შაკიკი | მკურნალი.გე
  1. შაკიკი
  2. დაძაბულობის თავის ტკივილი
  3. თავის ტკივილი
  4. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
შაკიკი

შაკიკის დროს ვითარდება მოპულსირე, მფეთქავი თავის ტკივილი, რომელიც საშუალო სიმძიმის ან ძლიერია. პაციენტს შესაძლოა თავი ცალ ან ორივე მხარეს სტკიოდეს. საქმიანობა, შუქი, ხმაური და სუნი აუარესებს მას. ამასთანავე, ვლინდება გულისრევა, ღებინება, მომატებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაზე.

  • შაკიკის შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს უძილობამ, ამინდის შეცვლამ, შიმშილმა, გრძნობათა ორგანოების ჭარბმა გაღიზიანებამ, სტრესმა ან სხვა ფაქტორებმა;

  • დიაგნოზი დამახასიათებელი სიმპტომების არსებობას ემყარება;

  • შაკიკი არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით შეიძლება მისი გაკონტროლება: განვითარების ან გაუარესების თავიდან აცილება, ტკივილის გაყუჩება.

შაკიკი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, მაგრამ უფრო ხშირია მოზარდობისას და ზრდასრულობის ადრეულ პერიოდში. შემთხვევათა უმრავლესობაში თავის ტკივილი პერიოდულად მეორდება (თვეში 15 დღეზე ნაკლები სიხშირით). 50 წლის ზემოთ შაკიკის სიძლიერე მნიშვნელოვნად მცირდება ან იგი საერთოდ ქრება. ეს დაავადება ქალებში სამჯერ უფრო ხშირია. აშშ-ში ქალთა 18%-სა და მამაკაცთა 6%-ს, წლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს შაკიკის შეტევა.დაავადება შეიძლება ქრონიკულიც იყოს. ამ შემთხვევაში თავის ტკივილი თვეში 15-ზე მეტი დღის განმავლობაში აწუხებს ადამიანს. ეს ხშირად ვითარდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჭარბად გამოყენების დროს.

შაკიკს ოჯახურად გადაცემაც ახასიათებს. პაციენტთა დაახლოებით ნახევარს ჰყავს ახლო ნათესავი, რომელსაც ასევე აღენიშნება ეს დაავადება.

მიზეზები

შაკიკი ვითარდება იმ ადამიანებში, რომელთაც სხვებზე უფრო მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. ამ დროს ტვინში ნერვული უჯრედები უფრო ადვილად აიგზნება და ელექტრულ იმპულსებს წარმოქმნის. ეს ელექტრული აქტივობა შემდეგ ვრცელდება და დროებით არღვევს მხედველობას, მგრძნობელობას, წონასწორობას, კუნთთა კოორდინაციასა და მეტყველებას. ამ ფუნქციების მოშლის გამო თავის ტკივილის დაწყებამდე სპეციფიკური სიმპტომები წარმოიქმნება (ე.წ. აურა). ტკივილი იწყება, როცა თავის ტვინის მე-5 წყვილი (სამწვერა) ნერვი ღიზიანდება. მისი საშუალებით იმპულსები (მათ შორის ტკივილისაც) თვალებიდან, სკალპიდან, შუბლიდან, ზედა ქუთუთოებიდან და პირიდან ტვინისკენ იგზავნება. აგზნებულმა ნერვმა შესაძლოა გამოყოს ნივთიერებები, რომლებიც თავის ტვინის (ცერებრული) სისხლძარღვებისა და მფარავი გარსების მტკივნეულ ანთებას იწვევს. სწორედ ეს ანთებაა მფეთქავი თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სინათლესა და ხმაზე მგრძნობელობის მომატების გამომწვევი.

შაკიკის ერთი იშვიათი ფორმა, ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი, 1-ელ, მე-2 და მე-19 ქრომოსომებზე არსებულ გენეტიკურ დეფექტთანაა დაკავშირებული. გენების როლი ამ დაავადების სხვა, უფრო გავრცელებული ფორმების განვითარებაში, ჯერჯერობით კვლევის საგანია.

ესტროგენს, მთავარ "ქალურ" ჰორმონს, როგორც ჩანს, შეუძლია, შაკიკის შეტევები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ამით აიხსნება, რატომაა დაავადება უფრო ხშირი ქალბატონებში. მოზარდობისას (როცა ესტროგენის რაოდენობა იზრდება) შაკიკი ბევრად უფრო ხშირია გოგონებში, ვიდრე ვაჟებში. ზოგ ქალს შეტევები ზუსტად მენსტრუაციის წინ, მის დროს ან შემდეგ აქვს. მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად (როცა ესტროგენის დონე არასტაბილურია) შაკიკის გაკონტროლება კიდევ უფრო რთული ხდება. ესტროგენის შემცველმა ჩასახვის საწინააღმდეგო ორალურმა საშუალებებმა და ესტროგენულმა თერაპიამ შესაძლოა გააუარესოს შაკიკის მიმდინარეობა და გაზარდოს ინსულტის რისკი აურის მქონე ქალებში. შეტევა შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს:

