1. დღეღამური რიტმისა და ძილის დარღვევა
  2. ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
დღეღამური რიტმისა და ძილის დარღვევა

დღეღამური რიტმის მოშლით გამოწვეული ძილის დარღვევა ვითარდება მაშინ, როცა ადამიანის შინაგანი ძილ-ღვიძილის რეჟიმი (შინაგანი საათი) არ ემთხვევა დედამიწის დღეღამურ ციკლს (სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობას).

ძილ-ღვიძილის ჩვეული რეჟიმის მოშლას იწვევს სასაათო სარტყლის ცვლილება და ღამის ცვლაში მუშაობა;

ადამიანებს უჭირთ, გაიღვიძონ ან დაიძინონ მაშინ, როცა უნდათ ან საჭიროა;

დიაგნოსტიკა ეფუძნება სიმპტომებს, ზოგჯერ ძილის დღიურიდან მიღებულ ინფორმაციასა და ძილის ლაბორატორიულ გამოკვლევას;

დაძინებისთვის სწორი ჩვევების გამომუშავება და კაშკაშა სინათლეზე ყოფნა ზოგჯერ ეფექტიანია ძილ-ღვიძილის რეჟიმის გამოსწორებისთვის.

ცირკადული სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც დღის (დიეს) გარშემო (ცირკა) ანუ დღეღამური. ცირკადული რიტმი არის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის რეგულარული ცვლილება დროის 24-საათიან შუალედში – ანუ ადამიანის შინაგანი საათი. ტვინში ამის მაკონტროლებელ უბანზე (ე.წ. ცირკადული რიტმის წამყვანი) გავლენას დღის სინათლე ახდენს. თვალში შესვლისას სინათლის სხივი ააქტიურებს უკან, ბადურაზე მოთავსებულ უჯრედებს, საიდანაც ნერვული იმპულსები რიტმის წამყვანს გადაეცემა. ეს სიგნალები ტვინს ანიშნებს, რომ დროა შეწყვიტოს მელატონინის, ძილის გამომწვევი ჰორმონის წარმოქმნა.

სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული ძილ-ღვიძილის რეჟიმი აქვს. ზოგს ურჩევნია ადრე დაიძინოს და ადრე გაიღვიძოს (მათ ტოროლებს უწოდებენ), ზოგს კი პირიქით, გვიან დაძინება და გაღვიძება უადვილდება (ე.წ. ბუები). ასეთი განსხვავებები დარღვევად არ ითვლება, თუკი ადამიანს შეუძლია:

  • დილას გაიღვიძოს მაშინ, როცა საჭიროა და ღამით დაიძინოს ისეთ დროს, რომ გამოძინება მოასწროს;

  • თუ უნდა, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოს და გაიღვიძოს;

  • გრაფიკის შეცვლისას რამდენიმე დღეში შეეგუოს ძილისა და გაღვიძების ახალ დროებს.

დღეღამური რიტმისა და ძილის დარღვევის მქონეებს ეძინებათ შეუფერებელ დროს, ვერ იძინებენ და იღვიძებენ მაშინ, როცა უნდათ ან სჭირდებათ. მათი ძილ-ღვიძილის ციკლი დარღვეულია.

მიზეზები

მიზეზები შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი. შინაგანიდან აღსანიშნავია: ტვინის დაზიანება (მაგ.: ინფექციის ანუ ენცეფალიტის, ინსულტის, თავის ტრავმის ან ალცჰაიმერის დაავადების გამო) და დღეღამური ციკლის მიმართ მგრძნობელობის მოშლა.

გარეგანი მიზეზებია:

  • სასაათო სარტყლის ცვლილება (განსაკუთრებით დასავლეთიდან აღმოსავლეთში გამგზავრება);

  • ღამის ცვლაში მუშაობა არარეგულარულად ან რეგულარულად;

  • დაძინებისა და გაღვიძების დროის ხშირი ცვლილებები;

  • ხანგრძლივად საწოლს მიჯაჭვულობა;

  • სიბრმავე ან მზის შუქის ნაკლებობა დიდი ხნის მანძილზე;

  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება.

ძილ-ღვიძილის ციკლის შებრუნება ხშირია საავადმყოფოში წოლის დროს. პაციენტების თვალები დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით მზის შუქს ვერ იღებს, რის გამოც მათ ხშირად ეღვიძებათ ღამით. დღეღამური რიტმის დარღვევის რამდენიმე სახე არსებობს:

სასაათო სარტყლის დარღვევა ვითარდება ორზე მეტი სასაათო სარტყლის სწრაფი ცვლილებისას.

ცვლაში მუშაობის დარღვევა სიმძიმით განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით იცვლება ცვლა და ამის გამო დაძინება-გაღვიძების დრო წინ გადაიწევს თუ გვიანდება. უმჯობესია ღამის ან საღამოს ერთსა და იმავე ცვლაში მუშაობა და დასვენების დღეებშიც იმავე დროს დაძინება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება დღის ხმაურმა და შუქმა გააძნელოს ეს. ამასთანავე, ადამიანები ხშირად იკლებენ ძილს ან სხვადასხვა დროს იძინებენ, რათა სხვა, სოციალურ თუ ოჯახურ საქმიანობაში ჩაერთონ.

დაგვიანებული ძილის სინდრომი მაშინ ვითარდება, როცა პიროვნება მუდმივად გვიან იძინებს და გვიან დგება (მაგალითად, იძინებს ღამის სამ საათზე და იღვიძებს ათზე ან პირველზე). ეს უფრო ხშირია მოზარდებსა და ადრეული ასაკის ზრდასრულებში. ასეთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩვეულზე ადრე დაძინებას, რომც ეცადოს.

