთან (ციბრუტებთან) ახლომდებარე მყესები: ვინაიდან ამ დროს სინოვიური ჩანთებიც შეიძლება დაზიანდეს, ხშირად გამოიყენება ტერმინი ტროხანტერული ბურსიტი, რომელიც აღნიშნული მყესების ანთებასაც გულისხმობს.

სახსრების ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროზი, პოდაგრა, დიაბეტი და რეაქტიული ართრიტები (ძველად რეიტერის სინდრომი ეწოდებოდა) – ტენოსინოვიტის განვითარებას იწვევს. გონორეის შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალებს შორის, გონოკოკურმა ინფექციამ შეიძლება ტენოსინოვიტი გამოიწვიოს, რომელიც ძირითადად მხრის, მაჯის, თითების, ბარძაყების, კოჭის ან ტერფის ქსოვილებს აზიანებს.

სიმპტომები

ანთებადი მყესები მოძრაობის ან ზეწოლის დროს მტკივნეულია. ტენდინიტის სიმძიმიდან გამომდინარე, სახსრის ახლოს მყესის მოძრაობა, თუნდაც მცირედით, შეიძლება ტკივილს იწვევდეს. ზოგჯერ მყესი ან მისი ბუდე შუპდება და შეხებით ტემპერატურა მომატებულია.

თუ ტენდინიტი ხანგრძლივად გრძელდება, შესაძლებელია კალციუმის ჩალაგება. ხშირად ზიანდება მხრის სახსრის ირგვლივი არე. ტკივილთან ერთად მხარი შეიძლება დაჭიმული და დასუსტებული იყოს. მოძრაობის დროს შესაძლებელია დამახასიათებელი ხმიანობა ან სახსრის გაშეშება.

დიაგნოზი

ექიმები ტენდინიტის დიაგნოზს სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. ზოგჯერ ინფორმატულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან ულტრასონოგრაფიული კვლევა.

მკურნალობა

ხშირად ეფექტურია: მოსვენება, იმობილიზაცია ფიქსატორის ან თაბაშირის ნახვევის გამოყენებით, სითბოს ან სიცივის აპლიკაცია. ტკივილსა და ანთებას ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) 7-10 დღით.

ზოგჯერ კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა ბეტამეტაზონი, მეთილპრედნიზოლონი ან ტრიამცინოლონი) და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები (როგორიცაა ლიდოკაინი) ინექციით შეჰყავთ მყესის ბუდეში. იშვიათად, ინექციიდან რამდენიმე საათში ვითარდება ტკივილი, რადგან კორტიკოსტეროიდი დროებით წარმოქმნის კრისტალებს სახსარსა ან მყესის ბუდეში. ტკივილი გრძელდება 24 საათზე ნაკლები დროით და შეიძლება შემსუბუქდეს ცივი კომპრესით და ტკივილგამაყუჩებლებით.

მიზეზის მიხედვით, შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება. მაგალითად, თუ მიზეზი პოდაგრაა, ინიშნება ინდომეტაცინი ან კოლხიცინი.

ანთებითი პროცესის გაკონტროლების შემდეგ, სავარჯიშოები მოძრაობის სიფართის გაზრდის მიზნით დღეში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს.

ქრონიკული, მუდმივი ტენდინიტის, როგორიც რევმატოიდული ართრიტის დროს ვითარდება, მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით ანთებადი ქსოვილების მოცილებით და შემდეგ ფიზიკური თერაპიით. ზოგჯერ ხანგრძლივი ტენდინიტის შემდეგ საჭიროა ქირურგიული ჩარევა მხრის სახსრის ირგვლივი მიდამოდან კალციუმის დეპოზიტების მოსაცილებლად.

დე ქერვენის სინდრომი

დე ქერვენის სინდრომი (მრეცხავი ქალების დაავადება) ცერის გარე მიმართულებით მამოძრავებელი მყესების და მყესის ბუდის ანთება და შეშუპებაა.

დაავადება, ჩვეულებრივ, თავს იჩენს მაჯის განმეორებადი მოძრაობის შესრულების შემდეგ, განსაკუთრებით გადატრიალების დროს (მაგალითად, სარეცხის წურვა). ხშირად უვითარდებათ ახალბედა დედებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ხშირად აჰყავთ ჩვილი ხელში მაჯის უპირატესი დატვირთვით.

ძირითადი სიმპტომია ტკივილი მაჯის არეში ცერის მხარეზე, ცერის არეში და მის ფუძესთან, რომელიც მოძრაობასთან დაკავშირებით უარესდება. შეხებით მტკივნეულია ცერის ფუძის მიდამო, მაჯის მიმდებარედ.

ექიმები დიაგნოზს სვამენ მაჯის არეში, ცერის მხარეზე მყესების მტკივნეულობის გამოვლენით, რომელსაც, ჩვეულებრივ თან ახლავს შეშუპება.

დედებს აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილება შეუძლიათ, თუ ბავშვის ხელში აყვანისას მაჯა გამართულია და ძირითადად წინამხარი დაიტვირთება.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი მოძრაობა, რომელიც ტკივილს იწვევს. სიმპტომების შემსუბუქებაში ეხმარება კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექცია და ფიქსატორი. ზოგჯერ, საჭირო ხდება 1 ან 2 დამატებითი ინექცია, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით.

როტატორული მანჟეტის ტენდინიტი

ტენდინიტის განვითარება შესაძლებელია მხრის კუნთის მყესებში, რომლებიც უზრუნველყოფს მხრის მოძრაობას, როტაციას და ნორმალური მდებარეობის შენარჩუნებას (როტატორული მანჟეტი).

როტატორული მანჟეტის ტენდინიტი მხრის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილი ვლინდება ხელის აწევისას (განსაკუთრებით 40-დან 120º-მდე კუთხით) ან ტანსაცმლის ჩაცმის დროს. ხშირად ტკივილი ვითარდება ღამით, განსაკუთრებით დაავადებულ მხარეზე წოლისას.

სიმპტომები შეიძლება უეცრად განვითარდეს და მძიმედ იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის შემდეგ ან შესაძლებელია თანდათანობით განვითარება და მსუბუქი მიმდინარეობა.

მკურნალობის მიზნით გამოიყენება სპეციალური სავარჯიშოების შესრულება, აასს-ები და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექცია.