1. დაძაბულობის თავის ტკივილი
  2. თავის ტკივილი
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
დაძაბულობის თავის ტკივილი

დაძაბულობის თავის ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და თავზე მოჭერის შეგრძნებით ვლინდება.

  • იგი შეიძლება თავის ან კისრის სხვა ნაწილების ტკივილმაც გამოიწვიოს;

  • თავის ტკივილი თვეში რამდენიმეჯერ ან ხშირად ვითარდება;

  • დიაგნოზი სიმპტომებსა და გასინჯვის შედეგებს ეფუძნება, მაგრამ ზოგჯერ გამოსახულებითი კვლევებიც საჭიროა, რათა სხვა დაავადებები გამოირიცხოს;

  • ეფექტიანია ტკივილგამაყუჩებლები და ზოგი შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება, რელაქსაციისა და სტრესთან გამკლავების მეთოდები.

ბევრ ადამიანს აქვს ზოგჯერ დაძაბულობის თავის ტკივილი. მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ტკივილის ზღურბლის დაქვეითებასთან. შესაძლოა სტრესიც იყოს გამომწვევი ფაქტორი, თუმცა, ბოლომდე დადგენილი არ არის, როგორ და სიმპტომების ახსნა მხოლოდ ამით არ შეიძლება. სხვა პრობლემებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი თავის ტკივილს ან გამოიწვიოს იგი, მაგალითად, ძილის დარღვევებმა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებამ, კისრის ტკივილმა ან თვალების დაძაბვამ.

სიმპტომები

დაძაბულობის ტკივილის დროს პაციენტები ჩივიან, რომ ქალაზე შემოჭერის გრძნობა აქვთ და მთელი თავი სტკივათ. ეს პრობლემა შეიძლება ეპიზოდურად გამოვლინდეს ან ქრონიკულად იყოს.

ეპიზოდური თავის ტკივილი თვეში 15 დღეზე მეტი სიხშირით არ აქვს ადამიანს, მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე. ტკივილი, როგორც წესი, იწყება გაღვიძებიდან რამდენიმე საათში და ძლიერდება დღის განმავლობაში. პაციენტს იშვიათად აღვიძებს ეს შეგრძნება.

ქრონიკული თავის ტკივილი თვეში 15 დღეზე მეტი დროის განმავლობაში აწუხებს ადამიანს. ტკივილი დროთა განმავლობაში ძლიერდება. დღის მანძილზე ტკივილის ინტენსივობა იცვლება, მაგრამ გაყუჩებით თითქმის არასდროს ყუჩდება.

შაკიკისგან განსხვავებით, დაძაბულობის თავის ტკივილს თან არ ახლავს გულისრევა და ღებინება, არ უარესდება ჩვეული საქმიანობით, სინათლის, ხმაურის ან სუნის მოქმედებით.

შაკიკის ზოგი მსუბუქი სახეობა მიაგავს დაძაბულობის თავის ტკივილს.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის მიერ ტკივილის აღწერასა და გასინჯვის შედეგებს. ექიმი ასევე ინტერესდება, რამე სხვა პრობლემაც ხომ არ არსებობს, რაც შესაძლოა მისი მიზეზი იყოს.

დიაგნოზის დადასტურება სპეციფიკური კვლევებით შეუძლებელია. ზოგჯერ თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება, რათა სხვა დაავადებები გამოირიცხოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავის ტკივილები ცოტა ხნის წინ დაეწყო პაციენტს.

მკურნალობა

მსუბუქი და საშუალო სიძლიერის დაძაბულობის თავის ტკივილისთვის, როგორც წესი, ეფექტიანია თითქმის ყველა ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგ. ასპირინი, აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. მტკივნეული ადგილის მასაჟიც შეიძლება დაეხმაროს ზოგს. ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის ტკივილი დროდადრო აქვთ, ექიმს არ მიმართავენ.

ძლიერი ტკივილის დროს სხვა გამაყუჩებლები შეიძლება გახდეს საჭირო, რომელთაც რეცეპტი ესაჭიროებათ, მაგ. ოპიოიდები (ნარკოტიკები) – კოდეინი ან ოქსიკოდონი.

ზოგ პაციენტში კოფეინი, თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებებში შემავალი ნივთიერება, აძლიერებს გამაყუჩებელ მოქმედებას. თუმცა, ამ მედიკამენტების, თავად კოფეინის (წამლების ან მისი შემცველი სასმელების სახით) და ოპიოიდების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება ყოველდღიური თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამას მედიკამენტების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილი ეწოდება და ვითარდება ან უარესდება მაშინ, როცა წამლების მიღება უეცრად წყდება.

თუკი დაძაბულობის თავის ტკივილი ქრონიკულია, ზოგჯერ კარგი ეფექტი აქვს შაკიკის საწინააღმდეგო ზოგ საშუალებას, განსაკუთრებით ამიტრიპტილინს (ტრიციკლური ანდიტეპრესანტი).

ზოგ პაციენტს ეხმარება ქცევითი და ფსიქოლოგიური მეთოდები, როგორიცაა მოდუნება და სტრესთან გამკლავება.