  • ძილის ნაკლებობამ, უძილობამ

  • ამინდის, განსაკუთრებით კი ატმოსფერული წნევის ცვლილებამ

  • წითელმა ღვინომ

  • ზოგმა საკვებმა

  • შიმშილმა (საუზმის, სადილის, ვახშმის გამოტოვებამ)

  • გრძნობათა ორგანოების ჭარბმა სტიმულაციამ (მოციმციმე სინათლე, მძაფრი სუნი)

  • სტრესმა

თავის ტრავმა, კისრის ტკივილი ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებაც იწვევს ზოგჯერ შაკიკის შეტევას ან აუარესებს მას.

სიმპტომები

შაკიკის დროს მოპულსირე ან მფეთქავი ტკივილი, როგორც წესი, თავის ცალ მხარეს იგრძნობა, თუმცა შეიძლება ორივე ნახევარში იყოს. ტკივილი ზოგჯერ საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ ხშირად ძლიერი და აუტანელია. მას კიდევ უფრო ამძაფრებს საქმიანობა, სინათლე, ხმა ან სუნი. მომატებული მგრძნობელობის გამო ადამიანები ბნელ ოთახში, სიჩუმეში არჩევენ წოლას, სანამ ტკივილი არ გაყუჩდება. ამ დროს ხშირად ასევე ვლინდება გულისრევა, ზოგჯერ ღებინებაც. ძალიან ძლიერი შეტევები შეიძლება ხელის შემშლელი იყოს ოჯახსა და სამსახურში.

პაციენტებს ხშირად სპეციფიკური შეგრძნებები აქვთ, რაც აფრთხილებს მათ, რომ მალე შეტევა დაიწყება. ამას პროდრომი ეწოდება და მოიცავს: განწყობის ცვლილებას, უმადობასა და გულისრევას.

ადამიანთა 25%-ში შაკიკს წინ აურა უძღვის. იგი გამოიხატება მხედველობის, მგრძნობელობის, წონასწორობის, კუნთთა კოორდინაციის ან მეტყველების დროებით, შექცევად დარღვევაში. პაციენტი შესაძლოა ხედავდეს სინათლეს ტეხილი ხაზების, ბრჭყვიალის, ციმციმის სახით ან გაჩნდეს ბრმა ლაქები ნათელი კიდეებით. უფრო იშვიათად ადამიანებს აქვთ ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე ხელში, ფეხში ან მეტყველების გაძნელება. აურა რამდენიმე წუთი ან ერთი საათი გრძელდება შეტევამდე და შესაძლოა თავის ტკივილის დაწყების მერეც დარჩეს. ზოგ პაციენტს აურა აქვს, მაგრამ ტკივილი შემდეგ ძალიან მსუბუქია, მიაგავს დაძაბულობის თავის ტკივილს ან საერთოდ არ არის.

შაკიკის შეტევა შესაძლოა საათები ან რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს (როგორც წესი, 4 საათიდან 3 დღემდე). ხშირად იგი მსუბუქდება ძილის დროს. ზოგჯერ შეტევები ხშირად მეორდება დიდი ხნის მანძილზე, შემდეგ კი კვირები, თვეები ან წლებიც კი აღარ აწუხებს ადამიანს.

დიაგნოზი

ექიმები შაკიკის დიაგნოზს სვამენ, როცა სიმპტომები დამახასიათებელია და გასინჯვით (ნევროლოგიური გასინჯვითაც) ყველაფერი ნორმაშია.

დიაგნოზის დადასტურება რაიმე სხვა კვლევით შეუძლებელია. თუკი შეტევები ცოტა ხნის წინ დაიწყო ან სიმპტომთა თავისებურებები შეიცვალა, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება დაინიშნოს სხვა დაავადებების გამოსარიცხად. მაგალითად, გამოსახულებითი კვლევა საჭიროა იმის დასადგენად, ინსულტი ხომ არაა მოხუცებში აურის გამომწვევი, განსაკუთრებით, თუ თავის ტკივილი მსუბუქია ან არც ვითარდება.

პრევენცია

როცა მკურნალობით ვერ ხერხდება ხშირი ან აუტანელი ტკივილების თავიდან აცილება, მედიკამენტების ყოველდღიური მიღება შესაძლოა ეფექტიანი იყოს შაკიკის პრევენციისთვის. ეს წამლები ასევე გამოსადეგია იმ პაციენტებში, რომლებიც შაკიკის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებს ზედმეტად ხშირად იღებენ და საჭიროა ამის გამოსწორება.

