1. უძილობა
  2. ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
უძილობა

უძილობის ანუ ინსომნიის მქონე პაციენტებს უჭირთ ჩაძინება, უწყვეტი ძილის შენარჩუნება ან ცუდი ძილის გამო ვერ ახერხებენ საკმარისად გამოძინებასა და დასვენებას.

  • დღის განმავლობაში მათ აწუხებთ ძილიანობა და ხელი ეშლებათ ჩვეულ საქმიანობაში;

  • დიაგნოზი ეფუძნება ძილის რეჟიმისა და ჩვევების დეტალურ აღწერას, ზოგჯერ ძილის ლაბორატორიაში გამოკვლევას;

  • თუკი შესაძლებელია, მიზეზს მკურნალობენ, მაგალითად ცხოვრების წესის შეცვლით, თუმცა, ზოგჯერ საძილე საშუალებებიც ხდება საჭირო.

ინსომნია, როგორც წესი, სიმპტომია და ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • ძილ-ღვიძილის არეული რეჟიმი;

  • ძილში ხელის შემშლელი ქცევა (მაგ.: კოფეინის შემცველი სასმლის დალევა შუადღისას ან საღამოს, გვიან ვარჯიში);

  • დაავადებები (რომლებიც იწვევენ ტკივილს ან გახშირებულ შარდვას);

  • ზოგი მედიკამენტის მიღება ან მოხსნა;

  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება საღამოს;

  • ემოციური პრობლემები, შფოთვა, სტრესი.

თუმცა, ზოგჯერ ინსომნია თავადაა დაავადება. ზოგ პაციენტს ხანგრძლივად, ქრონიკულად აწუხებს იგი და ვერ ხერხდება რაიმე კონკრეტული მიზეზის მოძებნა.

ჩაძინებისა და უწყვეტი ძილის შენარჩუნების პრობლემები, ადრე გაღვიძების გაძნელება ხშირია მოხუცებშიც და ახალგაზრდებშიც. მოზრდილთა 10%-ს ქრონიკული ინსომნია აქვს, 50%-ს კი – ხანდახან უვლინდება ეს პრობლემა.

ძილის რეჟიმი ირღვევა დაბერებასთან ერთად, ამიტომაც მოხუცებში ინსომნია უფრო ხშირი ჩივილია, ვიდრე ახალგაზრდებში. უფროსი ასაკის ხალხს შედარებით ნაკლები სძინავს ღამით, ეძინებათ დღისით და ხშირად თვლემენ. გამოძინებულობის შეგრძნებას ადამიანს მესამე და მეოთხე ფაზები ანიჭებს, როცა ძილი ყველაზე ღრმაა. ასაკის მატებასთან ერთად ისინი ნელ-ნელა მოკლდება, ბოლოს კი სულაც ქრება. ამასთანავე, მოხუცებს უფრო ხშირად ეღვიძებათ ღამით ყველა ფაზაში. თუმცა, მხოლოდ ეს ცვლილებები არ ნიშნავს, რომ პაციენტს ძილის დარღვევა აქვს. უძილობის რამდენიმე სახე არსებობს:

  • ჩაძინების გაძნელება (ძილის დასაწყისის ინსომნია): ხშირად მაშინ აწუხებთ ადამიანებს, როცა არ შეუძლიათ გონება მოადუნონ, აგრძელებენ ფიქრსა და ნერვიულობას. ზოგჯერ, დაძინების ჩვეულ დროს ორგანიზმი უბრალოდ არ არის მზად ამისთვის, რადგან მისი შინაგანი საათი არ ემთხვევა დედამიწის დღეღამურ ციკლს. ამას დღეღამური რიტმისა და ძილის დარღვევა ეწოდება, ხშირია მოზარდებსა და ზრდასრულებში.

  • უწყვეტი ძილის შენარჩუნების გაძნელება: (ძილის შენარჩუნების ინსომნია) უფრო მეტად მოხუცებს აწუხებთ, ვიდრე ახალგაზრდებს. ჩაძინება ამ დროს იოლია, მაგრამ ადამიანს რამდენიმე საათში ეღვიძება და ვეღარ იძინებს. ზოგჯერ იგი ზედაპირულ, მოუსვენარ ძილ-ღვიძილში გადადის, რაც გამოსაძინებლად არასაკმარისია.

  • დილას ზედმეტად ადრე გაღვიძება: უძილობის ეს სახე შესაძლოა დეპრესიის ნიშანი იყოს ნებისმიერ ასაკში.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომებიდან აღსანიშნავია გაღიზიანებულობა, უგუნებობა დღის მანძილზე და კონცენტრაციის, სტრესის პირობებში მუშაობის გაძნელება.

უძილობის დიაგნოზის დასასმელად ექიმი გამოიკითხავს ძილის თავისებურებებს, ძილისწინა ჩვევებს, სამედიცინო ისტორიას, დაინტერესდება, პაციენტი ხომ არ იღებს რაიმე მედიკამენტს, აკრძალულ ან სხვა ნივთიერებებს (ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო), რამდენად დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, რამდენად აქტიურია ფიზიკურად. შესაძლოა საჭირო გახდეს ძილის დღიურის წარმოება, რომელშიც დეტალურად აღიწერება, როდის იძინებს და იღვიძებს პაციენტი, დღის განმავლობაში სძინავს თუ არა და რა პრობლემები აქვს ძილისას.

