1. თავბრუხვევა (თავბრუხვევა და ვერტიგო)
  2. თავბრუხვევა და ვერტიგო
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავბრუხვევა (თავბრუხვევა და ვერტიგო)

  • თავბრუხვევა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა ან დაავადებამ, რომელიც აზიანებს სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაში ჩართული მრავალი ორგანოდან ნებისმიერს (მაგ. შიგნითა ყურს ან თვალებს);

  • პაციენტის მიერ სიმპტომის აღწერითა და გასინჯვის შედეგებით ექიმმა რომელიმე დარღვევაზე შეიძლება მიიტანოს ეჭვი და დანიშნოს შესაბამისი კვლევები;

  • მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე და შესაძლოა მიზნად ისახავდეს თანმხლები სიმპტომების შემსუბუქებასაც.

ექიმთან მისულ ადამიანთა 5-6%-ის ჩივილი თავბრუხვევაა. ეს პრობლემა უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. 40 წლის შემდეგ ადამიანთა 40%-ს ოდესმე მაინც აქვს თავბრუხვევა. ამან ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, განსაკუთრებით ზუსტი ან სახიფათო მოქმედების შესრულებისას, მაგ. მანქანის ან მძიმე ტექნიკის მართვისას. თუკი ადამიანს თავბრუხვევა ხანგრძლივად აქვს ან ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

თავბრუხვევის კლასიფიკაცია შემდეგნაირად ხდება:

  • გულის წასვლის ან თავში სიმსუბუქის შეგრძნება

  • წონასწორობის დაკარგვა

  • ვერტიგო

  • მათი კომბინაცია

  • არც ერთი მათგანი

თავბრუხვევა შესაძლოა დროებითი ან ქრონიკული იყოს. პრობლემა ქრონიკულია, როცა იგი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება. ეს უფრო ხშირია უფროსი ასაკის ხალხში. ქრონიკული თავბრუხვევის კლასიფიცირება ხშირად რთულია, რადგან მას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეგრძნებებიც განსხვავებულია. მაგალითად, ზოგჯერ ადამიანს თავში სიმსუბუქის გრძნობა აქვს, ზოგჯერ კი ვერტიგო.

მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ თავბრუხვევა საკმაოდ შემაწუხებელია და ზოგჯერ შესაძლებლობების შემზღუდველიც კი, შემთხვევათა მხოლოდ 5%-ია სერიოზული დაავადებით გამოწვეული. მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, რადგან წონასწორობის შენარჩუნებაში ორგანიზმის მრავალი ნაწილია ჩართული. მათ შორისაა: შიგნითა ყური, თვალები (უზრუნველყოფენ წონასწორობის დასაცავად საჭირო მხედველობით ინფორმაციას), კუნთები და სახსრები, თავის ტვინი (ძირითადად ტვინის ღერო და ნათხემი) და ამ ორგანოების დამაკავშირებელი ნერვები.

თავბრუხვევის ყველა სახეს, როგორც წესი, თავისი მიზეზი აქვს. მაგალითად, გულის წასვლის და თავში სიმსუბუქის შეგრძნება შესაძლოა არტერიული წნევის სწრაფად დაცემით იყოს გამოწვეული ან სხვა დარღვევით, რომლის გამოც ტვინს სისხლი საკმარისად არ მიეწოდება. ზოგიერთი ამ დაავადების დროს შესაძლოა გული ვერ ტუმბავდეს საჭირო რაოდენობით სისხლს ტვინისკენ ან ამ ორგანოს არტერიები იყოს შევიწროებული, დახშული.

წონასწორობის დაკარგვა შეიძლება მხედველობის დარღვევამ გამოიწვიოს, რადგან ტვინს ვიზუალური ინფორმაციაც სჭირდება მის შესანარჩუნებლად. წონასწორობის დარღვევის მიზეზი ჩონჩხ-კუნთოვანი დაავადებებიც შეიძლება იყოს, რომელთა დროსაც კუნთები სუსტდება და სიარული ძნელდება. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (მაგ. ანტიკონვულსანტები, სედაციური საშუალებები) და შიგნითა ყურის დაავადებები.

დიაგნოზი

თავბრუხვევის მკურნალობამდე საჭიროა მისი სახისა და მიზეზის დადგენა. ექიმი სთხოვს პაციენტს, დეტალურად აღწეროს: გულის წასვლის გრძნობა აქვს, თავში სიმსუბუქის თუ წონასწორობის დაკარგვის; ხომ არ აქვს შეგრძნება, რომ თავად ან გარშემო საგნები მოძრაობს ან ტრიალებს (ვერტიგო); თავბრუხვევა სხვანაირად ხომ არ ვლინდება. ექიმი ასევე დაინტერესდება, როდის დაიწყო ეს პრობლემა, რამდენი ხანია რაც არსებობს, რა იწვევს მას ან ამსუბუქებს, სხვა სიმპტომები ხომ არ ახლავს თან: თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), მხედველობის დაქვეითება, სისუსტე ან სიარულის გაძნელება. ასეთი დეტალების მეშვეობით შესაძლოა თავბრუხვევის წარმოშობის, მისი სავარაუდო მიზეზის დადგენა გაადვილდეს.

