1. ვერტიგო
  2. თავბრუხვევა და ვერტიგო
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ვერტიგო

ვერტიგო არის ცრუ შეგრძნება, რომ თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები, ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს. ამას ხშირად ახლავს თან გულისრევა და წონასწორობის დაკარგვა.

  • ვერტიგოს შიგნითა ყურის ან წონასწორობის შენარჩუნებაში ჩართული ტვინის უბნების დაზიანება იწვევს;

  • ტრიალის შეგრძნებასთან ერთად პაციენტს შეიძლება აწუხებდეს წონასწორობის დარღვევა, სმენის ან მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი;

  • ექიმები დიაგნოზს ხშირად აღწერილი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ, მაგრამ დამატებითი კვლევებიცაა საჭირო;

  • ზოგჯერ ვერტიგოს თავიდან აცილება მისი გამომწვევი ქმედებების არიდებით ან მედიკამენტის მიღებით შეიძლება;

  • ვერტიგოსა და გულისრევის შემსუბუქება ზოგიერთ საშუალებას შეუძლია, მაგალითად, სკოპოლამინის კანზე დასაკრავ ფირფიტას.

ვერტიგო, თავბრუხვევის ერთ-ერთი სახე, ისეთივე შეგრძნებას იწვევს, როგორსაც საბავშვო თამაში, როცა რამდენიმე ხნით ადგილზე ტრიალის შემდეგ უცებ ჩერდები და საგნები თითქოს გარშემო ბრუნვას აგრძელებს. თავბრუხვევის შემთხვევათა უმრავლესობა ვერტიგო არ არის.

მიზეზები

ვერტიგო ვითარდება ორგანიზმის იმ ნაწილების დაზიანების გამო, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაში არიან ჩართულნი:

  • შიგნითა ყურის

  • ტვინის ღეროსა და ნათხემის

  • ტვინის ღეროს ნერვების, მათ შორის ნათხემთან დამაკავშირებლებისაც

შიგნითა ყურში სპეციალური სტრუქტურებია მოთავსებული (ნახევარრკალოვანი არხები, მრგვალი და ოვალური პარკები), რომელთა მეშვეობითაც სხეულის მდებარეობა და მოძრაობა შეიგრძნობა. მათგან ინფორმაცია ტვინისკენ მიემართება სმენა-წონასწორობის ნერვით (თავის ტვინის მე-8 წყვილი ნერვი, უზრუნველყოფს სმენასაც). ამ სიგნალების გადამუშავება ევალება ტვინის ღეროს (რომელიც საჭიროების მიხედვით ცვლის სხეულის მდებარეობას) და ნათხემს. ასე ხდება მოძრაობათა კოორდინაცია და წარმოიშობა წონასწორობის შეგრძნება.

შიგნითა ყურის დაავადებები: ყველაზე ხშირად ვერტიგოს მოძრაობის დაავადება იწვევს. ეს ვითარდება ადამიანებში, რომელთა შიგნითა ყურიც მგრძნობიარეა ზოგი სახის მოძრაობის, მაგ. რწევის, უეცარი გაჩერების ან დაძვრის მიმართ.

ვერტიგოს სხვა, ასევე ხშირი მიზეზი შიგნითა ყურის ერთ-ერთ ნახევარრკალოვან არხში კალციუმის ნაწილაკების დაგროვებაა. შედეგად ვითარდება დაავადება – კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო (კპპვ), რომელიც განსაკუთრებით ხშირია მოხუცებში. შეგრძნება ვლინდება თავის ზოგიერთი მიმართულებით მოძრაობისას.

მენიერის დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგოს შეტევები. ვარაუდობენ, რომ მისი მიზეზი შიგნითა ყურში ჭარბი სითხის დაგროვებაა (წყალმანკი). უცნობია, რა იწვევს ამას, მაგრამ შესაძლოა ავტოიმუნური რეაქცია, ალერგია, ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი, შიგნითა ყურის ზოგი სტრუქტურის დახშობა ან ვირუსული ინფექცია იყოს მიზეზი.

სმენა-წონასწორობის ნერვის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგო, სმენის დაქვეითება ან ორივე.

