კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო | მკურნალი.გე
  1. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო
  2. თავბრუხვევა და ვერტიგო
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო

კეთილვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო ანუ კპპვ გავრცელებული დარღვევაა, რომელიც ვერტიგოს ხანმოკლე ეპიზოდებს იწვევს თავის პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ დროს შიგნითა ყურის უკანა ნახევარრკალოვანი არხი ღიზიანდება.

  • თავის გამოძრავებისას რამდენიმე წამის განმავლობაში ადამიანს შეგრძნება აქვს, რომ თავად ან გარშემო საგნები ტრიალს იწყებს;

  • შესაძლოა ამას თან ახლდეს გულისრევა, ღებინება და თვალების პათოლოგიური მოძრაობა;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და მათი გამოვლინების გარემოებებს, ასევე გასინჯვის შედეგებს;

  • ეფლის მანევრის ერთხელ ან ორჯერ შესრულება კურნავს დარღვევას ადამიანთა უმრავლესობაში.

ვერტიგო ტრიალის შეგრძნებაა, როცა თითქოს თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები ან ორივე, მოძრაობს ან ბრუნავს.

კპპვ-ს დროს ვერტიგოს, როგორც წესი, თავის გამოძრავება იწვევს – მაგალითად, ბალიშზე გადაბრუნება დილას გაღვიძებისას ან კისრის უკან გადახრა მაღალი თაროს მიწვდენისას. კპპვ ხშირად მაშინ ვითარდება, როცა კალციუმის ნაწილაკები, რომლებიც ნორმაში შიგნითა ყურის მრგვალ და ოვალურ პარკებშია განთავსებული, დაიძვრება და უკანა ნახევარრკალოვან არხში გადაინაცვლებს. შიგნითა ყურში სამი ასეთი არხია, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება სხეულს. უკანა არხი, განსხვავებით წინა და ჰორიზონტალური არხებისგან, ისეა განლაგებული, რომ თავისუფლად მდებარე კალციუმის ნაწილაკების უმრავლესობა სწორედ იქ ხვდება მიზიდულობის ძალის მოქმედებით, ღამით, წოლისას. ნაწილაკების დაგროვება ცარცივით ნალექს ქმნის, რაც შესაძლოა ერთიან მასად ჩამოყალიბდეს და თავის მოძრაობისას არხში არსებული სითხის რხევა კიდევ უფრო გააძლიეროს. შედეგად, უკანა არხის ნერვული რეცეპტორები (ბუსუსებიანი უჯრედები) ჭარბად ღიზიანდება და ტვინს ისეთი ინფორმაცია მიეწოდება, თითქოს თავი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სინამდვილეში. ეს არ შეესაბამება იმ სიგნალებს, რომლებიც ტვინში თვალებიდან და სახსრების პოზის შემგრძნობი რეცეპტორებიდან მიდის. მომხდარი "გაუგებრობა" ვერტიგოს ხანმოკლე ეპიზოდს იწვევს. კალციუმის ნაწილაკები შესაძლოა მრგვალი და ოვალური პარკებიდან ასაკის მატებასთან ერთად დაიძრას. ზოგჯერ ამას ყურის ინფექციები ან ტრავმა, გახანგრძლივებული წოლა, ყურის ოპერაცია, თავის ტრავმა, შიგნითა ყურის არტერიის დახშობა იწვევს.

ამ სახის ვერტიგოს განვითარებამ შესაძლოა საკმაოდ შეაშინოს პაციენტი, მაგრამ, როგორც წესი, იგი უსაფრთხოა და მალევე ქრება თავისით. ტრიალის შეგრძნებას ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ნისტაგმის სპეციფიკური ტიპი (თვალების სწრაფი მოძრაობა ერთი მიმართულებით და შემდეგ ნელი დაბრუნება საწყის პოზიციაში). ვერტიგო იწყება თავის გამოძრავებიდან 5-10 წამის განმავლობაში და ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება. პრობლემა, როგორც წესი, თავისით ქრება კვირების მანძილზე. ზოგჯერ შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და გაუწყლოება გამოიწვიოს გულისრევისა და ღებინების გამო. სმენის გაუარესება ან ხმაური ყურებში (ტინიტუსი) არ ვლინდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოსტიკა ეფუძნება აღწერილ სიმპტომებსა და მათი განვითარების გარემოებებს.