ზოგ ადამიანს სხვებზე ნაკლები ძილიც ჰყოფნის, ამიტომ უძილობის დიაგნოზი ინდივიდუალურია.

იმის დასადგენად, რაიმე დაავადება ხომ არ იწვევს ინსომნიას, პაციენტის გასინჯვაა საჭირო. ზოგჯერ, თუკი უძილობა მკურნალობისდა მიუხედავად მაინც რჩება, ექიმი ადამიანს ძილის დარღვევების სპეციალისტთან გადაამისამართებს, რათა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, მაგალითად, პოლისომნოგრაფია. ამ დროს აღინუსხება ტვინის აქტივობა, გულისცემის სიხშირე, სუნთქვა, კუნთების აქტივობა და თვალების მოძრაობა ძილის მდგომარეობაში.

მკურნალობა

უძილობის მკურნალობა მიზეზსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუკი გამომწვევი რაიმე სხვა დარღვევაა, მისი გამოსწორებით შესაძლოა ძილიც გაუმჯობესდეს. პაციენტთა უმრავლესობაში ზოგჯერ ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებიც კი ეფექტიანია, მაგალითად, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ლანჩის შემდეგ კოფეინის მიღებისგან თავის შეკავება.

როცა ძილის დარღვევის გამო ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და ხელი ეშლება ჩვეულ საქმიანობაში, ექიმმა შეიძლება საძილე საშუალებები (ჰიპნოტიკები) დანიშნოს რამდენიმე კვირის მანძილზე. მედიკამენტთა უმრავლესობას რეცეპტი ესაჭიროება, ზოგი კი ისეც გაიცემა აფთიაქში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მიღება უფრო უსაფრთხოა, განსაკურებით კი მოხუცებში. ურეცეპტოდ ხელმისაწვდომი საძილე საშუალებები დიფენჰიდრამინს ან დოქსილამინს შეიცავს. ორივე ანტიჰისტამინური პრეპარატია და შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, მაგალითად, მოთენთილობა ან ზოგჯერ აღელვება, აგზნება, დაცემა და ცნობიერების შეცვლა, განსაკუთრებით მოხუცებში. მათი გამოყენება არ შეიძლება 7-10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. ასეთი მედიკამენტები გამიზნულია დროგამოშვებით, უძილო ღამეების დროს მისაღებად და არა ქრონიკული ინსომნიისთვის, რომელიც რაიმე სერიოზული დარღვევით შეიძლება იყოს გამოწვეული.

თუკი პაციენტს ინსომნია ჭარბი სტრესის გამო აწუხებს, ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობა საუბრით თერაპიაა სპეციალისტთან. ეს მიდგომა ეხმარება ადამიანებს ჩასწვდნენ პრობლემას, ისწავლონ სწორად ძილი და მოიშორონ არასასურველი ფიქრები, მაგ. ნერვიულობა იმაზე, რომ ვერ იძინებენ, ფიქრი მომავალი დღის საქმეებზე. მოხუცებში, რომელთაც უწყვეტი ძილის პრობლემა აქვთ, ზოგჯერ ეფექტიანია ერთსა და იმავე დროს დაძინება, დღის განმავლობაში მზის სინათლეზე დიდხანს ყოფნა, რეგულარული ვარჯიში და რაც შეიძლება ნაკლები ძილი დღისით, რადგან ეს კიდევ უფრო ართულებს ღამით დაძინებას. ბევრ მოხუც ადამიანს სულაც არ სჭირდება საძილე საშუალებების მიღება. მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამ მედიკამენტებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს და სიფრთხილეა საჭირო.

ინსომნიისა და დეპრესიის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია და დეპრესიის მკურნალობაა აუცილებელი. ეს ხშირად ძილსაც აუმჯობესებს, მაგრამ თავად ზოგ ანტიდეპრესანტსაც შეუძლია უძილობის გამოსწორება, რადგან მათ სედაციური, დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. როგორც წესი, ანტიდეპრესანტი შველის დეპრესიას, მაგრამ არ აუმჯობესებს ძილს. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა საძილე საშუალებაც დანიშნოს.

ინსომნიის სამკურნალოდ ზოგჯერ მელატონინი გამოიყენება, განსაკუთრებით კი მოხუცებში, რომელთა ორგანიზმშიც დაბალია ამ ნივთიერების რაოდენობა. თუმცა, მისი დანიშვნის მიზანშეწონილობა საკამათოა. როგორც ჩანს, მისი ხანმოკლე დროით გამოყენება (რამდენიმე კვირამდე) უსაფრთხოა, მაგრამ უცნობია, რა ეფექტები აქვს ამ ნივთიერებას ხანგრძლივად მიღებისას. მრავალი სხვა მცენარეული საშუალება და საკვები დანამატია ხელმისაწვდომი, მაგალითად, მუზარადა და ვალერიანი, მაგრამ ზუსტად არ არის დადგენილი მათი მოქმედება ძილზე და გვერდითი ეფექტები.