შიგნითა ყურის ან მისი ნერვების სხვა დაავადებათაგან ვერტიგოს მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, მაგ. ვესტიბულური ნევრიტი, ჰერპეს-ზოსტერული ინფექცია, მასტოიდიტი

  • პეჯეტის დაავადება

  • სიმსივნეები, მაგ. სმენის ნერვის

  • ნერვების ანთება

შიგნითა ყურის დაზიანება ზოგ მედიკამენტსაც შეუძლია, მაგალითად, ანტიბიოტიკებს – ამინოგლიკოზიდებს, ასპირინს, ქიმიოთერაპიულ საშუალება ცისპლატინს, სედაციურ მედიკამენტ ფენობარბიტალს, ანტიკონვულსანტ ფენიტოინს, ანტიფსიქოზურ ქლორპრომაზინს ან ზოგიერთ შარდმდენს, მათ შორის ფუროსემიდს. ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გარდამავალი ვერტიგო გამოიწვიოს.

თავის ტვინის დაავადებები: არტერიების მეშვეობით ტვინის ღეროს, ნათხემის ან თავის ტვინის უკანა ნაწილის სისხლით არასაკმარისად მომარაგებამ შესაძლოა ვერტიგო გამოიწვიოს. ამას ვერტებრა-ბაზილარული უკმარისობა ეწოდება, რადგან სწორედ ხერხემლისა და ბაზილარული არტერიებია დაავადებაში ჩართული. თუკი სისხლის მიწოდების უკმარისობა დროებით სიმპტომებს იწვევს, ამას გარდამავალი იშემიური შეტევა ეწოდება, როცა დაზიანება მუდმივი და შეუქცევადია – ინსულტის დიაგნოზი ისმება.

ვერტიგოს ზოგჯერ ტვინის ღეროსა და ნათხემის დამაზიანებელი, შედარებით იშვიათი დაავადებებიც იწვევს, მაგალითად, მრავლობითი სკლეროზი, ქალას ფუძის მოტეხილობა, თავის ტრავმა, გულყრები, ინფექცია და სიმსივნეები ტვინის ფუძეზე ან მახლობლად. ზოგჯერ ვერტიგო შაკიკის შეტევის ნაწილია და შეიძლება ტკივილი არც მოჰყვეს თან.

ხანდახან ამ სიმპტომს ქალასშიდა წნევის უეცარი მომატება იწვევს, რის დროსაც ტვინზე ზეწოლა იზრდება. ასეთი დაავადებებია: კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, ტვინის სიმსივნეები და სისხლდენა ქალაში.

სიმპტომები

ვერტიგოს დროს ადამიანს აქვს საკმაოდ უჩვეულო და არასასიამოვნო შეგრძნება, რომ თავად ის, გარემო ან ორივე ერთად, ტრიალებს. ზოგჯერ პაციენტებს მხოლოდ ცალ მხარეს გადახრის შეგრძნება აქვთ. შედეგად წონასწორობა იკარგება და სიარული ან მანქანის მართვა ძნელდება. ვერტიგოს ხშირად თან ახლავს:

  • ნისტაგმი (თვალების სწრაფი გადახრა ერთ მხარეს და შემდეგ ნელი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში), რაც რამდენიმეჯერ მეორდება

  • გულისრევა და ზოგჯერ ღებინება

ვერტიგო შეიძლება რამდენიმე წამი ან საათები და დღეებიც კი გაგრძელდეს. პაციენტები ხშირად შვებას გრძნობენ დაწოლისას, წყნარად ჯდომისას. თუმცა, შეგრძნება შესაძლოა სრულიად გაუნძრევლად ყოფნის დროსაც ვლინდებოდეს. შიგნითა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგოს (კპპვ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი) სიმპტომები დღეების ან კვირების შემდეგ ქრება, მაშინ, როცა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების დროს (ინსულტი ან მრავლობითი სკლეროზი) კვირები ან თვეებია საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მენიერის დაავადების მქონე პაციენტებს უეცრად ეწყებათ ხოლმე ვერტიგოს ეპიზოდები. თანმხლები სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • ხმაური ყურებში (ტინიტუსი)

  • სმენის პროგრესირებადი დაქვეითება (დაბალი სიხშირის ბგერებზე)

  • დაზიანებულ ყურში სიმძიმის ან ზეწოლის შეგრძნება

  • ხშირად გამოხატული გულისრევა და ღებინება

ვერტიგოს ეპიზოდი გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. თავდაპირველად სმენა ისევ აღდგება, მაგრამ დაავადების გაღრმავებასთან ერთად, ეს პრობლემა რჩება და უარესდება.