ბეტა-ბლოკერები, მაგ. პროპანოლოლი, აქტიურად გამოიყენება. ეფექტიანია ანტიკონვულსანტები: ტოპირამატი და დივალპროექსი, ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტი ამიტრიპტილინი. პრევენციული მედიკამენტის არჩევა დამოკიდებულია მის გვერდით მოვლენებსა და სხვა, არსებულ დაავადებებზე. მაგალითად, ჭარბი წონის მქონე პაციენტებს შეიძლება ტოპირამატი დაენიშნოს, რაც წონაში კლებას იწვევს ხოლმე. დეპრესიის ან უძილობის შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა ამიტრიპტილინი აარჩიოს.

მკურნალობა

შაკიკი არ იკურნება, მაგრამ მისი გაკონტროლება შესაძლებელია.

ექიმები სთხოვენ პაციენტებს, აწარმოონ ე.წ. "შაკიკის დღიური", სადაც იწერება, რამდენჯერ და როდის განვითარდა შეტევა, რამ გამოიწვია იგი, რა ეფექტი ჰქონდა მკურნალობას. ამ ინფორმაციის მეშვეობით ზოგჯერ გამომწვევი ფაქტორები დგინდება და პაციენტი უნდა ეცადოს, თავიდან აიცილოს ისინი, თუკი შესაძლებელია. ასევე, ექიმისთვის ადვილდება მკურნალობის დაგეგმვა და შეცვლა საჭიროების მიხედვით. ქცევითი მეთოდები (მოდუნება, ბიოუკუკავშირი, სტრესთან გამკლავება) ასევე გამოიყენება შაკიკის შეტევების საკონტროლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესია მიზეზი ან პაციენტი ისედაც ბევრ მედიკამენტს სვამს მათ გამო.

ზოგი საშუალება აფერხებს დაავადების გაღრმავებას, ზოგი ტკივილს აყუჩებს, ზოგი კი – შეტევების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

როცა შაკიკი უფრო ძლიერი ხდება, მისი პროგრესირების შემაჩერებელი მედიკამენტები ინიშნება. ადამიანი მაშინვე იღებს მათ, როგორც კი იგრძნობს, რომ შეტევა ახლოვდება. ამ საშუალებებიდან აღსანიშნავია:

  • ტრიპტანები (5-ჰიდროქსიტრიპტამინის ანუ სეროტონინის აგონისტები) – მოქმედებენ იქ, საიდანაც უშუალოდ წარმოიშობა შაკიკის სიმპტომები. ისინი უკავშირდებიან თავის ტვინის გარსებისა და სისხლძარღვების ნერვების მასტიმულირებელ რეცეპტორებს. ტრიპტანები ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როცა შეტევის დაწყებისთანავე მიიღება. ისინი არსებობს დასალევი, საინჰალაციო ან კანქვეშ საინექციო ფორმით.

  • დიჰიდროერგოტამინი გამოიყენება შაკიკის ძლიერი, მუდმივი ტკივილების დროს.

  • პროქლორპერაზინი ღებინების საწინააღმდეგო საშუალებაა და მაშინ ინიშნება, როცა პაციენტი ვერ იტანს ტრიპტანებსა და დიჰიდროერგოტამინს.

იმის გამო, რომ ტრიპტანები და დიჰიდროერგოტამინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, მათი დანიშვა არ არის რეკომენდებული სტენოკარდიის, გულის მკვებავი არტერიების დაავადების ან არაკონტოლირებული მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის. თუკი პაციენტი მოხუცია ან გულის მკვებავი არტერიების დაავადების რისკი მაღალია, მედიკამენტები სიფრთხილით და მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვებით ინიშნება.

თუკი შაკიკის შეტევას ხშირად ახლავს თან გულისრევა, პაციენტმა შესაძლოა ამის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიემეტიკი მიიღოს. ზოგჯერ მარტო ესეც კი აჩერებს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის შეტევის პროგრესირებას.

ნაკლებად მძიმე შაკიკის დროს ეფექტიანია ხოლმე ტკივილგამაყუჩებლები კოფეინით ან მის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია ეს საშუალებები მიიღოს ტრიპტანთან ერთად ან მის ნაცვლად.

ამ მედიკამენტებისა და კოფეინის (ტკივილგამაყუჩებელი წამლების, კოფეინის შემცველი სასმელების სახით), ასევე ტრიპტანების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო ძლიერი შეტევების ყოველდღიური განვითარება. ამას მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი ეწოდება და იმ შემთხვევაში ვლინდება, როცა პაციენტი მათ კვირაში 2 ან 3 დღეზე მეტჯერ იღებს. წამლის მიღების გამოტოვებამ, დაგვიანებამ ან დოზის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ან გააუარესოს შაკიკის შეტევა.

როცა სხვა არანაირი მკურნალობა არ არის ეფექტიანი, მძიმე შაკიკის მქონე პაციენტს შესაძლოა ოპიოიდი დაენიშნოს. ეს მედიკამენტები მკურნალობის საბოლოო ვარიანტია.