ნაადრევი ძილის სინდრომი ვითარდება მაშინ, როცა პიროვნება მუდმივად ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს. ეს უფრო ხშირი მოხუცებშია – რომც მოინდომონ, მათ მაინც უჭირთ გვიანობამდე სიფხიზლე.

არა-24-საათიანი ძილ-ღვიძილის სინდრომი – მაშინ აქვს ადამიანს, როცა ძილ-ღვიძილის ციკლი ყოველდღე იცვლება, დაძინებისა და გაღვიძების დროები 1-2 საათით განსხვავდება წინა დღისგან. ეს სინდრომი ბევრად იშვიათია და როგორც წესი, უსინათლოებში გვხვდება.

სიმპტომები

იმის გამო, რომ ადამიანები ვერ იძინებენ, როცა საჭიროა, დღის განმავლობაში მათ შესაძლოა აწუხებდეთ ძილიანობა და გაუძნელდეთ კონცენტრაცია, ფიქრი, ჩვეული საქმიანობა, დაძინების ან გამოფხიზლებისთვის კი ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან სტიმულატორები მიიღონ არასათანადოდ. სიმპტომები უარესდება, როცა ძილის რეჟიმი მუდმივად იცვლება, მაგალითად, რამდენიმე სასაათო სარტყელზე შორს ხშირი მოგზაურობებისას ან სამსახურში ცვლის შეცვლისას. ძილი კიდევ უფრო ირღვევა, თუ ამ ცვლილებების გამო ადამიანს უწევს უფრო ადრე დაიძინოს და გაიღვიძოს (ძილ-ღვიძილის ციკლის წინ გადანაცვლება), რადგან გვიან დაძინება უფრო ადვილია, ვიდრე პირიქით. ციკლი წინ გადაინაცვლებს, როცა პიროვნება დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიემგზავრება ან დღის ცვლას ცვლის ღამის ან საღამოს ცვლაზე.

თუ მიზეზი გარეგანია, დღეღამური რიტმის სხვა დროებიც იცვლება, მაგალითად – სხეულის ტემპერატურის რეგულაციისა და ჰორმონების სეკრეციის. შესაბამისად, ძილიანობასთან ერთად პაციენტები ზოგჯერ უჩივიან დაღლილობას, გაღიზიანებულობას, გულისრევასა და დეპრესიულობასაც.

თუ დარღვევის მიზეზი გამოსწორდა, სიმპტომები რამდენიმე დღეში გაივლის რიტმის გასწორებასთან ერთად. მოხუცებში ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.

დიაგნოზი

სავარაუდო დიაგნოზი სიმპტომების საფუძველზე ისმება. ექიმი ხშირად სთხოვს პაციენტს, აწარმოოს დილის დღიური, ჩაიწეროს დაძინებისა და გაღვიძების დროები ერთი-ორი კვირის მანძილზე. იშვიათადაა საჭირო გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში.

მკურნალობა

ზოგჯერ ეფექტიანია სწორი ძილის ჩვევების გამომუშავება (იხ. ცხრილი გვ. 736).

შესაბამის დროს კაშკაშა დღის სინათლეზე ყოფნა ყველაზე კარგი საშუალება შეიძლება იყოს. ეს შინაგანი საათის "გადაწევაში" ეხმარება ორგანიზმს. მაგალითად, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ მოგზაურებმა რაღაც დრო უნდა გაატარონ მზის შუქზე, განსაკუთრებით დილით. ცვლაში მომუშავეები უნდა ეცადონ, ის დრო, როცა წესით უნდა ეღვიძოთ, კაშკაშა სინათლის ქვეშ გაატარონ (მზის ან ხელოვნურ განათებაზე), ძილით კი, რაც შეიძლება ჩაბნელებულ და წყნარ ოთახში ეძინოთ. ზოგჯერ ეფექტიანია ძილის ნიღბებისა და თეთრი ხმაურის მოწყობილობის გამოყენება. დაგვიანებული ძილის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარება კაშკაშა სინათლეზე ყოფნა დილით, ნაადრევი ძილის სინდრომის მქონეებს კი – საღამოს.

კიდევ ერთი ხერხია ძილ-ღვიძილის რეჟიმის ნელ-ნელა გადანაცვლება სასურველისკენ. მოგზაურებს შესაძლოა დაეხმაროს გრაფიკის თანდათან ისე გადაწევა, რომ იგი დანიშნულების ადგილისას დაემთხვეს, თანაც ეს გამგზავრებამდე საკმაო ხნით ადრე შეუძლიათ დაიწყონ.

თუკი სიმპტომები მაინც რჩება, ზოგჯერ ეფექტიანია ხანმოკლე მოქმედების მქონე საძილე საშუალებები და ტვინის მასტიმულირებელი მედიკამენტები (მაგ. მოდაფინილი). ისინი აუმჯობესებს ძილს და დღის განმავლობაში სიფხიზლეს უზრუნველყოფს. თუმცა, ეს მედიკამენტები არ ეხმარება ორგანიზმს, უფრო სწრაფად შეეგუოს რიტმის ცვლილებას.

მელატონინი შესაძლოა ეფექტიანი იყოს სასაათო სარტყლის ცვლილებითა და ცვლაში მუშაობით გამოწვეული პრობლემებისთვის. თუმცა, მისი დანიშვნის მიზანშეწონილობა საკამათოა. ამ ნივთიერების ხანმოკლე დროით გამოყენება (რამდენიმე კვირამდე) უსაფრთხოა, მაგრამ უცნობია, რა ეფექტები აქვს მის ხანგრძლივად მიღებას.