შიგნითა ყურის ვირუსული ინფექციის (ვესტიბულური ნევრიტის) მქონე პაციენტებში ვერტიგო უეცრად იწყება და რამდენიმე საათში მძიმდება. გულისრევა შესაძლოა საკმაოდ ძლიერად იყოს გამოხატული. ადამიანები ამ დროს გაუნძრევლად სხედან, რადგან თავის ან თვალების გამოძრავებამაც კი შეიძლება ღებინება გამოიწვიოს. დაავადება, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ალაგდება, მაგრამ ზოგჯერ კვირები ან თვეებიც კი გრძელდება.

თავის ტვინის დაავადებებით, მათ შორის ვერტებრობაზილარული უკმარისობით გამოწვეულ ვერტიგოს შეიძლება თან ახლდეს:

  • თავის ტკივილი

  • მეტყველების გაძნელება

  • მხედველობის გაორება

  • სისუსტე ხელში ან ფეხში

  • მოძრაობის კოორდინაციის მოშლა

  • გონების კარგვა

ვერტიგოს, რომელსაც ქალასშიდა წნევის უეცარი მომატება იწვევს, ზოგჯერ თან ახლავს:

  • თავის ტკივილი

  • მხედველობის დროებითი დაბინდვა

  • ბარბაცი სიარულისას

დიაგნოზი

ექიმი გამოიკითხავს, რა შეგრძნებები აქვს პაციენტს, რა გარემოებებში ვითარდება ისინი. ასევე, საჭიროა წონასწორობისა და სმენის გამოკვლევა.

გასინჯვა: მოწმდება თვალის პათოლოგიური მოძრაობის, მაგ. ნისტაგმის არსებობა. მისი გამოვლენა მიუთითებს, რომ დაზიანებულია შიგნითა ყური ან ტვინის ღეროს ნერვული კავშირები. ექიმი ეცდება, სპეციალურად გამოიწვიოს ნისტაგმი, რადგან ამ დროს თვალის მოძრაობის მიმართულების დადგენა აადვილებს დიაგნოზის დასმას. ამაზე დაკვირვება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. ოფთალმოსკოპით გამოკვლევისას ექიმი უყურებს მხედველობის ნერვის დისკს და შემდეგ ფარავს პაციენტის მეორე თვალს. თუკი დისკი მოძრაობს, ადამიანს ნისტაგმი აქვს. მეორე მეთოდის დროს სპეციალური სათვალეები – ფრენზელის მინები გამოიყენება. ადამიანი მათი გაკეთებისას ბუნდოვნად ხედავს და მზერას ვერაფერზე აფიქსირებს (ნისტაგმი ქრება მზერის ფიქსაციისას), ექიმს კი კარგად შეუძლია დააკვირდეს თვალების მოძრაობას მინებს მიღმა. ზოგჯერ ნისტაგმის დაფიქსირება ელექტროდებით (კანზე დაკრული სენსორებით) შეიძლება, რომლებიც თითოეული თვალის გარშემო თავსდება (ელექტრონისტაგმოგრაფია) ან ვიდეოკამერით, რომელიც ფრენზელის სათვალეზეა დამაგრებული.

ნისტაგმის გამოსაწვევად სხვა სპეციალური მეთოდებიც არსებობს: ყურში მცირე რაოდენობით ყინულივით ცივი წყლის შეყვანა (კალორიული ცდა), 20 წამის მანძილზე თავის სწრაფი გაქნევა აქეთ-იქით (თავის გაქნევის ცდა) და უკანა ნახევარრკალოვანი არხის გაღიზიანება თავის პოზიციის უეცარი შეცვლით (დიქს-ჰოლპიკის მანევრი). ეს უკანასკნელი კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგოს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და იგივეა, რაც ეფლის მანევრის პირველი ნაწილი.