ექიმები გასინჯვისას ხშირად იყენებენ დიქსჰოლპიკის მანევრს, რომელიც აღიზიანებს უკანა ნახევარრკალოვან არხს, იწვევს ტრიალის შეგრძნებასა და ნისტაგმს კპპვ-ს ან სხვა სახის ვერტიგოს მქონე პაციენტებში. ადამიანი ამ დროს გასასინჯ საწოლზე ზის და თავი 45 გრადუსით მარჯვნივ აქვს შებრუნებული. შემდეგ იგი წვება ზურგზე, ისე, რომ თავი კვლავ შებრუნებული იყოს და საწოლიდან დაახლოებით 20 გრადუსის დახრილობით გადაეკიდოს ჰაერში. კპპვ-ს დროს, როგორც წესი, 15-20 წამი გადის ვერტიგოს და ნისტაგმის დაწყებამდე, მაგრამ შესაძლოა პაუზა 30 წამიც იყოს. თავად სიმპტომები 10-30 წამი გრძელდება. ერთ წერტილში მზერის დაფიქსირებამ შესაძლოა შეამციროს ან სულაც გააქროს ნისტაგმი, ამიტომ, იდეალურ შემთხვევაში, მანევრის შესრულებისას პაციენტს ფრენზელის სათვალე უკეთია (რიც გამოც არ შეუძლია რამეზე მზერის დაფიქსირება). კპპვ-ს მქონე პაციენტებში მანევრის რამდენიმეჯერ შესრულების შემდეგ ვერტიგოსა და ნისტაგმის ინტენსივობა ნელ-ნელა მცირდება (ე.წ. შეგუება). თუმცა, ტვინის დამაზიანებელი ბევრად უფრო მძიმე დაავადების, მაგ. ინსულტის ან მრავლობითი სკლეროზის დროს, დიქს-ჰოლპიკის მანევრის შესრულებისას სიმპტომები მაშინვე ვლინდება, ვერტიგო მანამ რჩება, სანამ თავი იმავე პოზიციაშია და განმეორებასთან ერთად შეგუება არ ხდება.

კპპვ-ს მკურნალობა იოლია, ნაწილაკები უბრალოდ უკანა ნახევარრკალოვანი არხიდან პარკებში უნდა გადავიდნენ, სადაც მათი ადგილია. ამისთვის საჭიროა გვერდზე გადაბრუნების სპეციალური მოძრაობის შესრულება, რასაც კანალითების (ნაწილაკების) რეპოზიციის ანუ ეფლის მანევრი ეწოდება. ეს მაშინვე კურნავს ვერტიგოს შემთხვევათა 90%-ში. მოძრაობის გამეორება შველის დამატებით 5%-ს. ზოგ პაციენტში ვერტიგო ხელახლა ვითარდება. ამ შემთხვევაში მანევრის თავიდან შესრულებაა საჭირო. ადამიანს შეუძლია ისწავლოს და სახლშივე გაიმეოროს ეს მოძრაობა, თუკი ვერტიგო ხელახლა დაეწყო. პაციენტთა იმ 5%-ს, რომელსაც მანევრი არ კურნავს, შესაძლოა მედიკამენტები დაენიშნოს. ქირურგიული ჩარევა ძალიან იშვიათადაა საჭირო. ზოგჯერ ნაწილაკები ჰორიზონტალურ არხში გროვდება და ამის გამოსწორება რამდენჯერმე გვერდზე გადაგორებით შეიძლება.