გასინჯვისას ექიმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავბრუხვევის გამოწვევაა. ამ პრობლემის მიზეზი ხშირადაა ფეხზე ადგომისას არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატული ჰიპოტენზია). შესაბამისად, ექიმი ეცდება, ჰიპოტენზია პაციენტის პოზის ცვლილებით გამოიწვიოს და დაადგინოს, სიმპტომები ვითარდება თუ არა. პაციენტის არტერიული წნევა იზომება 5-10 წუთი წოლის, წამოჯდომისა და წამოდგომის შემდეგ. სპეციალური წამოსაწევი მაგიდა ამ კვლევის უფრო ზუსტად ჩატარების საშუალებას იძლევა. არტერიული წნევის ცვლილება შესაძლოა გაუწყლოებამ გამოიწვიოს, შესაბამისად, ექიმი ეცდება ამ დარღვევის სხვა ნიშნებიც გამოიკვლიოს ან სპეციალურ ანალიზებს დანიშნავს.

ზოგჯერ საჭირო ხდება ვალსალვას მანევრის შესრულება (პაციენტმა მთელი ძალით უნდა ამოისუნთქოს დახურული პირით ან გაიჭინთოს). ამ დროს გულისცემის სიხშირე დროებით მცირდება, შედეგად შესაძლოა თავბრუხვევა განვითარდეს. ზოგჯერ ინიშნება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) ან ჰოლტერის მონიტორინგი გულის რიტმის დარღვევის გამოსავლენად, ექოკარდიოგრაფია, ფიზიკური დატვირთვის ტესტი – გულის მუშაობის შესაფასებლად.

წონასწორობისა და სიარულის შესაფასებლად სხვა რამდენიმე გამოკვლევაც გამოიყენება, მაგ. რომბერგის ტესტი. წონასწორობის უნარის შესამოწმებლად ექიმი სთხოვს პაციენტს, გაიაროს სწორ ხაზზე, ფეხების ზუსტად ერთიმეორის წინ დადგმით.

ზოგჯერ ასევე საჭირო ხდება მხედველობისა და თვალების გამოკვლევა, მათი პათოლოგიური მოძრაობის, მაგ. ნისტაგმის აღმოსაჩენად. როცა ექიმს ეჭვი აქვს ვერტიგოს არსებობაზე, სიმპტომების გამოსაწვევად სპეციალური მეთოდები გამოიყენება. ამასთანავე, ზოგჯერ სმენის გამოკვლევაც აუცილებელია, რათა დადგინდეს, შიგნითა ყურის რაიმე დაავადება ხომ არ აქვს პაციენტს, რაც წონასწორობისა და სმენის მოშლას ერთდროულად იწვევს.

დიაგნოსტიკისთვის სხვა კვლევებიც გამოიყენება: თავის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეს განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როცა ექიმს ეჭვი აქვს, რომ თავის ტვინი სისხლით არასაკმარისად მარაგდება, რაც ინსულტის მსგავს სიმპტომებს იწვევს. ტვინის არტერიების შევიწროების ან დახშობის აღმოჩენა შესაძლებელია კტ-ანგიოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის ან თავის ტვინის ანგიოგრაფიის საშუალებით (ამ უკანასკნელს კათეტერულ ანგიოგრაფიასაც უწოდებენ, რადგან არტერიაში კათეტერის შეყვანა ხდება). კტ-ანგიოგრაფია და მრ-ანგიოგრაფია არაინვაზიურია და, როგორც წესი, ცერებრულ ანგიოგრაფიასთან შედარებით უპირატესობა მათ ენიჭებათ.

როცა სადიაგნოსტიკოდ სხვა მეთოდების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია და თავბრუხვევის რაიმე გამომწვევის პოვნა ვერ ხერხდება, ექიმმა შესაძლოა ფსიქოლოგიური მიზეზის არსებობა იეჭვოს. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლითაც დეპრესია, სომატიზაცია ან სხვა ფსიქოლოგიური დარღვევა დიაგნოსტირდება. მათ გამო ადამიანს შესაძლოა თავში სიმსუბუქის ან არამყარობის შეგრძნება ჰქონდეს. თუკი მიზეზის დადგენა მაინც ვერ ხერხდება, ექიმი პერიოდულად ხელახლა გამოიკვლევს პაციენტს.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. საკმარისი სითხის მიღება ხშირად შველის ორთოსტატულ ჰიპოტენზიას გაუწყლოების დროს. ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული ორთოსტატული ჰიპოტენზიის შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტები გახდეს საჭირო (მაგ. მინერალოკორტიკოიდები და მიდოდრინი). თუკი თავბრუხვევას რომელიმე წამალი იწვევს, იგი უნდა მოიხსნას ან დოზა შემცირდეს. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო (კპპვ) ხშირად მსუბუქდება თავის მიბრუნების მანევრით (ეფლის მანევრი), რომელიც ექიმის კაბინეტში სრულდება (იხ. ილუსტრაცია გვ.730). თუკი სიმპტომები ინსულტის მსგავსია, საჭიროა რისკ-ფაქტორების მკურნალობა, მაგალითად, თრომბოციტების შეწებების საწინააღმდეგო მედიკამენტით, დახშულ არტერიაში სტენტის ჩადგმით ან მისი შუნტირებით.

იმის მიუხედავად, თავბრუხვევის მიზეზი დადგენილია თუ არა, შესაძლოა თანმხლები სიმპტომების (მაგ. გულისრევის) შესამსუბუქებელი ან არტერიული წნევის დაცემის საწინააღმდეგო საშუალებები დაინიშნოს.