კვლევები: პაციენტთა უმრავლესობაში დამატებითი გამოკვლევები არ არის საჭირო. სხვა შემთხვევაში ინიშნება თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ისეთი დარღვევების გამოსარიცხად, რასაც ასევე შეუძლია ვერტიგოს გამოწვევა. კტ-ზე ზოგჯერ ვლინდება ძვლის დაავადებები, მაგ. ყურის უკან მდებარე ძვლის ინფექცია (მასტოიდიტი), ქალას ფუძის მოტეხილობა, ძვლის სიმსივნური დაზიანება ან პათოლოგიური ძვლოვანი წარმონაქმნები პეჯეტის დაავადების დროს. მრტ-ს მეშვეობით ტვინის ღეროსა და ნერვების უფრო კარგი გამოსახულება მიიღება, ვიდრე კტ-ით.

თუკი ყურის ინფექციაა სავარაუდო, ექიმმა შეიძლება დაგროვილი ჩირქის ან სითხის ნიმუში აიღოს შპრიცით ან ნაცხის წკირით.

თუკი ეჭვი ტვინის ინფექციაზეა, ლუმბალური პუნქცია ინიშნება, რათა ხერხემლიდან თავ-ზურგტვინის სითხის მცირე რაოდენობა გამოიღოს სპეციალისტმა.

მრავლობით სკლეროზზე ეჭვის დროს მრტ კეთდება.

თუ ექიმი ვარაუდობს, რომ ტვინი სისხლით არასაკმარისად მარაგდება, მან შესაძლოა დოპლერული ულტრასონოგრაფია, კტ ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია ან კათეტერული ანგიოგრაფია (რომელიც რენტგენის სხივებს იყენებს) დანიშნოს.

პრევენცია და მკურნალობა

ზოგიერთი დარღვევით გამოწვეული ვერტიგოს თავიდან აცილება შესაძლებელია. მაგალითად, თუკი მიზეზი მოძრაობის დაავადებაა, ადამიანი უნდა მოერიდოს შესაბამის სიტუაციებს (მაგ. ჯდომას ნავში, რომელიც ირწევა). სივრცეში, უძრავ წერტილზე მზერის დაფიქსირებით შესაძლებელია შეტევის თავიდან აცილება ან უკვე დაწყებულის შეჩერება. სკოპოლამინის კანზე დასაკრავი ფირფიტა ზოგჯერ ეფექტიანია მოძრაობის დაავადებით გამოწვეული ვერტიგოს პრევენციისთვისაც და მკურნალობისთვისაც.

ამ სახის თავბრუხვევისა და თანმხლები გულისრევის შემსუბუქება რამდენიმე მედიკამენტს შეუძლია, მათ შორის ციკლიზინს, დიმენჰიდრინატს, დიფენჰიდრამინს, ჰიდროქსიზინს, მეკლიზინსა და პრომეთაზინს. ისინი არსებობს დასასალევი ფორმით. შესაძლოა დაინიშნოს სკოპოლამინის კანზე დასაკრავი ფირფიტაც (ხშირად იკრავენ ყურის უკან). იგი რამდენიმე დღის მანძილზეა ეფექტიანი და შესაძლოა მისი გამოყენება ამჯობინოს ექიმმა, თუკი პაციენტს გულისრევაც აქვს.

როცა ვერტიგო ძალიან მძიმეა და შფოთვას იწვევს, ზოგჯერ სედაციური საშუალებების მიღება ხდება საჭირო. ყველაზე ხშირად ბენზოდიაზეპინები გამოიყენება. მათგან ალპრაზოლამი და ლორაზეპამია რეკომენდებული, განსაკუთრებით მოხუცებისთვის, რადგან ეფექტი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სხვა ბენზოდიაზეპინებისა.

ჩამოთვლილთაგან ყველა მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხში. მოხუცები ყველანაირად უნდა მოერიდონ ამ საშუალებების მიღებას, მაგრამ როცა ვერტიგო მძიმეა და მუდმივი, შესაძლოა მათი გამოყენება მაინც გახდეს საჭირო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სკოპოლამინის კანზე დასაკრავ ფირფიტას ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. მოხუცებში უფრო ხშირად კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო გვხვდება და მისი შემსუბუქება მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია. სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებები ზოგჯერ აგზნებას იწვევს ჩვილებსა და პატარა ბავშვებში. არ შეიძლება მათთვის ამ წამლების მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.